The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი

დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი
დაბადების თარიღი:1799
გარდაცვ. თარიღი:1845  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთში დასახლებული ბაგრატიონ-იმერეტინსკების გვარის ფუძემდებელი იმერეთის მეფის სოლომონ I ვაჟი ალექსანდრე იყო, რომლის შვილიშვილებიც ალექსანდრე და დიმიტრი გიორგის ძეები რუსეთის სამხედრო სამსახურში მსახურობდნენ.

ალექსანდრე და დიმიტრი იმერეთში დაიბადნენ. ვინაიდან სოლომონ II სამეფო ტახტის ყველა შორეული შთამომავალი პრეტენდენტად მიაჩნდა, მცირეწლოვანი ძმები ციხე-სიმაგრეში გამოკეტა. არავინ იცის, რამდენ წელს დარჩებოდნენ ბავშვები პატიმრობაში, რომ არა მათი ერთგული მსახურები - ივანე აბულაძე და მათე ჩატაუ. ციხე-სიმაგრეში შეპარულმა მსახურებმა მცირეწლოვანი ბატონიშვილები ცალ-ცალკე ტომრებში ჩასვეს და ციხე-სიმაგრის კედლის ზემოდან თოკებით ძირს ჩამოუშვეს. სოლომონ მეორე მალევე შეიტყობდა ბატონიშვილების გაპარვას და მათ უფრო მკაცრ სასჯელსაც გამოუტანდა, ამიტომ ორივე ბატონიშვილი 1811 წელს რუსეთში წავიდა.

იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა სანქტ-პეტერბურგში ჩასულ ძმებს წმინდა ანას ორდენები უბოძა და პაჟთა კორპუსში გაამწესა აღსაზრდელად. 1816 წელს დიმიტრი გიორგის ძე პაჟთა კორპუსიდან კორნეტად გადაიყვანეს ლიტვის ულანის პოლკში, თუმცა მალევე 1817 წლის 10 იანვარს ულანის ლეიბ-გვარდიელთა პოლკში გადაიყვანეს. 1819 წლის 14 იანვარს დიმიტრის პორუჩიკობა ებოძა, 14 ოქტომბერს კი შტაბროტმისტრი გახდა, 1823 წლის 21 დეკემბერს კი - როტმისტრი. 1827 წლის 27 აპრილს კი სამაგალითო სამსახურისათვის წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

დიმიტრი გიორგის ძე მონაწილეობდა 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში. მისი მეთაურობით ჩატარებული თავდადებული და მოხერხებული ოპერაციისათვის 1828 წლის 8 ნოემბერს პოლკოვნიკის ჩინი უბოძეს. მდინარე კამჩიკთან ბრძოლაში გმირობისა და თავის გამოჩენისათვის წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. თურქეთთან საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ დიმიტრი ბაგრატიონ-იმერეტინსკი თავის პოლკთან ერთად პეტერბურგში დაბრუნდა.

1830 წელს პეტერბურგში მდგარი გვარდიელთა პოლკები პოლონეთის საზღვრისკენ წავიდნენ. მათ ადგილას, საჭირო შემთხვევისათვის უნდა შექმნილიყო რეზერვი. ნაწილის ხელმძღვანელობამ ეს სერიოზული საქმე დიმიტრის მიანდო. პოლკოვნიკმა დაუღალავი ენერგიისა და დიდი მონდომების წყალობით დროულად და კარგად ჩამოაყალიბა საჭირო რეზერვი. მთავრობამ მას მადლობა გამოუცხადა და 1831 წლის 22 აგვისტოს იმპერატორის გვირგვინით დამშვენებული წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი უბოძა.

1833 წლის 1 ივლისს დიმიტრი კურლანდიის ულანის პოლკის უფროსად დანიშნეს. 1836 წლის 1 აგვისტოს გენერალ-მაიორის წოდება მისცეს და სამუშაოდ განაწესეს ცხენოსანთა ჯარის ინსპექტორთან - კავალერიის გენერალ გრაფ ვიტტესთან, სადაც დიდხანს არ დარჩენილა. იმავე წლის 6 დეკემბერს იგი დაინიშნა ულანის დივიზიის მეორე ბრიგადის მეთაურად. 1837 წლის 13 ნოემბერს წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენი უბოძეს. ერთი თვის შემდეგ, 6 დეკემბერს იმპერატორის მითითებით, თავადი დიმიტრი გროდნოს ჰუსართა ლეიბ-გვარდიის პოლკის მეთაურად დაინიშნა. პოლკში გატარებული სამუშაოებისათვის 1839 წლის 6 დეკემბერს წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო 1841 წლის 6 დეკემბერს ზემოაღნიშნული წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენის შესამკობლად იმპერატორის გვირგვინი უბოძეს. 1842 წლის 1 ივლისს დიმიტრი ბაგრატიონს პრუსიის მეფემ თავისი სამეფოს წითელი არწივის მეორე ხარისხის ორდენი უბოძა ვარსკვლავთან ერთად. 1842 წლის 3 დეკემბერს, ოფიცრის ჩინით 25 წლის მანძილზე უმწიკვლო, გამორჩეული მუყაითი სამსახურისათვის, წმინდა გიორგის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს, ერთი წლის შემდეგ კი წმინდა ვლადიმერის მეორე ხარისხის ორდენით. გარდა ხსენებული ორდენებისა, მას ჰქონდა მიღებული ნიშანი 25 წლის უმწიკვლო სამსახურისათვის და ვერცხლის მედალი თურქეთის 1828-1829 წლების ომისათვის.

1845 წელს ნიკოლოზ I-მა გენერალ-მაიორი დიმიტრი ბაგრატიონ-იმერეტინსკი დააწინაურა მეორე მსუბუქ ცხენოსანთა დივიზიის მეთაურად.

1845 წლის 6 ნოემბერს თავადი დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონი-იმერეტინსკი გარდაიცვალა. დასაფლავებულია პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, დასავლეთ მხარეს კედლიდან 8-10 მეტრის მოცილებით.

დიმიტრი გიორგის ძეს დარჩა მეუღლე ოლღა ვალერიანის ასული გრაფინია სტროინოვსკაია და ორი შვილი - ალექსანდრე და დიმიტრი. ოლღა ვალერიანის ასული სტროინოვსკაია გარდაიცვალა მარსელში 1853 წლის აპრილში. იგი ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

დიმიტრი ბაგრატიონ-იმერეტინსკის ვაჟები პაჟთა კორპუსში იზრდებოდნენ. უფროსი, ალექსანდრე ლეიბ-ჰუსარი იყო. ცოტა ხანს იმსახურა და დატოვა სამსახური. მალე კვლავ შევიდა სამსახურში. ვერავითარ წინსვლას ვერ მიაღწია. გარდაიცვალა 39 წლისა, იტალიაში, 1885 წელს. მას შვილები არ დარჩენია. დასაფლავებულია ნოვოდევიჩის მონასტერში. უმცროსი დიმიტრი სამხედრო სამსახურში იყო, თუმცა იმანაც ვერ წაიწია წინ და მალე თავი დაანება. მისი გარდაცვალების წელი უცნობია, შთამომავლობა არ დარჩენია.

წყარო:

გონიკაშვილი, მიხეილდიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი (1799-1845)  // ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში / მიხეილ გონიკაშვილი. - თბილისი, 1986. - გვ. 232-241.


გააზიარე: