The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალი ყული ბეგ

ოფიციალური სახელი:ჯაბადარი
დაბადების თარიღი:1640
გარდაცვ. თარიღი:1720  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ალი-ყული ბეგი (ჯაბადარი) - XVII საუკუნის ქართული წარმოშობის ირანელი მხატვარი, მინიატურისტი მოღვაწეობდა სეფიანთა ეპოქის ირანში.

ისტორიული წყაროების მიხედვით ალი ყული დაბადებულა ისპაჰანში, უმსახურია შაჰების – აბას II-ის (1642 – 1666), სულეიმან I-ისა (1666 – 1694) და სულთან ჰუსეინის (1694-1722) კარზე, „ნაკაშ–ბაშის“ – სამეფო კარის მთავარი მხატვრის რანგში. მისი შვილი აბდალ ბეგი და შვილიშვილიც, მუჰამად ალი ბეგიც მთავარი მხატვრები ყოფილან.

ალი ყული ჯაბადარი დოკუმენტებში იხსენიება ფსევდონიმით „ალი–ფარანგი“. სპარსული „ფარანგი“ ნიშნავს „დასავლელს“, „ევროპელს“, ხოლო მხატვრებისთვის ეს დახასიათება ნიშნავდა ხელოვნებაში ევროპული სტილის მიმდევარს. იგი მართლაც რადიკალურად ნერგავდა სპარსულ ფერწერაში ევროპულ მხატვრულ ხერხებს, სტილისტიკასა და სიუჟეტებს.

სპარსული მინიატურის ისტორიაში ჯაბადარი ითვლება ახალი მიმართულების ფუძემდებლად. მის ნახატებში მრავალფიგურიანი კომპოზიციები შესრულებულია გვიანდელი სპარსული მინიატიურის ტრადიციებში, თუმცა დასავლეთევროპული ხელოვნების ცალკეული მოტივებიც შეიმჩნევა. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, ალი ყული ბეგის მინიატურები იმ დროის აღმოსავლურ და ევროპულ მინიატურებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.

ირანის კარზე მოღვაწე მეორე ქართული წარმოშობის მხატვრის, სიაუშ ბეგ გურჯისგან განსხვავებით, რომელიც სპარსული მინიატურის ტრადიციული სკოლის ოსტატად ითვლება, ჯაბადარის შემოქმედებაში ჰარმონიულადაა შერწყმული აღმოსავლური და დასავლური სამხატვრო ტრადიციები, თემები და მეთოდები.

ალი ყული ბეგის ყველა ნამუშევარი, რომელსაც აქვს ავტორის ხელმოწერა, ქაღალდზე შესრულებული მინიატურაა. ისინი მოიცავენ პერიოდს 1660-1717 წლებს შორის. მათი თემატიკა სხვადასხვაგვარია:მეფის კარის ცხოვრება, სამეფო სამოსში შემოსილი შაჰები, მუსიკოსები, მოცეკვავეები, ნადირობის სცენები. სულ შემორჩენილია მის მიერ შესრულებული 8 მინიატიურა. ერთ-ერთ სურათზე  - „ორი ბანოვანი და მსახური“ (ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი), აღნიშნულია შესრულების ადგილი - ყაზვინი და თარიღი 1674.

ალი ყული ბეგ ჯაბადარის შემოქმედებითი მემკვიდრეობა დაცულია სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში - პარიზის გიმის მუზეუმში, სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟში და სხვ.

წყარო:

1. ნონეშვილი ალ. ქართული კულტურა უცხოეთში : 100 მოღვაწე და ძეგლი. - თბ., 2017. -გვ. 65. 

2. ჯაბადარი, ალი ყული ბეგი // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.318-319.

3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11 - თბ., 1987. -გვ.522

 


გააზიარე: