შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ენვერ ცქიტიშვილი![]()
ბიოგრაფიაენვერ ომარის ძე ცქიტიშვილი დაიბადა 1961 წლის 15 ნოემბერს, ლუგანსკის მხარეში, ქალაქ კომუნარსკში (ახლა ალჩევსკი). ვიკიპედიაში მოხსენიებულია, როგორც პოლიტიკოსი და მენეჯერი. ის იყო უკრაინის რადას დეპუტატი 2002- 2006 წლებში. 2011 წლიდან კი "აზოვსტალის“ გენერალური დირექტორია. „აზოვსტალი“ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მეტალურგიული კომბინატია. მდებარეობს დონბასის რეგიონში, ქ. მარიუპოლში. ჯერ კიდევ 1933 წელს ამოქმედდა და თუჯის ჩამოსხმასთან ერთად, სატანკო ჯავშნის ფილებსაც ამზადებდა. მისი აშენების ადგილი აზოვის ზღვის სანაპიროზე საბჭოთა ხელისუფლებამ ნედლეულთან იოლი წვდომის გამო აარჩია. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე ქარხანაში 10 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. ენვერ ცქიტიშვილი წარმოშობით საქართველოდანაა. მამამისი ქუთაისში დაიბადა. ბავშვობაში ენვერიც ხშირად ისვენებდა ქუთაისთან ახლოს, ერთ ულამაზეს ადგილას, სადაც დღესაც ცხოვრობენ მისი ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილები და მათი შვილები. 1976-1980 წლებში სწავლობდა კომუნარსკის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. ამავე დროს, მუშაობდა ზეინკლად მეტალურგიულ ქარხანაში. 1980-1982 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1983 წლიდან რამდენიმე წელიწადი კვლავ მეტალურგიულ კომბინატში საქმიანობდა სხვადასხვა პოზიციაზე. 1991 წელს დაამთავრა კომუნარსკის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი ინჟინერ-მეტალურგის სპეციალობით. აქვს ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო წოდება სპეციალობით „ტექნიკური თბოფიზიკა და სამრეწველო თბოენერგეტიკა“. 1999 წლის დეკემბრიდან ალჩევსკის მეტალურგიული კომბინატის გენერალური დირექტორი და გამგეობის თავმჯდომარეა. 2002-2007 წლებში მოღვაწეობდა პოლიტიკის სფეროში. 2008 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა მაკეევსკის მეტალურგიულ ქარხანას, სადაც კრიზისულ პერიოდში მნიშვნელოვანი გარდაქმნები განახორციელა პროდუქციის გამოშვების კუთხით. 2010 წლის სექტემბრიდან „აზოვსტალის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2011 წლის 22 აპრილს კი გენერალურ დირექტორად აირჩიეს. „აზოვსტალს“ უკვე ნანახი აქვს ძალადობა. ქარხანა მეორე მსოფლიო ომის დროს 1941 წელს გაჩერდა. მაშინ საბჭოთა კავშირმა კომბინატის დიდი ნაწილი აღმოსავლეთში გადაიტანა და ნაცისტების ოკუპაციას გაარიდა. 1943 წლის სექტემბერში მარიუპოლის გათავისუფლების შემდეგ ქარხნის აღდგენა დაიწყო. 2022 წლის გაზაფხულზე მარიუპოლზე შეუწყვეტელი თავდასხმის გამო „აზოვსტალმა“ კვლავ შეაჩერა მუშაობა. უკრაინელებისთვის ამ ვითარებაში ახალი არაფერია. მათ სწამთ, რომ „აზოვსტალს“ თავიდან ააშენებენ, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა. „ჩვენ დავბრუნდებით ქალაქში, აღვადგენთ საწარმოს და ავაღორძინებთ მას. ის ისევე იმუშავებს და დიდებას მოუტანს უკრაინას, როგორც ეს ადრე იყო. რადგან მარიუპოლი და „აზოვსტალი“ უკრაინაა“, - წერს ენვერ ცქიტიშვილი. ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ენვერ ცქიტიშვილი ბავშვობის წლებში გატაცებული ყოფილა ფეხბურთით და ფეხბურთელობასაც აპირებდა. უკვე მოზრდილობაში კი მის უდიდეს გატაცებად წიგნები და მათი შეგროვება იქცა. ის ბიბლიოფილია, რომლის ბიბლიოთეკაც 2014 წლამდე უკრაინის სამ საუკეთესო კერძო კოლექციაში შედიოდა და არაერთ უიშვიათეს გამოცემას აერთიანებს. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემებია - ბიბლია, პუშკინისა და დოსტოევსკის ნაწარმოებები, ლევ გუმილიოვის ნაშრომები და სხვა. წყარო: 1. https://www.ambebi.ge/article/275816-mama-daibada-kutaisshi-ik-mqavs-natesavebi-gmi/ 2. https://ru.wikipedia.org/ Цкитишвили, Энвер Омарович 3. https://mariupol.news/persons/tskitishvili-enver-omarovich
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |