The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალეექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი

ალეექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი
დაბადების თარიღი:1797
გარდაცვ. თარიღი:1862  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლაზარევი სასაფლაო, ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანქტ-პეტერბურგი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთში დასახლებული ბაგრატიონ-იმერეტინსკების გვარის ფუძემდებელი იმერეთის მეფის სოლომონ I ვაჟი ალექსანდრე იყო, რომლის შვილიშვილებიც ალექსანდრე და დიმიტრი გიორგის ძეები რუსეთის სამხედრო სამსახურში მსახურობდნენ.

ალექსანდრე და დიმიტრი იმერეთში დაიბადნენ. ვინაიდან სოლომონ II სამეფო ტახტის ყველა შორეული შთამომავალი პრეტენდენტად მიაჩნდა, მცირეწლოვანი ძმები ციხე-სიმაგრეში გამოკეტა. არავინ იცის, რამდენ წელს დარჩებოდნენ ბავშვები პატიმრობაში, რომ არა მათი ერთგული მსახურები - ივანე აბულაძე და მათე ჩატაუ. ციხე-სიმაგრეში შეპარულმა მსახურებმა მცირეწლოვანი ბატონიშვილები ცალ-ცალკე ტომრებში ჩასვეს და ციხე-სიმაგრის კედლის ზემოდან თოკებით ძირს ჩამოუშვეს. სოლომონ მეორე მალევე შეიტყობდა ბატონიშვილების გაპარვას და მათ უფრო მკაცრ სასჯელსაც გამოუტანდა, ამიტომ ორივე ბატონიშვილი 1811 წელს რუსეთში წავიდა.

იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა სანქტ-პეტერბურგში ჩასულ ძმებს წმინდა ანას ორდენები უბოძა და პაჟთა კორპუსში გააწესა აღსაზრდელად.  პაჟთა კორპუსიდან ალექსანდრე  კორნეტად გადაიყვანეს ულანთა ლეიბ-გვარდიის პოლკში. სამხედრო სამსახურში მის მიერ განვლილი გზა ჯერჯერობით დადგენილი არაა, თუმცა ცნობილია, რომ 1840-იანი წლების დასაწყისში იგი გენერალ-ადიუტანტი გახდა და ბევრჯერ დააწინაურეს. იყო დივიზიის მეთაური, მაგრამ გენერალ-ადიუტანტის წოდება, შერჩა ბოლომდე.

ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი იმპერატორის დიდი ნდობითა და წყალობით სარგებლობდა. ხელმწიფის ამალაშიც მსახურობდა. იგი ცხენოსანთა დივიზიის მეთაური იყო და ამ თანამდებობაზე ბევრგან გენერალ-ლეიტენანტის ჩინით იყო. ალექსანდრემ გენერალ-ადიუტანტის ჩინით დატოვა სამხედრო სამსახური. 1850-იანი წლების ბოლოს მას ავადმყოფობა დასჩემდა. მაღალი წნევის გამო დამბლა განუვითარდა. გარდაიცვალა 1862 წელს, მას ცოლი არ ჰყოლია და შთამომავლობა არ დარჩენია.

ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი დაკრძალეს ალექსანდრე ნეველის ლავრაში. ლაზარევის სასაფლაოზე, თავისი ძმის დიმიტრის გვერდით. მის დაკრძალვას ესწრებოდა პეტერბურგის მოწინავე საზოგადოება, ქალაქის მთელი  გენერლობა  და მთავრობის წარმომადგენლები.  ორივე ძმის ალექსანდრესა და დიმიტრის დიდ დამსახურებასა და ავტორიტეტზე მეტყველებს ისიც, რომ ისინი დაიკრძალნენ ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ლაზარევის სასაფლაოზე, იქ სადაც რუსეთის საქვეყნოდ ცნობილი პირები იკრძალებოდნენ.

წყარო:

გონიკაშვილი, მიხეილალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი (1797-1862)  // ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში / მიხეილ გონიკაშვილი. - თბილისი, 1986. - გვ. 241-246.


გააზიარე: