შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი იულდაშვილი![]()
ბიოგრაფიაშვეიცარიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი გიორგი იულდაშვილი იხსენებს, რომ, მშობლებმა მუსიკაზე პირველად 7 წლის ასაკში მიიყვანეს, მაგრამ სასწავლებელში „არასაკმარისი ნიჭის“ გამო არ მიიღეს. 11 წლის ასაკში ხელმეორედ დაიწყო მუსიკალური განათლების მიღება ფორტეპიანოს მიმართულებით და საბოლოოდ მუსიკა მის პროფესიად და ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. წარმატების მისაღწევად მრავალი სირთულე და დაბრკოლება გაიარა. ძალიან ბევრს მუშაობდა, რათა საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ გულწრფელად მოინდომებ - გამოგივა. 18 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო კონსერვატორიაში გამართულ შვეიცარიელი პროფესორის ჰანს-იურგ შტრუბის მასტერკლასებში, სადაც სხვადასხვა საფორტეპიანო ნაწარმოები შეასრულა და მოწონება დაიმსახურა. პროფესორმა იმავე წელს მიიწვია გერმანიაში თავის ორკვირიან მასტერკლასებზე. ზუსტად ეს აღმოჩნდა ყველაფრის საწყისი. ამ შეხვედრის შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა ბაკალავრიატზე ციურიხში ჩაებარებინა, პროფესორ ჰანს-იურგ შტრუბის კლასში. მისაღებ გამოცდებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში გიორგიმ, ინტენსიური შრომით შეძლო გერმანული ენის გაუმჯობესება. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იცოდა, რომ ჩაბარების შემთხვევაში ძალიან ბევრი საგნის გავლა და ნაშრომის დაწერა მოუწევდა მისთვის სრულიად უცხო ენაზე. მისაღები გამოცდები წარმატებით გაიარა და, უკვე, სტუდენტობის წლებში მიიღო შემოთავაზებები კონცერტების ჩატარებაზე. კონცერტებმა მუსიკალურ სფეროში გზა სწრაფად გაუკვალა და გულშემატკივრების რაოდენობაც საგრძნობლად გაზარდა. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში საკუთარ თავში პედაგოგის ნიჭი აღმოაჩინა. ამან განაპირობა, რომ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლა მაგისტრატურაზე, პედაგოგიურის მიმართულებით განაგრძო. ორი წლის შემდეგ კი, როდესაც ფინალური გამოცდა ჩააბარა, აღმოჩნდა, რომ ის სასწავლებელში ყველაზე წარმატებული უცხოელი მაგისტრი იყო, რისთვისაც ციურიხის მერიამ დააჯილდოვა და ფულადი პრემია გადასცა. 2019 წელს შედგა გიორგის დებიუტი ციურიხის “Tonhalle”-ს დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც მასთან ერთად დაუკრა ლეგენდარულმა პორტუგალიელმა პიანისტმა - მარია ჟოაო პირეშმა. 2018 და 2020 წლებში იგი გახდა პრესტიჟული შვეიცარიული კონკურსის “Instrumentalmusik Wettbewerb des Migros-Kulturprozent”-ის ორმაგი გამარჯვებული. ასევე, 2021 წელს ქალაქ ბაზელში, “Friedlwald”-ის კონკურსზე, ახალი გამარჯვება მოიპოვა. დღესდღეობით, გიორგი იულდაშვილს შეუძლია შვეიცარიის მასშტაბით, ნებისმიერ მუსიკალურ სასწავლებელში უგამოცდოდ დაიწყოს მუშაობა. პედაგოგიურის მაგისტრატურაზე სწავლამ მას ძალიან საინტერესო ხედვა და აზროვნება ჩამოუყალიბა, რაც გამოიხატა მის მიერ ევროპული და ქართული სწავლების საკმაოდ საინტერესო მეთოდის შექმნაში, განსხვავებული კულტურების სინთეზით. ახალგაზრდა პიანისტის კარიერა წარმატებით ვითარდება. ამჟამად მასტერ ორზე (Master Performance) სწავლობს. რამდენიმე თვეში კი ავსტრიულ მუსიკალურ ლეიბლთან თანამშრომლობით გამოვა მისი პირველი ოფიციალური დისკი. განსაკუთრებით ეამაყება, რომ დისკზე ერთ-ერთი მთავარი ადგილი ქართველი კომპოზიტორის, ნოდარ გაბუნიას საფორტეპიანო ციკლს უკავია. გარდა ამისა, აქტიურად მუშაობს და მიზნად აქვს დასახული ახლო მომავალში სასკოლო სახელმძღვანელოს გამოცემა, რომელიც დამწყებ პიანისტებს ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლაში დაეხმარება. წყარო: 1. https://tbilisipost.ge/news/giorgi-iuldashvili-shveiariashi-mkhovrebi--qartveli-pianisti/4879
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |