შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ბორის ესაძე![]()
ბიოგრაფიასამხედრო ისტორიკოსი და კავკასიოლოგი ბორის ესაძე დაიბადა 1864 წლის 24 ივლისს. მისი ოჯახი ქუთაისის დიდგვაროვანთა წრეს განეკუთვნებოდა. მამა - სპირიდონ იოსების ძე ესაძე, თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი, გენერალ-მაიორი იყო. დედა გახლდათ სოფიო მიხეილის ასული არგუტინსკაია-დოლგორუკოვა. მათი ხუთი ვაჟიდან ბორისი უფროსი იყო. ბორის ესაძემ 1882 წ. დაამთავრა ქ. ტვერის იუნკერთა საკაველერიო სასწავლებელი, ხოლო შემდეგ ჩაირიცხა ტვერის საკავალერიო სასწავლებელში (1882-1886). სამხედრო სამსახურში ჩადგა 1882 წლის 21 ივლისიდან - თავდაპირველად, კორნეტის ჩინით ნოვოროსიისკის დიდი მთავრის ვლადიმერ ალექსანდრეს ძის სახელობის დრაგუნთა მე-7 პოლკში გაანაწილეს, შემდეგ კი ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკში გადაიყვანეს. წარმატებით წარიმართა მისი სამხედრო კარიერაც. 1884 წლის 23 თებერვალს მიიღო უნტერ-ოფიცრის წოდება. 1885 წლის 20 აგვისტოს დააჯილდოვეს „საუკეთესო მსროლელის“ ნიშნით. 1890 წელს პორუჩიკი გახდა. 1900 წლის 9 მარტს ობერ-ოფიცრის (შტაბს-როტმისტრი) ჩინით უფროს ადიუტანტად გაამწესეს კავკასიის საკავალერიო დივიზიის შტაბში, საიდანაც გადაიყვანეს ნიჟნი ნოვგოროდის დრაგუნთა 44-ე პოლკში. 1906 წლის 24 ოქტომბერს დაინიშნა კავკასიის საკავალერიო დივიზიის შტაბის უფროსად. 1909 წლის 5 მაისს ოჯახური მდგომარეობის გამო სამსახურიდან გადადგა. დაენიშნა პენსია და ჩაირიცხა თბილისის გუბერნიის ცხენოსანთა გვარდიაში. იმავე წლის 30 სექტემბრიდან კვლავ მწყობრში ჩადგა და დაიკავა განსაკუთრებულ დავალებათა შტაბს-ოფიცრის თანამდებობა ყარსის ოლქის სამხედრო გუბერნატორთან. შემდგომ წლებში მსახურობდა კავკასიის არმიის სხვადასხვა ნაწილებში საშტაბო თანამდებობებზე. მიღებული ჰქონდა წმ. სვიატოსლავის მე-3 ხარისხის (1898) და წმ. ანას მე-3 ხარისხის (1906) ორდენები, აგრეთვე, „ბუხარის ამომავალი მზის“ ვერცხლის ორდენი. 1911 წლის 26 თებერვალს მიანიჭეს პოდპოლკოვნიკის წოდება, ბორის ესაძეს ეკუთვნის ნაშრომები რუსეთის არმიის ცალკეული სამხედრო ნაწილების ისტორიის, გამოჩენილი მხედართმთავრების ცხოვრება-მოღვაწეობის, რუსეთის არმიაში ქართველების ღვაწლის შესახებ. იყო რუსეთის სამხედრო-ისტორიული და რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებების კავკასიის განყოფილებების ნამდვილი წევრი. აგრეთვე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი (1907). მას ეკუთვნის საინტერესო დაკვირვებანი რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ. დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის პროპაგანდაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კრებული "საქართველოს მატიანე"(ნაკვ. I, თბ., 1913) და "მთელი კავკასია" (№1, თბ. 1903), ორივე რუსულ ენაზე). ბორის ესაძემ დიდი ენერგია შეალია ქართული ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობას. აქტიურად მონაწილეობდა "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებების" დაარსებაში. 1905 წელს გამოაქვეყნა ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული "საქართველოს გამოეჩენილ ადამიანთა ცხოვრება. ბარათოვის ტომი" (თბ.,1905, რუსულ ენაზე), რომლის შემოსავალი მოხმარდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის მოწყობას, რომელიც თავდაპირველად დიდუბის პანთეონში დაიდგა, ხოლო 1938 წელს მთაწმინდაზე იქნა გადატანილი. დააარსა რამდენიმე რუსული პერიოდული ორგანო "კავკაზსკი კრაი" (1905), "კავკაზსკაია არმია" (1907), რომელსაც ჰქონდა ორი ყოველკვირეული დამატება "კავკაზსკი ვეტერან" (ჯარისკაცებისათვის) და "კავკაზსკი ვოენნი ვესტნიკ" (ოფიცრებისათვის). იყო გაზეთ "ყარსის" რედაქტორი (26. I. 1910-2.VII.1911). აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს (ფსევდონიმები: "ბუდილნიკი", "ბლაგოჟელატელი", "ბეზ პსევდონიმა", "გ. კარტველი", "ზემეცი" და სხვ.). ბორის ესაძე გარდაიცვალა 1914 წლის 31 იანვარს, თბილისში. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.97 2. https://ru.wikipedia.org/Эсадзе,_Борис_Спиридонович 3. წოწელია ვ. ქართველი კავკასიოლოგები: ბორის და სიმონ ესაძეები). - თბილისი, 1992
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |