The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლევან ზუბალაშვილი

ლევან ზუბალაშვილი
დაბადების თარიღი:1851
გარდაცვ. თარიღი:1914  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

ზუბალაშვილები მეწარმეთა და ქველმოქმედთა ცნობილი გვარია. ამ გვარის წარმომადგენლებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა კონსტანტინე ზუბალაშვილის (1828-1901) და მისი შვილების - ლევანის, სტეფანეს, პეტრესა და იაკობის წვლილი ქვეყნისა და მისი დედაქალაქის კეთილდღეობისათვის ზრუნვაში.

ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი დაიბადა 1851 წელს თბილისში. იზრდებოდა ქუთაისში, პაპის - თავად მიხეილ თუმანიშვილის ოჯახში. აქვე მიიღო დაწყებითი განათლება.

1866-1870 წლებში სწავლობდა ოდესის ავგუსტ კნერის კერძო კლასიკურ გიმნაზიაში. უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა მოსკოვში.

ლევანს ახალგაზრდობიდანვე ძალიან უყვარდა მოგზაურობა, დადიოდა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, განსაკუთრებით ხშირად იყო მოსკოვსა და პეტერბურგში. ბოლოს ძირითად საცხოვრებლად მოსკოვი აირჩია.

1870-იანი წლებიდან კონსტანტინე ზუბალაშვილის ნავთობის მრეწველობა ბაქოში თანდათან ძლიერდებოდა  და ფართომაშტაბიანი ხდებოდა. ზუბალაშვილები ამ დროისთვის უკვე ცნობილები იყვნენ ამიერკავკასიასა და რუსეთში, სადაც თავიანთი კომერციული საქმიანობით მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ სამრეწველო-სავაჭრო კომპანიებში.

ბაქოს სათავო წარმოებას თავისი კანტორა ჰქონდა მოსკოვშიც, რომელსაც ლევან კონსტანტინეს ძე ხელმძღვანელობდა, როგორც ზუბალაშვილების ქონების ერთ-ერთი მეპატრონე-მემკვიდრე. ამავე დროს ის იყო მოსკოვში სადაზღვევო საზოგადოების - „Якорь“-ის დირექტორი. ამ საქმიანობამ იგი მალე დააკავშირა მოსკოვის ცნობილ მრეწველ-კომერსანტებთან და საბოლოოდ აქცია მოსკოვის ერთ-ერთ წარჩინებულ მოქალაქედ, უმდიდრეს მრეწველად, სახელგანთქმულ კოლექციონერად და გამორჩეულ ქველმოქმედად.

ლევანი გახლდათ მოსკოვის საპატიო მოქალაქე.

ლევან ზუბალაშვილი დიდ ფინანსურ დახმარებას უწევდა მოსკოვში მცხოვრებ ქართველ ინტელიგენციასა და სტუდენტობას. მისი ოჯახი წლების მანძილზე გულუხვად მასპინძლობდა  სწავლას მოწყურებულ ქართველ ახალგაზრდობას. მის სახელს უკავშირდება მოსკოვის უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტებისათვის თავისი მეუღლისა და შვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნა თვეში 50 მანეთის ოდენობით და სტუდენტური კლუბებისა და სამკითხველოების დაარსება. 

მე-19 საუკუნის დასაწყისში ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის თაოსნობით გადაწყდა „მოსკოვის ქართველთა საზოგადოების“ დაარსება, რომელიც 1907 წელს ჩამოყალიბდა კიდეც და თავისი არსებობის ათი წლის განმავლობაში სათავეში ედგა ბევრ ეროვნულ საქმეს. ლევანი ამ საზოგდოების საპატიო წევრი გახლდათ,  მონაწილეობდა მის საქმიანობაში და სისტემატურად ურიცხავდა გარკვეულ თანხას.

ლევან ზუბალაშვილი ფართო საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა საქართველოშიც. მართალია, იგი ფიზიკურად არ ცხოვრობდა თავის სამშობლოში, მაგრამ ყოველთვის მონაწილეობდა ძმები ზუბალაშვილების სახელით გაღებულ შეწირულობებში. ის იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საპატიო წევრი და ყოველწლიურად ურიცხავდა დიდ თანხას ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიისთვის.

ლევან ზუბალაშვილი გარდაიცვალა 1914 წლის 6 დეკემბერს. დაკრძალეს მოსკოვში, სკორბიაშენსკის მონასტრის ეზოში. მისი საფლავი დაკარგულია, რადგანაც ამ ადგილზე საბჭოთა ხელისუფლებამ პარკი გააშენა და შესაბამისად საფლავებიც განადგურდა.

ლევან კონსტანტინეს ძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისი იყო ქართველი საზოგადოებისთვის. იმ დღეებში უამრავი სამგლოვიარო განცხადება გამოქვეყნდა ქართულ პრესაშიც. ერთხელ კიდევ მადლიერებით აღინიშნა სახელოვანი მამულიშვილის მოღვაწეობისა თუ გულუხვი ქველმოქმედების შესახებ. პანაშვიდები გაიმართა სახალხო სახლში, ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში, ქართველ კათოლიკეთა მიძინების ეკლესიაში და ა. შ.

1881 წელს ლევან ზუბალაშვილმა ცოლად შეირთო იულია კატუარი (ფრანგული წარმოშობის), მოსკოვის ცნობილი მრეწველის ქალიშვილი. იულიას მამა და ძმები მოსკოვში ფლობდნენ სავაჭრო სახლს „Катуар и синовья“. წყვილს ორი შვილი შეეძინა: ალექსანდრე და მარია ელიზავეტა. ვაჟი მალე გარდაიცვალა, ქალიშვილის ბედი კი უცნობია.

იულიას გარდაცვალების შემდეგ, ლევანი დაქორწინდა ოლგა ივანეს ასულ ტრაპეზნიკოვაზე. მათ ეყოლათ ერთი ვაჟი - ლევან ლევანის ძე. ქორწინებიდან ექვსი წლის თავზე ლევან კონსტანტინეს ძე გარდაიცვალა. ოლგა პირველ ხანებში, ანდერძის თანახმად, აგრძელებდა მეუღლის საქველმოქმედო საქმეებს, მაგრამ 1917 წ. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ ზუბალაშვილებს მთელი ქონება ჩამოართვა და „ხალხის საკუთრებად“ გამოაცხადა.

სამწუხაროდ, ოლგაც მალე (1918 წ.) გარდაიცვალა და იმხანად შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო თბილისელმა ნათესავებმა ვეღარაფერი გაიგეს ლევან  ზუბალაშვილის მემკვიდრეების შემდგომი ცხოვრების შესახებ. სავარაუდოა, რომ მათ, როგორც ემიგრანტებმა, უცხოეთს შეაფარეს თავი.

ლევან კონსტანტინეს ძეს ახალგაზრდობიდანვე უყვარდა მხატვრობა და  დიდი გატაცებით აგროვებდა ხელოვნების ნიმუშებს. მისი უმდიდრესი კოლექცია თანამედროვეთა შეფასებით, 1900-იანი წლების დამდეგისათვის მეტოქეობას უწევდა მოროზოვების, შჩუკინებისა და სხვათა  სახელგანთქმულ კოლექციებს.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ლევანი ყოფილა არა მხოლოდ კოლექციონერ-შემგროვებელი, არამედ ხელოვნების მრავალფეროვანი დარგების კარგი მცოდნე და საუკეთესო შემფასებელიც. ამიტომაც მის კოლექციაში ინახებოდა პირველხარისხოვანი ღირებულების შედევრები: ფერწერული ტილოები, ხატები, ფაიფურის ნივთები, ჭურჭელი, რომლებიც ამშვენებდნენ მეპატრონის დიდებულ სასახლეებს.

ლევან ზუბალაშვილს მოსკოვში, კრემლთან ახლოს, ჰქონდა დიდებული სასახლე შესანიშნავი ბაღით. ორსართულიანი შენობა ააგო ცნობილმა არქიტექტორმა ვიშნევსკიმ, ინტერიერზე ზრუნავდა თვით ფედორ შეხტელი. ლევანმა თავისი უძვირფასესი კოლექცია მოათავსა ამ სახლის ვრცელ დარბაზებში. სახლის იატაკი დაფარული იყო ძველი აღმოსავლური ნოხებითა და ფარდაგებით, კედლები კი - გობელენებით, რომელთა შორის ეკიდა XVIII ს-ის იშვიათი ნივთები.

გარდა ამისა, ლევან კონსტანტინეს ძეს, მოსკოვთან ახლოს, სოფელ უსოვოში, ჰქონდა აგარაკი, საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია, რომელსაც შემოავლო დიდი გალავანი უზარმაზარი ალაყაფის კარებით. იქ ააშენა ორი ერთნაირი სახლი (სასახლე): ერთში თვითონ ცხოვრობდა, მეორე კი განკუთვნილი იყო სტუმრებისათვის. XVIII ს-ის ფრანგული სასახლეების სტილით ნაგები სააგარაკო სახლების კედლებიც დაფარული იყო გობელენებითა და ცნობილი მხატვრების სურათებით. სახლების წინ იდგა იტალიელი ოსტატების შექმნილი მარმარილოს ქანდაკებები. აგარაკს იმთავითვე ეწოდებოდა „ზუბალოვო“. მას ამშვენებდა დიდი პარკი, ორანჟერეა, სათამაშო მოედნები  და სხვ.

1919 წლიდან, რევოლუციის შემდეგ, აგარაკს გამოუჩნდნენ ახალი მფლობელები: ერთი სახლი დაიკავა სტალინის ოჯახმა, მეორე კი – მიქოიანმა (არტემ ივანეს ძე მიქოიანი, საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი, აკადემიკოსი, საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკი).

რუსული წყაროების მიხედვით ჩანს, რომ ლევან ზუბალაშვილმა თავისი განძეულობა უანდერძა მოსკოვის რუმიანცევის მუზეუმს, ოღონდ მთელი ეს ძვირფასეულობა უნდა მოეთავსებინათ ერთ ჭერქვეშ, მუზეუმის გვერდით მდებარე შენობაში. ამ სახლის შესაძენად ლევანს თავად გაუღია ნახევარი მილიონი მანეთი, მაგრამ პირველი მსოფლიო ომისა და შემდგომ ოქტომბრის რევოლუციის გამო ვერ მოხერხდა ამ შენობის ქცევა მუზეუმის ნაწილად. ამიტომ საბოლოოდ, როცა, ანდერძის თანახმად, ლევანის მეუღლემ 1917 წელს ოჯახის მთელი კოლექციები გადასცა რუმიანცევის მუზეუმს, ეს განძეულობა ასე გადანაწილდა: ხატები მოთავსდა მოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, იარაღის პალატაში (იქვეა კარეტების კოლექციაც), მოსკოვის კრემლის მუზეუმსა და ვასილ ნეტარის ტაძარში; ფაიფურის კოლექციამ ბინა დაიდო კუსკოვოს მუზეუმში, ხოლო ცნობილ მხატვართა ნამუშევრებმა შეავსეს პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი.

მართალია, ლევან ზუბალაშვილი ფიზიკურად არ ცხოვრობდა სამშობლოში, მაგრამ იგი ყოველთვის მონაწილეობდა ძმები ზუბალაშვილების სახელით გაღებულ შეწირულობებში, მეტიც, ძმების საქველმოქმედო საქმეების განცხადებაში ლევანი ყოველთვის პირველი სახელდებოდა, როგორც ოჯახის უფროსი შვილი. გარდა ამისა, ქართველი საზოგადოებისთვის ის გახლდათ ქართული მწიგნობრობის კარგი მცოდნე, პასუხისმგებლიანი და კეთილშობილი პიროვნება... ამიტომაც იყო, რომ თანამედროვენი მას ყოველთვის პატივისცემითა და მადლიერებით მოიხსენიებდნენ. მამულისა და ხალხის მიმართ გაწეული დიდი ამაგის გამო, 1913 წლის 1 მაისს თბილისის ერობამ ძმები ზუბალაშვილები თბილისის საპატიო მოქალაქეებად აირჩია.

სამწუხაროდ, სამშობლოს გარეთ მცხოვრებმა ზუბალაშვილებმა პოლიტიკური ვითარების გამო ვერ მოახერხეს თავიანთი მატერიალური მემკვიდრეობა მთლიანად გადმოეცათ საქართველოსთვის, მიუხედავად მათი უდიდესი სურვილისა.

წყარო:

1.ჭიჭინაძე, ზაქარია. ქველ-მოქმედნი ლევან, პეტრე, და იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები / აღწერილი და დაბეჭდილი ზ. ჭიჭინაძის მიერ. - ტფილისი, 1905 

2. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა. ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან : [მონოგრაფია] / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი ; [რედ. მურმან პაპაშვილი]. - თბილისი : უნივერსალი, 2011.

3. სიორიძე, ზაზა. ძმები ზუბალაშვილები - საქველმოქმედო საქმიანობით გამორჩეული ოჯახი // ქველმოქმედება და ქართული მსოფლგაგება / ზ. სიორიძე. - თბ., 2011. - გვ.185-188.


გააზიარე: