The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თინათინ გურჩიანი

თინათინ გურჩიანი
დაბადების თარიღი:1973  (51 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

თინათინ გურჩიანი დაიბადა 1973 წელს, თბილისში. ბავშვობაში გატაცებული იყო ხელოვნებით - დადიოდა ცეკვაზე და სამხატვრო სკოლაში. ჯერ კიდევ 8 წლის იყო, როცა თქვა რომ აუცილებლად რეჟისორი გახდებოდა. სკოლის დამთავრებისას მიხვდა, რომ რეჟისურისთვის ჯერ მზად არ იყო და ფსიქოლოგიის შესწავლა გადაწყვიტა.

ფსიქოლოგია თინა გურჩიანის თავდაპირველი პროფესიაა. სწავლობდა თბილისში, ფრაიბურგსა (გერმანია) და გრაცში (ავსტრია). თუმცა ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ რეჟისორი გამოვიდოდა, მაშინაც კი, როდესაც უკვე ფსიქოლოგად მუშაობდა. თინა ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ თავის რეჟისორობაში, არც მაშინ შეჰპარვია ეჭვი, როდესაც წლები გადიოდა, ფილმი ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაღებული. ამბობს, არც კი მიფიქრია ამაზე, ვიცოდი, ჩემი დროც მოვიდოდაო.

თინა გურჩიანმა 2010 წელს დაამთავრა პოტსდამ-ბაბელსბერგის (გერმანია) კინოსა და ტელევიზიის უმაღლესი კინოსკოლის (HFF "Konrad Wolf" Potsdam-Babelsberg Film and Television Academy) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. დოკუმენტური კინოთი სტუდენტობის დროს დაინტერესდა. მისი სადიპლომო მხატვრული  ფილმი ”სხვაგან” (67 წ.) გერმანიის კინოაკადემიის მთავარ პრიზზე იყო წარდგენილი საუკეთესო დებიუტისათვის, ხოლო სადებიუტო ნამუშევარი კინოში ”მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” (2012 წელი) ნაჩვენები იქნა მსოფლიოს 120 ქვეყანაში და მიღებული აქვს მრავალრიცხოვანი ჯილდოები, მათ შორის პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის Sundance 2013.

ევროპაში ორი ათწლეულის გატარების შემდეგ, 2011 წელს, თინათინ გურჩიანი სამშობლოში დაბრუნდა თავისი პირველი დოკუმენტური ფილმის  გადასაღებად. "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" არის კინოში გადაღების მსურველთა ჩანაწერებით შექმნილი ფილმი, სადაც თითოეული გმირი რეალურია და თავის ამბავს მოგვითხრობს. ქასტინგში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველას, ვისაც მიაჩნდა, რომ თავისი რეალური ისტორიით, ყოველდღიური ყოფითა თუ მიზნებით შეძლებდა კინოგმირი გამხდარიყო.

პროექტი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, გოეთეს ინსტიტუტისა და ბოშის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. ფილმის გადაღება 2011 წლის შემოდგომაზე, 20 დღის მანძილზე, საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში მიმდინარეობდა, მათ შორის თბილისში, ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომში, წყალტუბოში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ხცისში, მარნეულსა და სხვადასხვა კუთხეებში.

ფილმი 13 ჩანაწერისგან შედგება. 13 ადამიანი სულისშემძვრელად, მხიარულად ან უბრალოდ საინტერესოდ მოგვითხრობს თავისი ცხოვრების შესახებ. 

2013 წლის 27 იანვარს აშშ-ში, პრესტიჟულ სანდენსის კინოფესტივალზე თინათინ გურჩიანს ფილმისთვის "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს", საერთაშორისო დოკუმენტური ფილმის საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო გადაეცა.

სანდენსის ფესტივალის უფროსმა პროგრამერმა, კეროლაინ ლიბრესკომ „პიბიესთან“ საუბრისას ქართველი რეჟისორის ფილმი ცალკე გამოყო და მას „პოეტური, ვიზუალურად დახვეწილი და სრულიად ახალი დოკუმენტური ფილმი“ უწოდა.

"მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქართულ ფილმად აღიარეს, ხოლო,  ბრაზილიის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა მთავარი პრიზი დოკუმენტური ფილმის სექციაში აიღო.

2012 წელს თინათინ გურჩიანი პირველი ქართველი რეჟისორი გახდა, რომელიც ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მოხვდა. მისი ფილმი “მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი.

IDFA მსოფლიოში დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კინოფესტივალად არის აღიარებული, რომელიც 1988 წლიდან ამსტერდამში იმართება.

თინა გურჩიანი კინოში დასთან ერთად მოღვაწეობს. თამუნა გურჩიანი მისი ფილმების პროდიუსერია. 2015 წელს მათი ერთობლივი პროექტი „სატრფიალო პასტორალი“ ამსტერდამის ფესტივალის ფონდმა IDFA Bertha Fund დააფინანსა.

პროექტმა, აგრეთვე, პრემია – 10 000 შვეიცარიული ფრანკი მიიღო და რამდენიმე საერთაშორისო ტელეარხისგან, მათ შორის – გერმანულ-ფრანგული „არტესგან“, მოიპოვა ფილმის გადაღების დაფინანსება.

ფილმში გადასაღებად მთელ საქართველოში მოიძიეს მოხუცები, რომელთაც განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია ჰქონდათ. რეჟისორისთვის მნიშვნელოვანი იყო რეალური ადამიანების მოგონებების მოსმენა და მათი მონათხრობის საფუძველზე დასაბუთება, რომ ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრება უნიკალურია, უნიკალურია ჩვენს მიერ განვლილი გზა. სიყვარული და იმედგაცრუება, შეხვედრა და განშორება, ღალატი და ერთგულება...

გადაღებების დაწყებამდე თინათინ გურჩიანი ერთ-ეერთ ინტერვიუში აღნიშნავდა: „თუ წინა ფილმი ახალგაზრდებზე იყო და მათ ვეძებდით, ახლა მოხუცების თვალით გვინდა დავინახოთ. ფილმის თემაა კითხვაზე პასუხის გაცემა, რა რჩება სიყვარულისგან, ვნებებისგან, ჩვენი თავგადასავლებისგან, რას მოვიგონებთ, რა გვავიწყდება. ჩვენი გმირები შეიძლება გახდნენ ისეთი ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც სიყვარულისთვის იცხოვრეს, ვისაც სიყვარული ან წარსულში ამოძრავებდა, ან ახლა ან მომავალში აპირებს. შეიძლება არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ცხოვრება ახლა კი არ დამთავრდა ახლა იწყება. პირველი ფილმი ახალგაზრდებზე იყო და ძალიან ემოციური და დრამატული გამოვიდა. ზოგისთვის შეიძლება მძიმე იყო და მინდა რომ ახლა მოხუცების თვალით უფრო მეტი სიმსუბუქე გვეპოვა. ეს ჩემთვის იქნება მოგზაურობა ხანდაზმულთა, გრძნობების სამყაროში“.

2015 წელს „სატრფიალო პასტორალი" საფრანგეთის ქალაქ ნიონში გამართული საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

2020 წელს თინათინ გურჩიანმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე იმუშავა სატელევიზიო სერიალზე „სეანსი“. ეს არის HBO-ს ამერიკული სერიალის, In Treatment-ის ქართული ანალოგი. ფსიქოლოგიურ დრამაში ძირითადი სიუჟეტი ფსიქოთერაპევტისა და მისი პაციენტების ურთიერთობაზეა აგებული. დეპრესია, გაუცხოება, განქორწინება - ეს ის პრობლემებია, რომლებიც სერიალის გმირებს აწუხებთ.

თინა გურჩიანი წლებია გზაში ცხოვროს. მას შემდეგ, რაც გერმანიაში წავიდა, მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონია. ხან გერმანიაშია, ხან საქართველოში და ხან კიდევ ავსტრიაში. იმდენად მიჩვეული ვარ, რომ ჩემთვის ღირებული სამყარო სულ შინაგანად თან დამაქვს, რომ ადგილს და სივრცეს არა აქვს მნიშვნელობა, - ამბობს რეჟისორი.

წყარო:

1. https://netgazeti.ge/culture/20787/

2. თინა და თამუნა გურჩიანების ბავშვობა და შემოქმედებითი ცხოვრება : ინტერვიუ / თინა გურჩიანი, თამუნა გურჩიანი ; ესაუბრა თაკო გვაზავა / OK! საქართველო : ყოველთვიური ჟურნალი. თბილისი, 2017 იანვარი. N 30. გვ. 40-42. 

3. ნერგაძე, ნიკო. თინა გურჩიანი სხვადასხვა სახით / ნიკო ნერგაძე // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2013. - მარტი. - N88. - გვ.28-35.


გააზიარე: