The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დავით ესტატეს ძე ერისთავი

დავით ესტატეს ძე ერისთავი
დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1842
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 1910  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნოვოდევიჩის მონასტრის ტერიტორია, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დავით ერისთავი (ქსნის) დაიბადა 1842 წლის 3 ივნისს სოფელ მეჯვრისხევში (ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი). მამა - პრაპორშჩიკი ესტატე (ევსტაფი) მირმანოზის ძე ერისთავი, დედა - ეკატერინე ლუარსაბის ასული სუმბათაშვილი.

დავითმა განათლება მიიღო გვარდიის პოდპრაპორშჩიკების და კავალერიის იუნკერთა სკოლაში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კორნეტის ჩინით მსახურობდა კიევის ჰუსართა (1862) პოლკში. 1863 წელს პორუჩიკის წოდება უბოძეს. 1864 წელს ჩაირიცხა მისი უდიდებულესობის ლაიბგვარდიის ჰუსართა პოლკში.

დავით ერისთავის სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა: 1870, 17 აპრილი - შტაბს-როტმისტრი; 1871, 28 მარტი - როტმისტრი; 1875, 13 აგვისტო -პოლკოვნიკი.

მონაწილეობდა კოკანდის სახანოს საწინააღმდეგო კამპანიაში, თურქესტანში.

1876 წლიდან მეთაურობდა ყუბანის კაზაკთა ჯარის პოლტავის ცხენოსანთა პოლკს (კავკასიის სამხედრო ოლქი). პოლკმა თავი გამოიჩინა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878).

1879-1881 წლებში მონაწილეობდა თურქმენების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში ამიერკასპიის მხარეში და გახდა გეოკ-ტეპეს ალყის გმირი (1880-1881).

1886 წელს მიენიჭა გენერლ-მაიორის წოდება და დაინიშნა მე-6 საკაველერიო დივიზიის II ბრიგადის მეთაურად.

1891 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი და მეთაურობდა მე-13 საკავალერიო დივიზიის II ბრიგადას, ხოლო, 1895 წ-დან  -  მე-5 საკაველერიო დივიზიას.

1901 წლის 29 ივნისს თანამდებობიდან გადადგა და დაინიშნა დაჭრილებზე მზრუნველ ალექსანდრეს  კომიტეტის წევრად.

1906 წელს გახდა რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი.

მიღებული აქვს სპარსეთის ლომისა და მზის I ხარისხის ორდენი; ალექსანდრე II-ის ვენზელი და ოქროს ხმალი; წმ. გიორგის, წმ. ვლადიმირის, წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენები; ოქროს ხმალი წარწერით „სიმამაცისთვის“ (1878); თეთრი არწივის ორდენი (1904); წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი ( 1909).

მისი მეუღლე იყო სალომე აგაფონის ასული აკიმოვა (1847-1920), კავალერიის გენერალ ნიკოლოზ აკიმოვის და. წყვილს ოთხი ქალიშვილი ჰყავდა : ეკატერინე, ნინა, ვარვარა და სუსანა.

დავით ესტატეს ძე გარდაიცვალა 1910 წლის 2 ივლისს, სანქტ-პეტერბურგში. დაკრძალულია ნოვოდევიჩის მონასტრის ტერიტორიაზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014.–გვ.57

2. https://ru.wikipedia.org//wiki/Эристов,_Давид_Евстафьевич

 


გააზიარე: