შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი![]()
ბიოგრაფიაალექსანდრე კონსტანტინეს ძე იმერეტინსკი იყო სოლომონ მეორის ბიძაშვილი და სოლომონის მიერ იმერეთის ტახტიდან ჩამოგდებული მეფის - დავით გიორგის ძის ვაჟის - კონსტანტინეს უმცროსი შვილი მესამე ცოლისგან, ეკატერინე სერგის ასულ სტახოვასაგან. დაიბადა პეტერბურგში 1837 წლის 24 სექტემბერს. 8 წლისაც არ იყო, როდესაც 1844 წელს მამა გარდაეცვალა. როგორც ყველა ბატონიშვილი, ალექსანდრეც პაჟთა კორპუსში შეიყვანეს, საიდანაც 1855 წელს პრაპორშჩიკად გააწესეს პეტერბურგში მდგომ ცხენოსანთა გვარდიულ დივიზიაში. მალე კავკასიაში მოქმედ გრენადერთა მე-14 პოლკში ჩაირიცხა პორუჩიკად და თავი გამოიჩინა ჩეჩნების და, განსაკუთრებით, დაღესტნელების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1858 წლის 18 ივლისს შტაბს-კაპიტნობა უბოძეს. ცოტა ხანში კი სწავლა ნიკოლაევის გენერალური შტაბის აკადემიაში გააგრძელა, რომელიც 1862 წელს ბრწყინვალედ დაამთავრა. იმავე წელს იგი გენერალურ შტაბში დატოვეს. 1863 წლიდან ალექსანდრე იმერეტინსკი პოლონეთში აგრძელებს სამხედრო სამსახურს და აქტიურად მონაწილეობს პოლონელთა დამშვიდებაში. ერთგული სამსახურისთვის 1864 წელს ფლიგელადიუტანტობა მიანიჭეს. თავისი ვაჟკაცობით, გაბედული და გონივრული მოქმედებებით ალექსანდრემ ისე გაითქვა სახელი რომ მეფისნაცვალმა ბერგმა 1867 წელს იგი ვარშავის გვარდიული ნაწილების შტაბის უფროსის მოადგილედ დანიშნა, ხოლო 1869 წელს გენერალ-მაიორის ჩინით მისი უდიდებულესობის ამალის წევრობა და ვარშავის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსობა უბოძა. 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში გენერალ ალექსანდრე იმერეტინსკის სარდლობით მოქმედმა მეორე ქვეითმა დივიზიამ ცხარე ბრძოლების შემდეგ ლოვჩის ციხესიმაგრე აიღო. 1877 წლის 22 აგვისტოს გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის მას ახალ თანამდებობაზე აწინაურებენ და პეტერბურგის სამხედრო ოლქის გვარდიული ჯარების შტაბის უფროსად ნიშნავენ. 1878 წლიდან მოყოლებული გენერალი ალექსანდრე იმერეტინსკი 12 წლის განმავლობაში რუსეთის არმიის მთავარი სამხედრო პროკურორი და სამხედრო სასამართლოს უფროსია. 1881 წელს კი საგანგებო ელჩად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში, რათა ეცნობებინა იმპერატორ ალექსანდრე მეორის გარდაცვალება და ალექსანდრე მესამის ასვლა საიმპერატორო ტახტზე. ალექსანდრე იმერეტინსკი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, იყო სათნო, ჩინებული მოსაუბრე და მიუდგომელი მოსამართლე. 1892 წელს იგი სახელმწიფო საბჭოს წევრად დაინიშნა, რაც განპირობებული იყო მისი რუსეთისადმი ერთგულებით, დამსახურებებითა და დიდი გამოცდილებით. სახელმწიფო საბჭოში მას უხდებოდა დიდი და რთული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებში ჩაწვდომა და თავის აზრის გამოთქმა. 1896 წლის 1 იანვარს ალექსანდრე იმერეტინსკი ვარშავის გენერალ-გუბერნატორად და ვარშავის სამხედრო ოლქის სამხედრო მეთაურად დაინიშნა. იგი, როგორც რუსეთის ერთგული მოხელე, პოლონეთში იმპერიის პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ ვარშავის სხვა, წინა გენერალ-გუბერნატორებთან შედარებით, უფრო ლმობიერი, განმკითხველი და ზოგჯერ დამთმობიც იყო, თუ კი ამით რუსეთის იმპერიას ზიანი არ მიადგებოდა. ასეთი მიდგომით ალექსანდრემ ხალხში ავტორიტეტი მოიპოვა, რასაც მისი სიტყვისა და საქმის ერთიანობა განაპირობებდა. 1897 წელს ნიკოლოზ მეორის ვარშავაში ჩასვლასთან დაკავშირებით, მან გაატარა გარკვეული რეფორმები. ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დამაბრკოლებელი აკრძალვები გააუქმა. შეამცირა ცენზურული შეზღუდვა, შემოიღო კათოლიკური ეკლესიის განვითარებისათვის საჭირო შეღავათიანი პირობები, შეამსუბუქა საზოგადოებრივი, კომერციული, კულტურული ორგანიზაციების დაარსების პირობები და მეფეს გამოთხოვა ვარშავაში ადამ მიცკევიჩის ძეგლის დადგმის უფლება, რას დაემთხვა მგოსნის 100 წლისთავს. მისი მოღვაწეობის დროს ვარშავაში დაარსდა პოლიტექნიკური და სხვა სახის სასწავლებლები, გამოვიდა ორი გაზეთი. თავად იმერეტინსკის პერიოდი პოლონელებისათვის ახალი ეპოქის დასაწყისად იქცა და მისი მმართველობის პერიოდს „იმერეტინსკის ერას“ უწოდებდნენ. ალექსანდრე იმერეტინსკი 1900 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა ვარშავაში და სამუდამო განსასვენებელიც აქვე ჰპოვა. წყარო: საითიძე, გელა. ქართველები რუსეთის სახელმწიფო საბჭოში (1801-1917 წწ) / გელა (გიორგი) საითიძე ; [რედ. ავთანდილ სონღულაშვილი] ; ისტ. და ეთნოლ. ინ-ტი. - თბ. : უნივერსალი, 2008. - 80გვ. : ფოტ. ; 20სმ.. - ეძღვნ. ი. ჭავჭავაძის დაბადების 170, გარდაცვალების 100 და წმ. შერაცხვის 20 წლისთავს. - რეზ. ინგლ. და რუს. ენ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 73-76. გონიკაშვილი, მიხეილ. ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ბაგრატიო-იმერეტინსკი (1837-1900) // ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში / მიხეილ გონიკაშვილი. - თბილისი, 1986. - გვ. 247-257. ჩხარტიშვილი, ცაცა. პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი : საქართველოს ისტორია / ცაცა ჩხარტიშვილი // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები / ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. - თბილისი, 2008. - ISSN 1512-3154. - ტ. II(4). - გვ.184-194.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |