The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დავით როსტომის ძე ერისთავი

დაბადების თარიღი:1780
გარდაცვ. თარიღი:1830  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დავით როსტომის ძე ერისთავი ქსნის ერისთავთა შთამომავალი იყო. მის წინაპრებს ჯერ ქსნის საერისთავო რეზიდენციაში - სოფელ ახალგორში უცხოვრიათ, შემდეგ კი სოფელ ოძისში გადასახლებულან. დავითი იყო ქსნის ერისთავთა უფროსი მემკვიდრე, რომელსაც ძველი წესის მიხედვით საერისთავოს გამგეობა ხვდებოდა.

დავით როსტომის ძეს ებარა პატარა ლიახვის და მეჯუდის ხეობის ოსები, მიმაგრებული იყო ოსეთის სასულიერო კომისიაზე და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებას ოსების გაქრისტიანების საკითხზე, რისთვისაც მიიღო საგარეო საქმეთა კოლეგიის მდივნის (გუბერნიის სეკრეტრის) ჩინი.   

დავით ერისთავი მონაწილეობდა თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალციხესთან (1810), აგრეთვე, 1827 წლის რუსეთ-ირანის ომში: აბას -აბადისა და სარდარაბადის ალყა - აღება ( 7 აგვისტო და 17 სექტემბერი) და ბოლოს, ერევნის აღებაში (1 ოქტომბერს).

სპარსეთის კამპანიაში გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვეს წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენით და მისცეს კოლეგიის სეკრეტრის ჩინი (1828).

დავით როსტომის ძე განთქმული იყო პურადობითა და სტუმართმოყვარეობით. მას საკმაოდ განათლებულ კაცად იცნობდნენ. სიცოცხლის ბოლო წლებში მრჩევლის თანამდებობა ეჭირა სახაზინო ექპედიციაში (სახაზინო კოლეგიის სოვეტნიკი).

გარდაიცვალა 1830 წლის 12 აგვისტოს ქოლერით. დასაფლავებულია სოფელ პატარა ოძისის ეკლესიაში.

დავით როსტომის ძე ერისთავის მეუღლე იყო მარიამი, მდივან ივანე ქობულაშვილის ასული (1786-1848). იგი ქართულ მწიგნობრობაში გათვითცნობიერებული და მეტად სათნო ხასიათის ქალი ყოფილა. მათ ჰყავდათ  სამი ვაჟი: როსტომი (1811-1847), გიორგი (გლუხარიჩი, 1813-1864),  ივანე (იგივე ოქრო, 1818-1858) და ქალიშვილი - თინათინი.

შვილებიდან ყველაზე ცნობილია გიორგი ერისთავი - დრამატურგი, პოეტი, მთარგმნელი, ქართული პროფესიული თეატრის დამაარსებელი.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014.–გვ.57

2. ბერძნიშვილი მაქს. მასალები XIX . პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისთვის [ტ.]1. -თბ., 1980. -  გვ. 232.


გააზიარე: