The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლევ იაშვილი

ლევ იაშვილი
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1859
გარდაცვ. თარიღი:31 ოქტომბერი, 1917  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ლევ ვლადიმერის ძე იაშვილი დაიბადა 1859 წლის 7 მარტს, სოფელ ცარსკოე სელოში (სანკტ-პეტერბურგის გუბერნია). მისი წინაპრები წარმოშობით რაჭიდან, ამბროლაურის რაიონიდან იყვნენ. ლევის დიდი ბაბუა, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი, მიხეილ ალექსის ძე იაშვილი მე-18 ს-ის მეორე ნახევარში დასახლდა კალუგის გუბერნიაში. სწორედ მისგან წამოვიდა თავად იაშვილთა კალუგის შტო.

ლევ იაშვილი გენერალ-მაიორ ვლადიმერ ვლადიმერის ძე იაშვილის (1813-1864) და გრაფინია ანა ორლოვას (1826-1887) უმცროსი ვაჟი გახლდათ. მამა ადრე გარდაეცვალა.  სწავლობდა სანკტ-პეტერბურგში, პაჟესკის კორპუსში, რომლის დამთავრების შემდეგ გამწესდა ჰუსართა მისი უდიდებულესობის ლეიბ-გვარდიის პოლკში კორნეტად. პორუჩიკის ჩინი ჰქონდა, როცა1894 წლის 23 მაისს ავადმყოფობის გამო სამხედრო  სამსახურიდან გადადგა.

1897 წლის 12 დეკემბერს კოლეჟსკი სოვეტნიკი ლევ იაშვილი დაინიშნა ტულის გუბერნიის ვიცე-გუბერნატორად სამეფო კარის კამერ-იუნკერის წოდებით. ეს  თანამდებობა ეკავა 1904 წლის 25 ოქტომბრამდე. ამავე წელს დანიშნეს სიმბირსკის გუბერნიის გუბერნატორად.

ამ პერიოდში ვოლგის რეგიონში, ისევე როგორც მთელ რუსეთში, რთული ვითარება იყო. რევოლუციური მოძრაობა ძალას იკრებდა და ლევ იაშვილს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად თავადის  ლიბერალური შეხედულებებისა და დაჯგუფებებს შორის ლავირების უნარისა, მან მაინც ვერ შეძლო თავადაზნაურთა და რევოლუციონერების მორიგება.

1906 წლის ივლისში ლევ იაშვილი სამსახურიდან გადადგა.

სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის ლევ ვლადიმერის ძეს მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. მათ შორის: წმ. ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენი; წმ. ანასა და წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენები; ბუხარის ოქროს ვარსკვლავის ორდენი და სხვ.

1906 წელს კიევში გამოვიდა ლევ იაშვილის  წიგნი - „Воспоминания о Симбирске 1905—1906 гг.“.

გუბერნატორის პოსტის დატოვების შემდეგ თავადი იაშვილი ირიცხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში. იგი იყო ჩერკასკის ოლქის საპატიო მომრიგებელი მოსამართლე.

ლევ იაშვილი 1897 წელს დაქორწინდა დომინიკა სტახოვიჩზე (1874—1898), რომელიც მალე გარდაიცვალა. 1900 წელს მან ცოლად შეირთო დომინიკას ბიძაშვილი, ანასტასია სტახოვიჩი(1881—1952), მათ ოთხი შვილი ეყოლათ: ვაჟები - მიხეილი და ნიკოლოზი და ორი ასული - ანასტასია და მარია.

ლევ ვლადიმერის ძე ინსულტით გარდაიცვალა 1917 წლის 31 ოქტომბერს, ცარსკოე სელოში.

წყარო:

https://ru.wikipedia.org/wiki/ Иашвили 


გააზიარე: