The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ზაურ ანთია

ზაურ ანთია
დაბადების თარიღი:195?
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

„იგი სამოყვარულო კრივის ალექს ფერგიუსონია“; “ის, რომ ირლანდიური კრივი ასეთი წარმატებულია, კონკრეტულად ერთი ადამიანის დამსახურებაა და ამ ფაქტს ვერავინ უარყოფს“; „იგი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია“ - ყველა ეს გამონათქვამი ირლანდიელ მოკრივეებს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონებს ეკუთვნით და ქართველ მწვრთნელს, ზაურ ანთიას ეხება.

ზაურ ანთია ფოთში დაიბადა და გაიზარდა. 1985 წლამდე მოქმედი მოკრივე იყო. ექვსჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ჯერ კიდევ აქტიური სპორტსმენი იყო, როცა მისმა მწვრთელმა, ტარიელ ვერულაშვილმა, ფოთში ბავშვთა და მოზარდთა კრივის სპორტული სკოლა გახსნა და ზაურმაც იქ დაიწყო მუშაობა მწვრთნელად.

1988 წელს, სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, ქალაქ როსტოვში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ჩატარდა და ზაურ ანთიას შეგირდებმა რამდენიმე მედალი მოიპოვეს. ამ გამარჯვებისთვის ზაური  თავის აღსაზრდელებთან ერთად საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებში გადაიყვანეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ზაურ ანთიამ ფოთში გააგრძელა მოღვაწეობა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, ზურაბ გუნიას თანაშემწე გახდა. მოგვიანებით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღზრდილი ჰყავს არაერთი წარმატებული მოკრივე, რომელთაგან ოთხი ოლიმპიელი გახლავთ.

ირლანდიაში ბატონი ზაური 2003 წელს ჩავიდა. რამდენიმე ხნით ადრე მან შეიტყო, რომ ირლანდიის კრივის ფედერაციას კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული. ეს დიდ გამოწვევად მიიღო, ირლანდიაში თავისი CV გააგზავნა და მოწვევაც მოუვიდა.

ამის შემდეგ იყო 3-ეტაპიანი გასაუბრება, რომელშიც მონაწილეობას 17 კანდიდატი იღებდა. ზაურ ანთიამ კონკურსის პირობები წარმატებით დაძლია და ირლანდიის ნაკრები ჩაიბარა.

ამ პერიოდში ირლანდიული კრივი დაღმასვლას განიცდიდა. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები აღარ ჰყავდათ. სწორედ ამიტომ იყო, რომ ახალი მწვრთნელის ძებნა დაიწყეს. ნაკრებში მუშაობის დაწყება ზაურისთვის რთული იყო, რადგან ენას არ ფლობდა, სპორტსმენებთან ურთიერთობისას „სხეულის ენას“ იყენებდა. ამის გამო რამდენიმე წელი სტატუსად ჰქონდა „ყველა ნაკრების მწვრთნელი ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებაში“. ენის პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ ზაურ ანთია გახდა არა მხოლოდ ეროვნულის, არამედ ირლანდიის ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელ-კურატორი, როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში.

ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ირლანდიელმა მოკრივეებმა საერთო ჯამში 140 მედალი მოიპოვეს. 2008 წლის ოლიმპიადაზე, ჩინეთში, ირლანდიამ, რომელსაც სამ ოლიმპიადაზე შედეგი არ ჰქონია, სამი მედალი აიღო 1 ვერცხლი და სამი ბრინჯაო. შემდგომი წლები კიდევ უფრო ნაყოფიერი გამოდგა - მრავალი მედალი მოიპოვეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, აგრეთვე, ოლიმპიადებზეც. გუნდურ ჩათვლაში მედლების რაოდენობით ოთხჯერ იყვნენ ევროპის ჩემპიონატებზე მეორე პოზიციაზე.

2016 წელს ზაურ ანთიამ კიდევ 5 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი ირლანდიის სამოყვარულო კრივის ასოციაციასთან, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებები სხვა ქვეყნებიდან ჰქონდა, მათ შორის, კანადიდან.

2005 წელს ბატონმა ზაურმა ირლანდიაში ოჯახიც ჩაიყვანა - მეუღლე და სამი შვილი. ბავშვები მაშინ სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ბეჯითი სწავლით სამივემ წარმატებას მიაღწია. უფროსი ვაჟი, დავითი, დიდი ხანი არ არის რაც დაინიშნა პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC -International Chamber of Commerce) სათავო ოფისში რეფორმების დირექტორად. უმცროსმა, გიორგიმ, დუბლინის უნივერსიტეტი დაამთავრა და ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო კომპანიის გენერალური ფორმენია. ქალიშვილი კი  სადაზღვევო კომპანიაშია დასაქმებული.

ზაურ ანთია გახლავთ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და მშობლიური ქალაქის, ფოთის, საპატიო მოქალაქე (2016, 22 მაისი).

წყარო:

1. https://popsport.com/article/25595-clebis-cin-chemtan-taison-piuri-moiqvanes-interviu-zaur-antiastan 

2. http://lelo.ge/article / ქართველი მწვრთნელი, რომელსაც ირლანდიური კრივის ალექს ფერგიუსონს ,,,

3. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268457262

4. https://primetime.ge/rats-unda-dzlieri-iko-dghes-koveltvis-arsebobs-gza-uketesi-iko-khval-qartveli-geniosi-romelsats-krivis-aleqs-fergiusons-utsodeben/


გააზიარე: