The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


დიმიტრი ნამგალაძე

დიმიტრი ნამგალაძე
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1904
გარდაცვ. თარიღი:3 ივლისი, 1957  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კომუნართა სასაფლაო, სევასტოპოლი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დიმიტრი ბაგრატის ძე ნამგალაძე დაიბადა სოფელ აბანოეთში (ამბროლაურის რაიონი). დაწყებითი განათლება ამბროლაურის სკოლაში მიიღო, შემდეგ ქუთაისში ტექნიკუმი დაამთავრა (1920-1922 წწ.) და სწავლა თბილისში განაგრძო. 1924 წელს წარჩინებით დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა  და მაშინვე დაინიშნა მესამე მსროლელ პოლკში ოცეულის მეთაურად. ორ წელიწადში იმავე პოლკში ასეულის მეთაურის თანამდებობაზე დააწინაურეს, 1929 წელს კი პოლკის უმცროს მეთაურთა სკოლის უფროსის პოსტი დაიკავა.

1932-1936 წლებში დ. ნამგალაძე სწავლობდა ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიაში, საზღვაო განხრით, რომელიც 1936 წელს პირველი ხარისხის დიპლომითა და მაიორის წოდებით დაამთავრა. იმავე წელს დაინიშნა სევასტოპოლის შავი ზღვის ფლოტის შტაბში დაზვერვის უფროსის მოადგილედ, ორი წლის შემდეგ კი ის ამ სამსახურის უფროსი გახდა.

1940 წელს დ. ნამგალაძეს პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941-1945 წ.წ. დ. ნამგალაძე მონაწილეობდა ოდესისა და სევასტოპოლის დაცვაში, ქერჩ-ფეოდოსიის სადესანტო ოპერაციაში (1941), მისხაკოს რაიონში - "მცირე მიწაზე"- პირველი სადესანტო რაზმების გადასხმაში (1943).

1943 წ. მაისში მიენიჭა პოლკოვნიკის, ხოლო, 1949 წელს გენერალ-მაიორის წოდება.

1956 წელს ავადმყოფობის გამო თადარიგში გავიდა.

სამხედრო კარიერის მანძილზე მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, ლენინის ორდენი, წითელი დროშის სამი, სამამულო ომის პირველი ხარისხის, ნახიმოვის მეორე ხარისხის ორდენები და ხუთი მედალი, აგრეთვე, საზღვარგარეთის ქვეყნების რამდენიმე ორდენი.

დ. ნამგალაძე გარდაიცვალა 1957 წლის 3 ივლისს, სევასტოპოლში. დაკრძალულია იქვე, კომუნართა სასაფლაოზე.

წყარო:

1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.307

2. ყურაშვილი, გიორგი. დიმიტრი გიორგის ძე ნამგალაძე : გენერალ-მაიორი // სამშობლოს ერთგული შვილები / გიორგი ყურაშვილი. - თბილისი, 1965. - გვ. 200-204

3. https://35batery.ru/index.php/ru/search-defenders/ourmemory/250-2016-05-24-07-02-00.html 

 


გააზიარე: