The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი

იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1941  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

იაკობ ზუბალაშვილი დაიბადა 1876 წელს თბილისში, კათოლიკურ ოჯახში. მამა, კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი (1828-1901) მე-19 ს-ის  60-70-იან წლების საქართველოში ცნობილი პიროვნება იყო. კეთილშობილთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ის რუსეთის არმიის ოფიცერი გახდა. მონაწილეობდა დაღესტნის ბრძოლებში. მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1850 წ. მიიღო შტაბის კაპიტნის ხარისხი. 1856 წ. ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და ხელი მიჰყო კომერციას.

კონსტანტინე ზუბალაშვილის მეუღლე გახლდათ, ასევე, კათოლიკე და ღრმად მორწმუნე ელისაბედ მიხეილის ასული თუმანიშვილი. კონსტანტინესა და ელისაბედს ჰყავდათ 8 შვილი, 5 ბიჭი და სამი ასული. მათგან პირველი, ანდრია, 6 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ მას შემდეგ შეეძინათ ოთხი ვაჟიშვილი: ლევანი, სტეფანე, პეტრე და იაკობი. ოჯახი გორში ცხოვრობდა.

1860 წელს კონსტანტინე ზუბალაშვილმა ინგლისელი მრეწველის, როტშილდისგან ხელსაყრელ ფასად შეიძინა ნავთობის სარეწები ბაქოში, კუნძულ ბიბი ებიათზე. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წლებში ამ საქმემ დიდი ზარალი მოუტანა, ის მაინც განაგრძობდა ნავთობის ძიებას. და აი, ერთ დღესაც, კუნძულზე ნავთობმა ამოხეთქა.

ამ სასიხარულო ფაქტს წინ უსწრებდა ერთი უცნაური ისტორია: გადმოცემის თანახმად, კონსტანტინე და ელისაბედი რევმატიზმის სამკურნალოდ საფრანგეთის ბასკეთში, პირენეის მთებში, ლურდის ბალნეოლოგიურ კურორტს ეწვიენ. მათ სწამდათ ლურდის ღვთისმშობლისა და იქაური წმინდა წყლის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. იმის გამო,რომ თერმულმა წყლებმა კარგად იმოქმედა ცოლ-ქმარზე, მათ საქართველოში ბიდონებით წამოიღეს სამკურნალო წყალი, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავად ვერ შეძლებდნენ ლურდში წასვლას. ჯადოსნური სითხის რაღაც ნაწილი კი წაიღეს ბაქოში, კუნძულზე. მოხუცებულმა ელისაბედმა მთელი კუნძული მოიარა და ყველა ჭაბურღილში თითო ჭიქა წმინდა წყალი ჩაასხა. იმავე ღამეს, ნავთობმა ამოხეთქა და სწორედ აქედან დაიწყო ზუბალაშვლების გამდიდრებაც.

ნავთობის ამოქმედების მიზეზი გეოლოგებმა ქიმიურ პროცესს მიაწერეს, რადგან ჭაბურღილებში დაგროვილი გაზი აფერხებდა ნავთობის ამოსვლას და ზემოდან სითხის ჩასხმით წარმოქმნილმა ქიმიურმა რეაქციამ ნავთობს გზა გაუხსნა, თუმცა ელისაბედის აზრით, ეს ლურდის ღვთისმშობლის დამსახურება იყო.

ბიბი ებიათის კუნძული, გარდა იმისა, რომ საოცარი ისტორია აქვს, განსაკუთრებული იმითაც არის, რომ კარგ არგუმენტად გამოდგება ზუბალაშვილების დამოკიდებულების შესაფასებლად დაქირავებულ მუშებთან მიმართებაში. ასე მაგალითად, ბოლშევიკების მიერ მოწყობილ 1905 წლის ბაქოს მუშათა საყოველთაო გაფიცვაში, ბიბი ებიათის მუშებმა არ მიიღეს მონაწილეობა, რადგან როგორც თავადვე თქვეს, უსინდისობა იქნებოდა, მათი მხრიდან, ასეთი მზრუნველი პატრონების წინააღმდეგ გამოსვლა.

კონსტანტინე ზუბალაშვილმა ვაჟიშვილებს თანაბრად გაუნაწილა კუნძული ბიბი ებიათი და ისინიც ნავთობმრეწველებად იქცნენ.

კონსტანტინესა და მისი შვილების მიერ გაღებული თანხით აშენდა თბილისში „სახალხო სახლი“ — ქართული თეატრის შენობა, თავადაზნაურთა გიმნაზიის შენობა; ბათუმში - კათოლიკური ეკლესია; ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთსა და უცხოეთში.

იაკობმა, ოჯახის ტრადიციის მიხედვით, პირველდაწყებითი განათლება დედის ხელმძღვანელობით მიიღო. სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც საფუძვლიანად დაეუფლა ევროპულ ენებს, ზედმიწევნით შეისწავლა ქართული ენა და ლიტერატურა.

თანამედროვეთა გადმოცემით იაკობი სკოლის პერიოდშივე შეჩვეული იყო სამეცნიერო წიგნების კითხვასა და მეცნიერულ მსჯელობას. ახალგაზრდობიდანვე გამოიკვეთა მისი ინტერესების სფეროც. მას კარგად ესმოდა, რომ საქართველოს სიძლიერისა და აყვავების  საფუძველი განათლებული ქართველობა იქნებოდა. განათლებისთვის კი მთავარია წიგნიერება, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს ბეჭდვითი სიტყვის მნიშვნელობასა და საჭიროებას.

იაკობი ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებთან და სისტემატურად ეხმარებოდა ფინანსურადაც. მისი მხარდაჭერით დიდად იყვნენ დავალებული „ივერიის“, „მოგზაურის“, „კავკაზსკი კრაის“ გამომცემლები. მისი აზრით, საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის გამო აუცილებელი იყო თბილისში რუსულ ენაზეც გამოეცათ გაზეთი, რათა მისი საშუალებით ქართველებსაც შესძლებოდათ გაეცათ პასუხი იმ მცდარ თუ ნაყალბევ ინფორმაციებზე, რომლებიც ხშირად იბეჭდებოდა რუსულ პრესაში. ახალი გაზეთის მთავარი მიზანი იქნებოდა კავკასიის ხალხებს შორის ძმური სოლიდარობის ქადაგება და განათლება-კულტურის ამაღლება. ირკვევა, რომ იაკობს ხელისუფლებისაგან სპეციალური ნებართვაც აუღია, რათა თბილისში გამოეცა ახალი გაზეთი „ვოზრაჟდენიე“. მართალია გაზეთის გამომცემელ-რედაქტორი სხვა იყო, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენი საქმის ხელმძღვანელი და ყველანაირი ხარჯის გამღები თავად იაკობ ზუბალაშვილი გახლდათ.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ძმები ზუბალაშვილების ფასდაუდებელი მეცენატობა ჟურნალ „ნაკადულის“ მიმართ. დაარსების დღიდან ისინი ჟურნალს უხვად აფინანსებდნენ, ხოლო 1906 წლიდან მთლიანად თავიანთი მფარველობის ქვეშ აიყვანეს ჟურნალის გამოცემის საქმე, უბინაოდ და უსახსროდ დარჩენილი რედაქცია საკუთარ ჭერქვეშ შეიფარეს და ბინის გარკვეული ფართი უსასყიდლოდ დაუთმეს.

იაკობ ზუბალაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და დიდი შემწე. იგი ხშირად ფინანსურად ეხმარებოდა საზოგადოების გამგეობას, გაზეთ „ივერიის“ რედაქციას. იაკობის დიდი სურვილი იყო ქშწკგ საზოგადოებას ჰქონოდა საკუთარი ბინა, რათა შესძლებოდათ საზოგადოების მიერ შეკრებილი ქართული კულტურის საუნჯის შენახვა-დაცვა.

ძმები ზუბალაშვილები და სხვა პროგრესულად მოაზროვნე ქართველები საქართველოს ისტორიის მეცნიერულ შესწავლას საშურ საქმედ მიიჩნევდნენ. იაკობი თვლიდა, რომ აუცილებელი იყო გამოცემულიყო „საქართველოს ენციკლოპედია“, რადგან ევროპაში ჩვენი ქვეყნის შესახებ არაფერი იციანო. ამ დიდი ეროვნული საქმის აღსასრულებლად შექმნილა კიდეც სპეციალური ჯგუფი, რომელსაც მუშაობაც დაუწყია.

„საქართველოს მეცნიერული ენციკლოპედია“ უნდა გამოცემულიყო ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე 13 ტომად, მაგრამ მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და ვეღარ მოხერხდა ენციკლოპედიაზე მუშაობის გაგრძელება.

1910-იან წლებში იაკობი ხელოვნების შესასწავლად საფრანგეთში გაემგზავრა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და სამუდამოდ უცხოეთში დარჩა.

იაკობ ზუბალაშვილს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისი ცხოვრების პირველი ნახევარი მშობლიური ქვეყნის სამსახურში გაატარა. მას უყვარდა კეთილი საქმეების კეთება, მოწყალების უხვად გაცემა და არავის აძლევდა უფლებას მისი ქველმოქმედების შესახებ ზედმეტად ესაუბრათ, თუნდაც პრესის ფურცლებზე. სამწუხაროდ იაკობის ცხოვრების მეორე ნახევრის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება, რადგან  საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში საქართველოდან შეუძლებელი იყო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირება.

იაკობს, როგორც დიდად განათლებულსა და მრავალმხრივ ნიჭიერ ადამიანს, ერთნაირად იზიდავდა როგორც პრაქტიკულ-კომერციული საქმიანობა, ისე მწიგნობრობა, ხელოვნება და კულტურის სხვა სფეროებიც. განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებდა ხელოვნების ნიმუშების მიმართ. ამიტომაც მთელი ცხოვრების მანძილზე  გატაცებით აგროვებდა ფერწერულ ტილოებსა და სხვა იშვიათ ნივთებს.

იაკობ ზუბალაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი კოლექცია სამშობლოსთვის ეჩუქებინა. ამისთვის ანდერძიც შეუდგენია, პარიზში მყოფ ექვთიმე თაყაიშვილისთვის ნოტარიალურად დამოწმებული საბუთიც ჩაუბარებია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს გადაწყვეტილება შეუცვლია და კოლექცია თავისივე სიცოცხლეში სრულიად უსასყიდლოდ გადაუცია ლუვრისა და პარიზის სხვა მუზეუმებისთვის.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მოხუცი გაუძარცვავთ. პარიზის პოლიციამ მძარცველები დააკავა და ისინი ქართველები აღმოჩნდნენ. გულნატკენმა იაკობმა ექვთიმე თაყაიშვილს ანდერძი დაახევინა და თავისი ქონება საფრანგეთს დაუტოვა. მის უნიკალურ კოლექციაში იყო პიკასოს, დეგას, სეზანის, მატისის, მონეს, ბოტიჩელის, როდენისა და სხვათა შედევრები, მარმარილოს, ბრინჯაოს, კერამიკის, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.  

იაკობის კოლექციის ძირითადი ნაწილი განთავსებულია ლუვრში, სპეციალურად გამოყოფილ ერთ-ერთ დარბაზში, რომლის კედელზეც არის მარმარილოს დაფა რომელზეც ამოყვანილია ამ მუზეუმში შეკრებილი ხელოვნების საგანძურის ცნობილ თუ გულუხვ მჩუქებელთა სახელები. მათ შორის არის იაკობ ზუბალაშვილის სახელიც. პარიზში ალექსანდრე მესამის ხიდთან არსებულ მცირე სასახლეში ერთ დარბაზს ჰქვია "ზუბალოვის დარბაზი".

პარიზის საზოგადოებას კარგად ესმოდა იაკობ ზუბალაშვილის კოლექციის უდიდესი მნიშვნელობა მსოფლიო ხელოვნების ისტორიისათვის. იაკობის გარდაცვალების შემდეგ ფრანგული პრესა წერდა: „ლუვრის მცირე დარბაზი, დეკორატიული ხელოვნებისა და სხვა მუზეუმები, გალერეები ფლობენ შედევრებს, რომლებითაც გაამდიდრა ისინი ბატონმა ზუბალოვმა, ამიტომ დროა შედგეს კატალოგი ზუბალოვის საჩუქრებისა, 581 ერთეულისა. ეს მთელი მუზეუმია. მან არ ისურვა გაეხსნა საკუთარი სახელობის დარბაზები და სხვა მეცენატთაგან განსხვავებით ეს გააკეთა მიზანმიმართულად, მეცნიერული ინტერესებიდან გამომდინარე იმ რწმენით, იმ სულისკვეთებით, რომ მუზეუმი მისთვის არის არა ნახატების კოლექციების უბრალო შესაკრებელი, მუზეუმი სასწავლო დაწესებულებაცაა“   

მიუხედავად ამისა, საფრანგეთმა ვერ შეძლო იაკობის ღვაწლის სათანადოდ დაფასება და როცა მას, 1936 წელს, უკიდურესად გაუჭირდა და პარიზის მუზეუმის დირექციას სთხოვა, რომ უბრალო სამსახურში აეყვანათ, როგორც ნახატების ინვენტარიზატორი, ეს თხოვნა ვერ შეუსრულეს, 2 წლის შემდეგ კი, ერთჯერადად დაეხმარნენ ფულით და ამგვარად, მოიხსნეს თავიანთი პასუხისმგებლობა ჟაკ მიშელ ზუბალოვის მიმართ.

იაკობ ზუბალაშვილმა (საფრანგეთში ჟაკ მიშელ ზუბალოვი) 1922 წელს მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და იქვე აღესრულა 1941 წელს. დაკრძალულია პარიზის ახლოს, ქალაქ ნეიი- სიურ-სენში. გადარჩა თუ არა მისი საფლავი უცნობია. 

წყარო: 

1. ჭიჭინაძე ზაქარია. ქველ-მოქმედნი ლევან, პეტრე, და იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები . - ტფ., 1905 

2. ფეიქრიშვილი ჟუჟუნა. ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან. - თბ., 2011.

3.სიორიძე, ზაზა. ძმები ზუბალაშვილები - საქველმოქმედო საქმიანობით გამორჩეული ჯახი // ქველმოქმედება და ქართული მსოფლგაგება / ზ. სიორიძე. - თბ., 2011. - გვ.185-188.

4. იაკობ ზუბალაშვილი // თხევადი მზის ქვეყანა. - თბ., 2012. - გვ.207-215.


გააზიარე: