The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სიაუშ ბეგ გურჯი

დაბადების თარიღი:1550
გარდაცვ. თარიღი:1616  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

XVI საუკუნის მეორე ნახევარსა და XVII საუკუნის დასაწყისში სეფიანთა ირანში მოღვაწე მხატვრებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა ქართული წარმოშობის ირანელი მხატვარი-მინიატურისტი სიაუშ (სიავუშ) ბეგ გურჯი. ქართველი ხელოვანის ნამუშევრები დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და გამორჩეულ სპარსულ მინიატურებადაა მიჩნეული.

ბიოგრაფიული ფაქტები სიაუშის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ძალიან მწირია. ძირითად ცნობებს მისი სპარსეთში მოხვედრისა და შემდგომი ბედის შესახებ გვაწვდის  მე-17 საუკუნის ირანელი ისტორიკოსის - ისქანდენ მუნშის თხზულება - "ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია აბასისა". აღნიშნული წყაროს მიხედვით, სიაუში, სავარაუდოდ, ბავშვობაში გაიტაცეს და მე-16 საუკუნის 50-იან წლებში შაჰ-თამაზის კარზე მოხვდა. შაჰმა შენიშნა მისი განსაკუთრებული ნიჭი და სამეფო კარის სამხატვრო სახელოსნოში მიაბარა. სწორედ აქედან იწყება სიაუშის, როგორც მხატვრის, წარმატება. მალე ის საქვეყნოდ ცნობილ ოსტატად იქცა.

ისქანდერ მუნში და XVI საუკუნის ოსმალო პოეტი და ისტორიკოსი მუსტაფა დევთესი (ალი ეფენდი) და ყაზი აჰმედი, უაღრესად მაღალ შეფასებას აძლევენ სიაუშ ბეგ გურჯის შემოქმედებას. მისი აღიარების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ ,,გურჯი” სიაუში მოხვდა იმ ხუთ საუკეთესო ირანელ მხატვარს შორის, ვისაც მიანდეს  სპარსული ეპოსის ,,შაჰნამეს” ხელნაწერის მინიატურებით გაფორმება. ხელნაწერი 1576-1577 წლებში გადააწერინა ისმაილ მეორემ. მინიატურებზე სიაუშთან ერთად სამეფო სამხატვრო სახელოსნოს ოთხი მხატვარი მუშაობდა: სადიქ ბეი, ნაქდი, მურად დაილამი და მიჰრაბი. ,,შაჰნამეს”ისმაილისეული ხელნაწერისთვის სიაუშმა სულ 22 მინიატურა შექმნა.

ისკანდერ მუნშის მიხედვით, სიავუში, თავის ძმასთან ერთად წარმატებით აგრძელებდა მოღვაწეობას მომდევნო შაჰების კარზეც. შაჰ აბას I-ის მეფობის პერიოდში ის იყო უკვე არა იმდენად მხატვარი, რამდენადაც სახელმწიფო მოხელე.

სიაუშის ქართული სახელი უცნობია. იგი გარდაცვლილა 1610-1616 წლებს შორის.

უცნობია მისი დაკრძალვის ადგილიც.

ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი სპარსული მინიატურები დღეს მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და კერძო კოლექციებს ამშვენებს - საფრანგეთი, აშშ, რუსეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, ეგვიპტე და სხვ. მათი უმეტესი ნაწილი კი ირანშია თავმოყრილი.

საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება სიაუშის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევრის  -,,შაჰის შევარდენის" ასლი. არშიაზე სპარსული წარწერაა — „სიაუშის ხელობა“. ორიგინალი დაცულია სანკტ-პეტერბურგის მ. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში.

წყარო:

1. ნონეშვილი ალ. ქართული კულტურა უცხოეთში : 100 მოღვაწე და ძეგლი. - თბ., 2017. -გვ. 66.

2. სიაუში (სიაუშ ბეგ გურჯი) // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.262-263.

3. https://batumelebi.netgazeti.ge/news/251562/ 




გააზიარე: