The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ნოდარ ცინცაძე

ნოდარ ცინცაძე
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1930
გარდაცვ. თარიღი:22 ივნისი, 2020  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

საქართველოში პლაზმის ფიზიკის საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო სკოლის დამაარსებელი, აკადემიკოსი ნოდარ ლევანის ძე ცინცაძე დაიბადა 1930 წლის 22 თებერვალს, თბილისში. აქვე დაამთავრა მე-19 საშუალო სკოლა ოქროს მედლით. სკოლის პერიოდში ქიმიკოსობაზე ოცნებობდა, მაგრამ გამოცდების დაწყებამდე გაიგო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურული ფიზიკატექნიკის ფაკულტეტი შეიქმნა და რამდენიმე კლასელთან ერთად იქ ჩააბარა (1950-1955 წწ.). მეოთხე კურსამდე ექსპერიმენტატორობას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ თეორიული ფიზიკა აირჩია.

უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ნოდარ ცინცაძე ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტის ასპირანტურაში აკადემიკოს ილია ახიეზერის ჯგუფში. დისერტაცია ასპირანტურის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე, 1958 წელს დაიცვა. საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო  - "Сильноточные электронные пучки".

დისერტაციის დაცვის შემდეგ მუშაობა დაიწყო ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, მაგრამ იმავე 1958 წელს, აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, დაბრუნდა საქართველოში და მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფს. 1958–1960 წწ. ის ამ ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელიიყო, 1960–2006 წწ. - პლაზმური ფიზიკის განყოფილების უფროსი. 1964 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "Нелинейные взаимодействия в неравномерной плазме".

1960 წლიდან ნოდარ ცინცაძე, პარალელურად, მოღვაწეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: 1960–1967 წწ. -  ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი;  1968-1994 წწ. -  პროფესორი; 1965–1993 და 1994-2006 წწ.- თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე; 2010 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 2006-2010 წწ. ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2012 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლაზმის ფიზიკის მიმართულების სრული პროფესორი.

1988 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი, 2001 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ნოდარ ცინცაძე წლების განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს სხადასხვა ქვეყანაში როგორც მიწვეული პროფესორი. იგი ლექციებს კითხულობდა ამერიკის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში - კოლუმბიის, კორნელისა და ბერკლის უნივერსიტეტებში, აგრეთვე, პრისტონში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ბოსტონში და კიდევ ბევრგან. ხშირად იწვევდნენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. 1974-2002 წწ. მოღვაწეობდა პორტუგალიასა და შვედეთში, გეტერბორგისა და უმეოს უნივერსიტეტებში. ლექციები და სამეცნიერო კვლევები ჰქონდა იაპონიაშიც. არის ხიროსიმის (იაპონია) სინთეზის თეორიის ინსტიტუტის საპატიო წევრი.

მეცნიერი რვა წლის მანძილზე (1987-1993) იყო აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ICTP) დირექტორი (ქ. ტრიესტი, იტალია). სწორედ იქ ჩააკითხა ირანის მინისტრმა და მიიპატიჟა თავის სამშობლოში პლაზმის ფიზიკის სკოლის შესაქმნელად.

თეირანის მათემატიკისა და ფიზიკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობის სამწლიან პერიოდში ბატონმა ნოდარმა  შვიდი მეცნიერი აღზარდა. მანამდე ირანში საერთოდ არ იყო პლაზმის მეცნიერება. იგივე მდგომარეობა იყო პაკისტანშიც. მიუხედავად იმისა, რომ ნობელიანტი ფიზიკოსი მოჰამედ აბდუს სალამი წარმოშობით პაკისტანიდან იყო და უმაღლესი განათლებაც იქ მიიღო, ბედმა ისე ინება, რომ მის სამშობლოში პლაზმური ფიზიკის სკოლის ფუძემდემდებლად ქართველი მეცნიერი მოგვევლინა. 2004-2011 წლებში ნოდარ ცინცაძე მოღვაწეობდა აბდუს სალამის კათედრაზე ლაჰორის უნივერსიტეტში (პაკისტანი), სადაც მისი ხელმძღვანელობით ექვსი მეცნიერი აღიზარდა. 

ნოდარ ცინცაძის მიერ პირველად იყო შემუშვებული სრულიად ახალი იდეა რელატივისტური პლაზმის ფიზიკაში, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა ძლიერი ლაზერების გამოყენებას, მას ეკუთვნის ახალი ამაჩქარებლის შექმნის იდეაც, მის მიერ შექმნილი ახალი კვანტური კინეტიკური განტოლება კი, ინტენსიურად გამოიყენება  ჩვენში და საზღვარგარეთ კვანტური პლაზმის ფიზიკური მოვლენების შესწავლისას. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: მაკროსკოპიული სისტემების კინეტიკური თეორია, პლაზმაში არაწრფივი მოვლენების თეორია, ძლიერი ლაზერული გამოსახულების მოქმედება გარემოზე, კვანტური ფერმი და ბოზეს გაზის თვისებების დადგენა. 

ქართველი ფიზიკოსის მიერ აღზრდილი მრავალი მკვლევარი და  მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი წარმატებით მოღვაწეობს ჩვენი ქვეყნისა თუ უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

ნოდარ ცინცაძეს გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 7 მონოგრაფია. მისი წარმატებული სამეცნიერო კარიერა შესაბამისად დაფასდა. მას  მიღებული აქვს: საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება; ივანე ჯავახიშვილის მედალი; ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია; „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი“(2015) და ორჯერ „ღირსების ორდენი“.

მეცნიერი არის  მრავალი საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; მსოფლიოს პლაზმის ფიზიკის საბჭოს წევრი; ასევე გახლავთ: პლაზმის ფიზიკის თბილისის საერთაშორისო სკოლის დამაარსებელი და უცვლელი დირექტორი 1972 წლიდან.

ღვაწლმოსილი ფიზიკოსი გარდაიცვალა თბილისში, 2020 წლის 22 ივნისს, 90 წლის ასაკში. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „მოშინაურებული მზე“, რომლის ავტორია ნინო კაკულია (2018).

1967 წელს რუსეთის აკადემიის პრეზიდენტის კელდიშის წინასიტყვაობით გამოცემულ წიგნში(ოთხტომეული) დასახელებულია იმ ქართველ მეცნიერთა გვარები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის მეცნიერება განავითარეს. ამ ნაშრომში საქართველოდან სამი ფიზიკოსია მოხსენიებული - ელეფთერ ანდრონიკაშვილი, გოგი ჩიქოვანი და ნოდარ ცინცაძე.

წყარო:

1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდი: science.org.ge
2. ka.wikipedia.org › wiki › ნოდარ_ცინცაძე

3. https://www.primetime.ge/news/1582300803-exclu0-წელი სეუსრულდა

4. ცინცაძე, ნოდარ. "ჩემი დებულება: - პროფესორი არის სტუდენტის მსახური" : ინტერვიუ / ნ.ცინცაძე ; ჩაიწერა მ.ტორაძემ // თბილისის უნივერსიტეტი. - , 2012. - 15 ოქტომბერი. - N11. - გვ.5,13.

5. www.tsu.ge › science › auid=ცინცაძე


გააზიარე: