The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


თათია ჩიქოვანი

თათია ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:199?
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

თათია ჩიქოვანი ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი პიანისტია, რომელიც საკუთარ თავს ასე ახასიათებს – „ვინ ვარ მე? – მე ვარ მუნჯი ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზე მუსიკით საუბრობს, ეს არის ცოტა ჯადოქრობა, ცოტა სასწაული და ცოტაც საიდუმლო“.

პიანისტი სოხუმში დაიბადა. მისი მშობლები, ნუგზარ ჩიქოვანი და მარინა სოლომონია, მსახიობები არიან. დედა სოხუმელია, ნუგზარ ჩიქოვანი კი სოხუმში ომის პერიოდში აღმოჩნდა და იქ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიჰყავდა საინფორმაცია გამოშვება ქართულ ენაზე. ომის შემდეგ ოჯახი თბილისში გადმოვიდა.

თათია ძალიან პატარა იყო როცა მუსიკისადმი ინტერესი გამოამჟღავნა. მისი მუსიკალური მონაცემების შემოწმების შემდეგ მშობლებმა ექვსი წლის ასაკში შეიყვანეს არჩილ ჩიმაკაძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლაში. პირველი სამი წელი პედაგოგ ინა ცომაიას მოსწავლე იყო. ამ პერიოდს უკავშირდება პატარა პიანისტის პირველი კონცერტიც, რასაც წინ უძღოდა სასკოლო კონკურსზე გამარჯვება. გამარჯვებულს ჯილდოდ ერგო სოლო კონცერტის გამართვა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. თათიამ  ბერკოვიჩის მესამე კონცერტი შეასრულა. ორკესტრს რევაზ ტაკიძე დირიჟორობდა. მიუხედავად მცირე ასაკისა გოგონას ეს დღე სამუდამოდ დაამახსოვრდა.

მუსიკა სულ უფრო მეტ ადგილს იკავებდა ნორჩი პიანისტის ცხოვრებაში. 2011 წელს თათიამ სამუსიკო გიმნაზია (ათწლედი) დაამთავრა და იმავე წელა ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც პროფესორ ლალი სანიკიძის სტუდენტი იყო.

თათია ჩიქოვანი თვლის, რომ მის პროფესიულ განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის რუსუდან ბეგიშვილს, რომელთანაც დაახლოებით 9 წელი მეცადინეობდა მუსიკალურ ათწლედში. მასთან სწავლის პერიოდში თათია თითქმის ყოველ წელს უკრავდა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი შემოქმედებითი ზრდისთვის.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში თათიამ მხოლოდ წელიწადნახევარი ისწავლა, შემდეგ კი სწავლის გაგრძელება ნორვეგიაში გადაწყვიტა. 2014 წელს ჩააბარა  მუსიკალურ აკადემიაში (Norges musikkhagskole), 2017 წელს ბაკალავრიატი დაამთავრა, 2019-ში კი - მაგისტრატურა (Master of music perfomance in classical piano). პირველივე კურსიდან ჰქონდა გასვლითი ფესტივალები ნორვეგიის სხვადასხვა ქალაქებში. ამ ხნის მანძილზე მრავალი კონცერტი ჩაატარა და დიდი გამოცდილებაც მიიღო.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - „როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი პიანისტისთვის?“, - თათია პასუხობს: „ – ძალიან დიდი შრომისმოყვარეობა, მოთმინების უნარი, თვითკრიტიკულობა, დროის სწორად გადანაწილება, პოზიტივი და ზოგჯერ ემოციური კონფლიქტიც. აუცილებელია ზოგადი განათლებაც, რადგან, რაც უფრო ბევრი რამ გესმის და რაც უფრო უღრმავდები სულიერს თუ უსულოს, მით უფრო მეტ „ფერს“ პოულობ მუსიკაში. ბუნებრივია, პიანისტს ძალიან უნდა უყვარდეს თავისი საქმე და ჰქონდეს მუდმივად თვითგანვითარების სურვილი“.

2019 წლის დეკემბერში თათია ჩიქოვანმა ოსლოში გამართა კონცერტი სახელწოდებით - “I am from Nor-Ge” . შესრულდა ქართველ და ნორვეგიელ ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. კონცერტის  ქართული ნაწილი კი გია ყანჩელის, ლეგენდარული ქართველი მაესტროს ხსოვნას მიეძღვნება.

2015 წელს თათია გათხოვდა ნორვეგიელ ახალგაზრდაზე. ქრისტიან ავესტადი პოფესიით ფიზიკა-მატემატიკოსია. ცხოვრობენ ოსლოში, თუმცა თბილისში ხშირად ჩამოდიან: „– რაც არ უნდა კარგი პირობები მქონდეს სხვაგან, მაინც ჩემი ქვეყანა მირჩევნია. სხვა გრძნობაა, სხვა გარემოა, სხვა ხალისით აკეთებ, მაინც შენია ყველაფერი, თუნდაც ბევრი რამ არ მოგწონდეს“, - გვიმხელს თათია.

 წყარო:

1. http://kartuli.kvira.ge/2019/11/09/ახლა-მხოლოდ-ის-ვიცი-რომ-/ 

2. https://sputnik-georgia.com/radio/20150716/228085080.html

 


გააზიარე: