The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ოთარ ჯანგიშერაშვილი

ოთარ ჯანგიშერაშვილი
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1943
გარდაცვ. თარიღი:6 მარტი, 2018  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

ოთარ (მირიან) ივანეს ძე ჯანგიშერაშვილი დაიბადა გორში, 1943 წლის 29 ივლისს. 1960 წელს, გორის საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე,  ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, მიხეილ თუმანიშვილის კლასში. მესამე კურსიდან გაიწვიეს სამხედრო სამსახურში (1963-1966). ჯარში ყოფნის პერიოდში შექმნა „ჯარისკაცთა სატირული თეატრი“ და სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადაიღო (ერთ-ერთში ვერცხლის მედალიც დაიმსახურა).

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ოთარ ჯანგიშერაშვილმა სწავლა განაგრძო კიევის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში დიმიტრი ალექსიძესთან. მისი ცხოვრების ამ პერიოდზე მას გამოცემული აქვს წიგნი - „ კურსი მიჰყავს დიმიტრი ალექსიძეს“.  სადიპლომო სპექტაკლი - ჯონ ფლეტჩერის კომედია „ჭირვეული ქმრის მორჯულება“, 1971 წელს, თბილისის მარჯანიშვილის თეატრში დადგა (დადგმის ხელმძღვანელი – დოდო ალექსიძე). შემდეგი ორი წელი მოღვაწეობდა მოსკოვის პუშკინის სახელობის თეატრსა და ულიანოვსკში (1972-1973).

1975 წელს, „გიტისის“ უმაღლესი სარეჟისორო კურსების დამთავრების შემდეგ ოთარ ჯანგიშერაშვილი რეჟისორ-სტაჟიორად დაინიშნა მოსკოვის მცირე თეატრში; 1975 წელს მუშაობდა ოდესის ოპერეტის თეატრში; 1977-1978 წლებში კარელიის ასსრ დედაქალაქ პეტროზავოდსკის რუსული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი იყო; 1985-1988 წლებში - ნიჟნი-ნოვგოროდის გორკის სახელობის დრამატული აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

1988 წელს ბატონმა ოთარმა ვოლგოგრადში ჩამოაყალიბა სახელმწიფო ახალი ექსპერიმენტული თეატრი (НЭТ), რომლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ სიცოცხლის ბოლომდე.

1993 წელს ოთარ ჯანგიშერაშვილს მიენიჭა რუსეთის სახალხო არტისტის წოდება; 1997 წლიდან დაინიშნა პროფესორის თანამდებობაზე ვოლგოგრადის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ოსტატობისა და რეჟისურის კათედრაზე; 2005 წლიდან ის იყო რუსეთის ფედერაციის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ვოლგოგრადის რეგიონალური განყოფილების თავმჯდომარე;   

ვოლგოგრადის ექსპერიმენტულმა თეატრმა თბილისში აღნიშნა დაარსებიდან 25 წლის იუბილე. საგასტროლო სპექტაკლი „მეფის მკვლელნი“ 2013 წლის 16 ივნისს იქნა ნაჩვენები  რუსთაველის თეატრის სცენაზე. ოთარ ჯანგიშერაშვილის დადგმა წარმოადგენდა ალექსეი ტოლსტოის ისტორიული დრამის "მეფე ფიოდორის" ექსპერიმენტული ინტერპრეტაციას.

ოთარ ჯანგიშერაშვილი გარდაიცვალა ვოლგოგრადში, 2018 წლის 6 მარტს. დაკრძალულია იქვე, დიმიტრიევოს სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.

რუსეთის ფედერაციაში ნაყოფიერი თეატრალური მოღვაწეობისათვის ოთარ ჯანგიშერაშვილს მინიჭებული აქვს მრავალი ჯილდო და საპატიო წოდება:

კარელიის ასსრ კომკავშირის პრემია (1980);

კარელიის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1981);

რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1984);

ღირსების ორდენი (2000);

რეჟისორი იყო კ. სტანისლავსკის პრემიისა და ი. სმოკტუნოვსკის პრემიების ლაურეატი; ფ. ვოლკოვის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (2006); თეატრის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი (2011); საქართველოს „ღირსების ორდენის“კავალერი (2003); ვოლგოგრადის ოლქისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის საპატიო წევრი და სხვა.

წყარო:

1. მაჭავარიანი . ოთარ ჯანგიშერაშვილი 60 წლისაა // თეატრი და ცხოვრება . – 2003 . -№4 . – გვ. 28 – 32

2. https://ru.wikipedia.org › wiki › Джангишер... 

3. https://www.kino-teatr.ru › teatr › activist › bio


გააზიარე: