The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვლადიმერ ვლადიმერის ძე იაშვილი

ვლადიმერ ვლადიმერის ძე იაშვილი
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1815
გარდაცვ. თარიღი:7 თებერვალი, 1864  (48 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ევფროსინიევსკის სასაფლაო, ვილნო (დღევანდელი ვილნიუსი)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ვლადიმერ ვლადიმერის ძე იაშვილი დაიბადა 1815 (ან 1813) წლის, 19 დეკემბერს  კალუგაში (რუსეთი). იგი განეკუთვნებოდა რუსეთში მცხოვრები იაშვილების კალუგის შტოს. მამა - გენერალ მაიორი ვლადიმერ მიხეილის ძე იაშვილი, დედა -  ბარბარე ალექსანდრეს ასული სუხოვო–კობილინა.

ვლადიმერ ვლადიმერის ძე  სწავლობდა ვეიდენგამერის პანსიონში. 1829 წლის 2 დეკემბერს სამსახური დაიწყო  ფეიერვერკერად საარტილერიო სასწავლებელში. 1834 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის მიხეილის სა­არტილერიო სასწავლებელი. 1834 წლის 23 მაისს გადაიყვანეს იუნკერად მისი საიმპერატორო უდიდებულესობის დიდი ჰერცოგის მიხაილ პავლოვიჩის ულანის პოლკის შემადგენლობაში. 28 აგვისტოს იგი გადაყვანილ იქნა ვიურტემბერგის ჰუსართა პოლკში კორნეტის წოდებით. 1840 წლის 31 იანვარს, საკავალერიო კურსი დაასრულა და შტაბს-როტმისტრის წოდებით მიავლინეს ლაიბგვარდიის ჰუსართა პოლკში, სადაც იმსახურა 1842 წლის 7 დეკემბრამდე.

ვლადმერ იაშვილის შემდგომი კარიერული წინსვლა შეფერხდა ერთი უსიამოვნო ინციდენტის გამო. 1842 წლის 21 ივნისს შედგა მისი დუელი ამავე პოლკის შტაბს-როტმისტრთან, ალექსანდრე დოლგორუკოვთან , მალოროსიისკის გუბერნატორ ნიკოლოზ დოლგორუკოვის ვაჟთან. თავად იაშვილს არ უნდოდა მისი მოკვლა და გვერდზე გაისროლა, მაგრამ ტყვია ასხლტა ქვიდან, მოხვდა  მოწინააღმდეგეს და ის ადგილზე გარდაიცვალა. ვლადიმერ ვლადიმერის ძე დააქვეითეს, მოუხსნეს ოფიცრის წოდება და გადაიყვანეს კავკასიაში კურინსკის ეგერთა პოლკში.

1842–1844 წწ. ვლადიმერ იაშვილმა მონაწილეობა მიიღო მთიელთა წინააღმდეგ გამართულ 97 ოპერაციაში და ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის უნტერ-ოფიცრის ჩინი დაიმსახურა. 1844 წელს კორნეტად გადაიყვანეს კავკასიის კაზაკთა პოლკში. მოგვიანებით კი მოზდოკის პოლკში. მომდევნო წელს, დარგინის (დაღესტანი) ექსპედიციაში მონაწილეობისთვის, მან კვლავ მიიღო შტაბს-როტმისტრის წოდება და გამწესებულ იქნა ლაიბ-გვარდიის ჰუსართა პოლკში, სადაც დაინიშნა მე -4 ესკადრონის მეთაურად. 1849 წ. იგი უკვე მთელ პოლკს მეთაურობდა და პოლკოვნიკის წოდებას ატარებდა.

კავკასიაში სამსახურის დროს ვლადიმერ იაშვილმა გაიცნო მწერალი ლევ ტოლსტოი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ა. ლ. შემიაკინი თვლის, რომ ლ. ტოლსტოის რომანში "ანა კარენინა" თავადი იაშვილი არის როტმისტრ იაშვინის პროტოტიპი.

1854-1855 წლებში პოლკოვნიკი იაშვილი გაიგზავნა ტულისა და მოგილევის გუბერნიებში, მონიტორინგის მიზნით. 1855 წ. გაამწესეს სამხრეთ ჯარების უფროსის მეთაურის მოადგილედ. 1853–56  წწ. მონაწილეობდა ყირიმის ომში. 1856 წლის 6 მარტს დააწინაურეს ვიურტემბერგის ულანის პოლკის მეთაურად. 26 აგვისტოს მას მიენიჭა ფლიგელ-ადიუტანტის ჩინი, ხოლო 15 ოქტომბერს დაამტკიცეს ლაიბგვარდიის ულანის პოლკის მეთაურის თანამდებობაზე.

1858 წლის 30 აგვისტოს ვლადიმერ იაშვილს მიენიჭა გენერალ მაიორის წოდება. იგი ჩაირიცხა იმპერატორის ამალაში და დაინიშნა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის პოლკის მეთაურად. 1858 წლის 20 ნოემბერს გენერალმა იაშვილმა დაიკავა ლაიბგვარდიის ჰუსართა პოლკის  მეთაურის პოსტი.

ხანგრძლივი სამხედრო კარიერის მანძილზე ვლადიმერ იაშვილს მიღებული ჰქონდა მრავალი საბრძოლო ჯილდო. მათ შორის: განმასხვავებელი ნიშანი სამხედრო ორდენზე № 78071 კავკასიის ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის  (1842); წმ. ანას მესამე ხარისხის ბაფთით (1845); მეორე ხარისხის (1847); წმ. ვლადიმერის მესამე ხარისხის (1857); წმ. სტანისლავის I ხარისხის (1860); წმ. ანას  I ხარისხის მახვილებით(1862); ფრედერიკის ორდენი (ვიურტემბერგი) მეორე ხარისხის კომანდორის ჯვრით (1856) და სხვა ჯილდოები.

ვლადიმერ იაშვილის მეუღლე იყო გრაფინია ანა ორლოვა (1826-1887) დეკაბრისტ მიხეილ ორლოვის ქალიშვილი. მათ ჯვარი დაიწერეს მოსკოვში, 1847 წლის 30 აპრილს.  შეეძინათ ხუთი შვილი - ქალიშვილები: მარია, სოფია, პავლა და ვაჟები: ნიკოლოზი და ლევი, რომლებიც ასევე სამხედროები იყვნენ.

1863–1864 წლებში, პოლონეთის აჯანყების დროს, ვლადიმერ ვლადიმერის ძე იყო ვილნოს (ახლანდელი ვილნიუსი) სამხედრო გუბერნატორი. აქვე გარდაიცვალა ტიფით 1864 წლის 7 თებერვალს. დაკრძალეს ევფროსინიევსკის სასაფლაოზე.

წყარო:

1. http://mematiane.ge/product-details.php?id=1053&lang=ru

2. https://ru.wikipedia.org/wiki/ Иашвили

3. საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018. -გვ.174-175


გააზიარე: