The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მურად ქასაბი (ქასაყაშვილი)

დაბადების თარიღი:1976  (48 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

ქართველებმა ოსმალებთან ურთიერთობა XV საუკუნის II ნახევარში დაიწყეს. ამ დროიდან საქართველო და ქართველები მუდმივად იმყოფებოდნენ ოსმალო ისტორიკოსებისა და მოგზაურების დაინტერესების არეალში. ოსმალურ წყაროებში საქართველოს სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებასთან, ასევე მის გეოგრაფიასა და ისტორიასთან დაკავშირებით ბევრი მნიშვნელოვანი მასალა მოიპოვება.

XVI საუკუნიდან ქართველები ოსმალეთის იმპერიის მმართველ წრეებშიც გამოჩნდნენ.

2012 წელს ქართულ ენაზე გამოიცა მურად ქასაბის წიგნი „ოსმალეთის ქართველები“. ნაშრომში გადმოცემულია იმ ქართველთა ბიოგრაფიები, რომლებიც ოსმალური ცივილიზაციის ნაწილი გახდნენ და მონაწილეობა მიიღეს ოსმალეთის იმპერიის მართვაში. წიგნში თავმოყრილია 1200 პირის ბიოგრაფია და მათი ოჯახების ისტორია.

ქართული წარმოშობის თურქი ისტორიკოსი მურად ქასაბი (ქასაყაშვილი) დაიბადა 1976 წელს ორდუს ილის ქ. გოლქოიში. დაწყებითი განათლება ფაშაპინარის დაწყებით სკოლაში მიიღო, ხოლო საშუალო განათლება - გოლქოის იმამ ჰატიბის ლიცეუმში.

2001 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის ისტორიის განყოფილება. 2002 წელს ამავე უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საშუალო განათლების დარგში ისტორიის მასწავლებლის მაგისტრის ხარისხი მიიღო.

2002-2004 წლებში კერძო სკოლაში ასწავლიდა ისტორიას. 2004-2008 წლებში მუშაობდა სოციალური კვლევებისა და კულტურათა შორის თანამშრომლობის ასოციაციაში. ამჟამად ასრულებს გენერალური მდივნის მოვალეობას სტამბოლში არსებულ „საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციაში“. არის ამ ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მურად ქასაბის რეჟისორობით თურქეთში 2014 წელს გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „ოსმალეთის საქართველოს შესახებ.“ ფილმი თურქულ ენაზეა.

წყარო:

1. ქასაბი მურად. ოსმალეთის ქართველები. - სტამბოლი, 2012.


გააზიარე: