The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


დავით ნოზაძე

დავით ნოზაძე
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ქართველი ფიზიკოსი და ინჟინერი დავით ნოზაძე, ამჟამად ამერიკაში, Cisco-ში მუშაობს. Cisco კალიფორნიის შტატში, სილიკონ ველზე მდებარეობს. ეს არის ტექნოლოგიების კონგლომერატი, რომელიც აწარმოებს და ავითარებს ქსელურ ტექნიკას, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს და სხვა მაღალტექნოლოგიურ პროდუქტსა თუ მომსახურებას. Cisco-ში დავითის წარმატებული სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგია ცოტა ხნის წინ დაპატენტებული ორი გამოგონება - პირველში ახალგაზრდა მეცნიერმა შეიმუშავა დიელექტრიკული მუდმივას გაზომვის მეთოდი, მისი მეორე ნაშრომი კი საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს ინფორმაციის გადაცემის ხარისხი როუტრებსა და სვიჩებში.

დავით ნოზაძე  ქუთაისში გაიზარდა, მათემატიკოსი დედისა და ინჟინერი მამის ოჯახში. იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ტექნოლოგიებით, აინტერესებდა მათი მუშაობის პრინციპი და 12 წლის ასაკში უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მომავალშიც ამ მიმართულებით გააგრძელებდა მუშაობას. მას დამთავრებული აქვს ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის გიმნაზია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (2003-2007). უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, იტალიაში, თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში ჩააბარა მაგისტრატურაზე (2009-2010). მისი მომდევნო ნაბიჯი კი დოქტორანტურაზე ჩაბარება იყო, ამჯერად აშშ-ში, მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, თეორიული ფიზიკის ფაკულტეტზე (2010-1013). დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო ოჰაიოს უნივერსიტეტში, პოსტ-დოქტორად (2013-2015).

ოჰაიოს უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში დავითმა გადაწყვიტა ისეთ დარგში ეცადა თავი, რომელიც საშუალებას მისცემდა მათემატიკისა და თეორიული ფიზიკის საფუძვლიანი ცოდნა პრაქტიკაშიც გამოეყენებინა. „მინდოდა ჩემი სამეცნიერო კვლევებით სამომავლო ტექნოლოგიურ პროგრესში შემეტანა წვლილი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ გამევლო მაგისტრატურა მისურის უნივერსიტეტში, ამჯერად ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით“, ამბობს მეცნიერი.  

სამაგისტრო ნაშრომზე EMC ლაბორატორიაში მუშაობისას, რომლის პროექტებსაც უშუალო კავშირი აქვს სილიკონ ველზე მოღვაწე წამყვან კომპანიებთან, დავითის შესაძლებლობებით დაინტერესდა მისი ახლანდელი მენეჯერი, რომელმაც შესთავაზა Cisco-ში სტაჟირების გავლა. ეს მოხდა 2016 წელს. ინოვაციების განვითარების გუნდთან ერთად მუშაობა წარმატებული გამოდგა და ამჟამად დავით ნოზაძე Cisco-ს სიგნალის მთლიანობის უფროსი ინჟინერია.

ქართველი მეცნიერის გამოგონებებს უკვე აქტიურად იყენებენ Cisco-სა და სილიკონ ველზე. „ჩემი სამუშაო ემსახურება ხარისხიანი და სწრაფი ქსელური და ინტერნეტკავშირების დამყარებას. ეს პატენტები და სხვა ჩემი სამეცნიერო კვლევები, რომლებსაც ჩემს კოლეგებთან ერთად ვუძღვები, Cisco-ს სწრაფი და მაღალი ხარისხის ქსელური პროდუქტების შექმნაში ეხმარება“, - აღნიშნავს დავითი.

გარდა სამეცნიერო კვლევებისა დავით ნოზაძე აქტიურადაა ჩართული პედაგოგიურ საქმიანობაშიც -  მენტორობას უწევს ახლად აყვანილ თანამშრომლებსა და ინტერნებს, ეხმარება ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ცდილობენ მუშაობის დაწყებას სილიკონ ველiზე.

დავითი დაოჯახებულია. მან 2015 წელს იქორწინა ელეონორა ჩალაძეზე, რომელთანაც ვაჟი შეეძინა.

https://on.ge/story/66464- ინტერვიუ დავით ნოზაძესთან


გააზიარე: