The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი
დაბადების თარიღი:1979  (45 წლის)
კატეგორია:არტისტი

ბიოგრაფია

თანამედროვე არტისტი ქეთუთა (ქეთევან) ალექსი-მესხიშვილი დაიბადა 1979 წელს, თბილისში, მხატვარ გოგი ალექსი-მესხიშვილისა და მაკა მიქაძის ოჯახში. 14 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. მშობლიური ქალაქის დატოვება ძალიან არ უნდოდა, მაგრამ მამას სამსახური გამოუჩნდა ამერიკის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში, დორტმუნდის კოლეჯში, საქართველოში კი ამ დროს სამოქალაქო ომის გამო შემოქმედებით ცხოვრება ჩამკვდარი იყო.

ქეთუთამ სკოლა ნიუ-იორკში დაამთავრა. თავიდან გაუჭირდა, რადგან ენა ცუდად იცოდა, არც მეგობრები ჰყავდა. დროის გასაყვანად ბევრს მეცადინეობდა და როგორც ყველა პატარა გოგო, მოდელობაზე ოცნებობდა. ოცნება მალე აუხდა. მისმა არაორდინალურმა გარეგნობამ ყურადღება მიიქცია და მოდელობაც შესთავაზეს. საქმე ძალიან სწრაფად და კარგად წავიდა. რამდენიმე თვეში მისი ფოტო თინეიჯერების განთქმულ ჟურნალ “Seventeen”-ის ყდაზე აღმოჩნდა და სამოდელო სახლ Gaultier-ს რეკლამაშიც გადაიღეს. თუმცა, წარმატების მიუხედავად, მოდელობა აღარ გაუგრძელებია.

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილმა ყოველთვის იცოდა რომ მისი პროფესია ხელოვნებასთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა. ბაბუა და ბებია - ლადო ალექსი-მესხისვილი და თინა ფანიაშვილი, არქიტექტორები იყვნენ. მამა - ცნობილი  სცენოგრაფია, უფროსი და, ნინო -მხატვარი. ქეთუთას ხატვა არ ეხერხებოდა, მაგრამ დაუძლეველი ინტერესი ჰქონდა ყველა ფორმის ხელოვნებისა და ვიზუალური კულტურის მიმართ. ამან განაპირობა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკის The Bard College-ში ჩააბარა.

Bard-ი კოლეჯი ქეთუთამ 2003 წელს დაამთავრა ფოტოგრაფიის მიმართულებით. ეს ფაკულტეტი ფოტოგრაფმა სთივენ შორმა დააარსა. 70-იან წლებში, მან ფერადი ფოტოგრაფია, დიდი ფორმატის კამერა და, ასევე, point-and-shoot სტილი გაავრცელა. სწავლის დამთავრების შემდეგ, მანვე უშოვა თავის ნიჭიერ მოსწავლეს დროებითი სამსახური ბერლინში, ფოტოგრაფ-ხელოვან თომას დემანდთან სტუდიაში, სადაც დიდ პროექტზე მუშაობდნენ და ბევრი მუშახელი სჭირდებოდათ.

ბერლინის შემდეგ, ქეთუთა, ისევ, ნიუ იორკში დაბრუნდა. აქ ერთ-ერთმა მისმა Bard-ის მეგობარმა გამოუშვა ჟურნალი, სახელწოდებით – “Bidoun”. ჟურნალი უმეტესად იუმორითა და ხელოვნებით იყო სავსე და ხელოვნების სფეროში საკულტო სტატუსი გაუჩნდა. ქეთუთა “Bidoun”-ში სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ფოტოგრაფად და არტ რედაქტორად. 

ამჟამად ხელოვანი ცხოვრობს და საქმიანობს გერმანიაში, ბერლინში. ხშირად მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში ისეთ მნიშვნელოვან გალერეებში, როგორიცაა: Galerie Micky Schubert - გერმანიაში, FRAC Haute-Normandie - საფრანგეთში, Kaufman Repetto - იტალიაში. მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით - ”Hallow Body”, მოეწყო Andrea Rosen Gallery-ში, ნიუ-იორკში.

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის შესახებ სახელოვნებო ჟურნალი Frieze აღნიშნავს, რომ ის მიეკუთვნება ფოტოგრაფების იმ თაობას, ვინც ფოტოს მედიუმის სამგანზომილებიან და სკულპტურულ-სივრცულ ხასიათს ისევე იყენებს, როგორც ფოტოსთვის სახასიათო ორგანზომილებიან ზედაპირს.

ხელოვანი იკვლევს და ექსპერიმენტებს ატარებს ფოტოგრაფიის პროცესის შესაძლებლობებსა და ლიმიტებზე. იგი ჯერ სახელოსნოში აწყობს კომპოზიციებს, რომელსაც ფირზე იღებს, შემდეგ ციფრულად, ან პირდაპირ ფირს ამუშავებს ისე, რომ ხშირად საწყისი ობიექტი ამოუცნობი ხდება. ხანდახან ფოტოაპარატს საერთოდ არ ხმარობს და ფოტოგრამებს აკეთებს. მისი მკვეთრად ინდივიდუალური ფოტოგრაფიული ენა კონცენტრირებულია სამგანზომილებიან სკულპტურულ ობიექტებში, გამოსახულებებში, რომლებისგანაც ახალ უნიკალურ ნამუშევრებს ქმნის.

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილს 50-მდე გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა. მათ შორის 5-მდე საქართველოში ჩატარდა. მისი ბოლო პერსონალური გამოფენა წარმოდგენილი იყო 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გალერეა „ელ ცე კვაისერში“, თბილისში. გამოფენას ეწოდებოდა „Boiled Language”, ანუ „მოხარშული ენა”. სახელწოდება მოდიოდა ერთ-ერთი რესტორნის მენიუში არასწორად ნათარგმნი კერძის იმ სახელიდან, რომლის გამოც, როგორც ხელოვანი იხსენებს, მოზარდობის დროს ბევრს ერთობოდნენ. გამოფენის ფარგლებში გამომცემლობა „კონა წიგნებმა“ გამოსცა ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის საავტორო წიგნი, რომელიც კულტურულ თარგმანებზე და ახალი კონტექსტების აღმოჩენაზეა ორიენტირებული.

ქეთუთას მეუღლეა მხატვარი ანდრო ვეკუა, აფხაზეთში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსის ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას შვილი. ვოვა ვეკუა აფხაზ სეპარატისტებთან პირველი შეტაკების დროს 1989 წლის 15 ივლისს დაიღუპა. ანდრიამ შვეიცარიაში, დორნახში დაამთავრა ასენზას უმაღლესი სამხატვრო სკოლა. ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში, სადაც წარმატებით აწყობს გამოფენებს.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/a-b/alexi-meskhishvili-ketuta.html 

2. http://danarti.org/ka/article/qetuta/59

3. https://www.gamarjoba.ge/story/Ketuta-Alexi-Meskhishvili

4. https://tormeti.com/2016/04/ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი


გააზიარე: