The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დაუდ ხან

Legal name:უნდილაძე
Date of birth:15??
Date of death:16??
Category:Politician, Military Person

Biography

უნდილაძეთა გვარის კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენელი, ირანის სარდლის ალავერდი ხანის უმცროსი ვაჟი დაუდ-ხანი XVI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში დაიბადა. მამისა და უფროსი ძმის, იმამყული ხანის მსგავსად ისიც სეფიანთა ირანის გამორჩეული სამხედრო და სამეურნეო მოღვაწე იყო.

დაუდ-ხანის ხელმძღვანელობით ფარსის ჯარმა 1614 წელს დაიპყრო გამბრუნი, სადაც შემდგომში ცნობილი ნავსადგური ბენდერ-აბასი დაარსდა; 1618 წელს არდებილთან შეაკავა ოსმალები და შემდეგ უკუაქცია ისინი; 1625-1633 წლებში იყო განჯისა და ყარაბაღის ბეგლარბეგი.

გარდა იმისა, რომ დაუდ-ხანი ნიჭიერი მხედართმთავარი იყო, მას სააღმშენებლო საქმიანობაშიც მიუძღოდა წვლილი: ააგო ბაზრები, ქარვასლები და სხვ.; ცნობილ ფრანგ მოგზაურს, ჟან შარდენს აღწერილი აქვს დაუდ-ხანის ბაზარი და ქარვასლა, რომელიც 200 ოთახისგან შედგებოდა. ეს ქარვასლა ინდოელი ვაჭრებისთვის იყო განკუთვნილი.

სოფელ ამნაბადში, ცნობილ საქარავნო გზაზე მდებარეობდა მის მიერ ოჯახისთვის აშენებული ციხე-სიმაგრე. უნდა აღინიშნოს, რომ ამნაბადის მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, რაც გარკვეულწილად ხელს უწყობდა უნდილაძეთა სახლის გავლენის გაძლიერებას.

დაუდ-ხანი მფარველობდა კათოლიკე მისიონერებს. თავიანთ ქრონიკებში კარმელიტ მისიონერებს აღწერილი აქვთ დაუდ-ხანის სასახლის კედლის მხატვრობა და შესანიშნავი ბაღი. 

დაუდ-ხანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თეიმურაზ I-თან და გიორგი სააკაძესთან. მას ცოლად ჰყავდა თეიმურაზ I-ის და ელენე. დაუდ-ხანი მხარს უჭერდა თეიმურაზისა და სააკაძის კახეთის დამპყრობლებისგან გათავისუფლების ერთობლივ გეგმას. მოსალოდნელი აჯანყების თავიდან ასაცილებლად შაჰ-აბას I-მა 1625 წლის ადრიან გაზაფხულზე დიდი არმია გამოგზავნა საქართველოში. დაუდ-ხანი, ავადმყოფობის საბაბით, ლაშქრობაში არ მონაწილეობდა.

1625 წლის 25 მარტს სოფელ მარტყოფთან გამართული ბრძოლა აჯანყებულთა გამარჯვებით დამთავრდა. მტრის ბანაკიდან, რომელშიც 30 ათასამდე ყიზილბაში იყო, მხოლოდ 3 ათასმა უშველა თავს გაქცევით. ბრძოლას გიორგი სააკაძე მეთაურობდა. თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს. იგი გიორგი სააკაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას.

მარტყოფის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ შაჰ-აბასმა ახალი დიდი ჯარი გაგზავნა საქართველოში და 1925 წლის 1 ივლისს ქართველები დაამარცხა მარაბდის ბრძოლაში. დამარცხების მიუხედავად სააკაძე მთელი ზაფხულის განმავლობაში განაგრძობდა პარტიზანულ ბრძოლებს. ერთ-ერთ ბრძოლაში ქსნის ხეობაში სააკაძემ და მისმა მომხრეებმა ირანელთა 12 ათასიანი ლაშქარი გაანადგურეს.

ქართლ-კახეთის 1625 წლის აჯანყების დროს სპარსელებმა საქართველოში სულ დაახლოებით 60 ათასამდე მოლაშქრე დაკარგეს, რაც მთელი სპარსეთის სამხედრო ძალების ნახევარს შეადგენდა. შაჰ-აბას I ფაქტობრივად დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი აეღო თავისი მიზნების განხორციელებაზე. მან მოლაპარაკება გამართა თეიმურაზ I-თან და იგი, ფაქტობრივად, ქართლ-კახეთის მეფედ ცნო.

დაუდ-ხანი, როგორც შაჰის მოციქული, მონაწილეობდა თბილისის მახლობლად თეიმურაზ I-თან გამართულ მოლაპარაკებაში; მისი მცდელობით შემუშავდა საქართველოს მიმართ შაჰ–აბას I-ის კომპრომისული პოლიტიკა;

1629 წელს, შაჰ-აბასის გარდაცვალების შემდეგ ირანში გამეფდა შაჰ-სეფი. ამ პერიოდიდან იწყება უნდილაძეთა ძლიერებისა და გავლენის შესუსტება ირანის სამეფო კარზე. შაჰ-სეფი I-ის ტახტზე ასვლა უზრუნველყო ქართველმა ბატონიშვილმა ხოსრო-მირზამ (შემდგომ ქართლის მეფე როსტომი).

დავით XI-ის (დაუთ-ხანი, სამედიცინო წიგნის „იადიგარ დაუდის“ ავტორი) უკანონო შვილი ხოსრო-მირზა (ქაიხოსრო ბატონიშვილი) ირანში აღიზარდა. ის ყველაზე ახლოს იყო ახალგაზრდა შაჰთან, რომლის მეშვეობითაც ცდილობდა კახეთის სამეფო ტახტის დაუფლებას.

ხოსრო-მირზამ იცოდა, რომ უნდილაძეთა სიმპატიები თეიმურაზ I-ის მხარეს იყო, ამიტომ მათ წინააღმდეგ ფარული ბრძოლა დაიწყო. თავდაპირველად დაუპირისპირდა იმ დროს განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგ დაუდ-ხანს და 1629 წელს მოახერხა მისი ჩამოქვეითება. 1630 წლის დასასრულსა და 1631 წლის დასაწყისში შაჰმა დაუდ-ხანი მეჯლისიდანაც გააძევა. 

შეურაცხყოფილმა დაუდ-ხანმა უნებართვოთ დატოვა სამხრეთ ირანი და ყარაბახში წავიდა, შემდეგ კი საქართველოში გადავიდა. შაჰმა მის საქციელს „წაუყრუა“ და დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა: დაუდ-ხანს თბილისის ციხის უფროსობა ჩააბარა, რითაც ჩამოაშორა სამეფო კარს.

თეიმურაზ I-სა და დაუდ-ხანს საერთო ინტერესები ამოძრავებდათ - შაჰ-სეფისა და ხოსრო-მირზას პოლიტიკა ქართლში თეიმურაზის მეფობას ემუქრებოდა, ფარსსა და განჯა-ყარაბაღში კი უნდილაძეთა მმართველობას. ამიერიდან თეიმურაზი და დაუდ-ხანი შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

დაუდ-ხანი 1633 წელს აქტიურად მონაწილეობდა თეიმურაზ I-ის მეთაურობით სეფიანთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში. მან ყაჯართა ერთი ჯგუფი წაიყვანა საქართველოში, შემდეგ აჯანყებულებმა ყაჯართა თავკაცები დახოცეს და განჯა-ყარაბაღი დაარბიეს. სეფი I-მა თეიმურაზს მოსთხოვა დაუდ-ხანის გაცემა, სანაცვლოდ პატიებასა და წყალობას შეჰპირდა, მაგრამ თეიმურაზმა უარი შეუთვალა.

შაჰი სასტიკად გაუსწორდა ირანში მძევლად დატოვებულ ხანის ერთ-ერთ ცოლსა და ვაჟს –ცოლი საროსკიპოში მოათავსა, შვილი კი მეჯინიბეებს გადასცა.

დაუდ-ხანი გორიდან  ოსმალეთში წავიდა და კონსტანტინოპოლში ჰპოვა თავშესაფარი. სავარაუდოდ, იქვე გარდაიცვალა XVII საუკუნის I ნახევარში.

სეფი I-ის ბრძანებით 1633 წელს, ღალატის ბრალდებით, სიკვდილით დასაჯეს დაუდ-ხანის ძმა, იმამყული-ხანი და მისი სამი ვაჟი.

წყარო:

1. qim.ge › daud xan undiladze

2. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.335

3. უნდილაძე დაუდ-ხანი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.176-177

4. კაციტაძე, დავით. ქართველები XVII საუკუნის ირანში : [შაჰ-აბას I-ისა და შაჰ სეფი I-ის დროს მოღვაწე უნდილაძეთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლები (ალავერდი-ხანი, იმამყული-ხანი, დაუდ-ხანი, სეფი-ყული ხანი ...] / დავით კაციტაძე // აღმოსავლეთი და კავკასია. - თბილისი, 2005. - N3. - გვ.118 - 139

4. ჟორდანია, გივი. თეიმურაზ მეფე და ძმანი უნდილაძენი : / გივი ჟორდანია // ისტორიული მემკვიდრეობა : სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. - თბილისი, 2011. - N3(16). - გვ.12-15.



 


Share: