The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნუგზარ გამგებელი

ნუგზარ გამგებელი
სხვა სახელი:ვალერიანო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

ნუგზარ ვალერიანის ძე გამგებელი (ფსევდ. ვალერიანო) დაიბადა 1959 წლის 5 სექტემბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში. ექვსშვილიან ოჯახში ნუგზარი ყველაზე უმცროსი იყო.

გადმოცემით იცის, რომ სამი წლის ასაკიდან მღერის. ეს არც უკვირს, რადგან სოფელში ვალერიან გამგებელის ოჯახს იცნობდნენ როგორც ამღერებულ მრავალშვილიან ოჯახს. მამა - ქართული ლიტერატურის პედაგოგი, პოეტი და ქართული ფოლკლორის მოტრფიალე, გუნდის მომღერალი გახლდათ. დედა – ვარვარა მჭედლიშვილი და ნუგზარის უფროსი და-ძმა, თითქმის ყველანი მღეროდნენ. ორმა მათგანმა - მერიმ და თინათინმა, მუსიკალური განათლება მიიღო საგუნდო სადირიჟორო სპეციალობით. ასე რომ, ნუგზარ გამგებლის  გადაწყვეტილება გამხდარიყო პროფესიონალური საოპერო მომღერალი, სულაც არ ყოფილა საფუძველს მოკლებული.

ბავშვობაში დამოუკიდებლად ისწავლა ფანდურზე, გიტარასა და სალამურზე დაკვრა. 7 წლის იყო, როცა მშობლებმა პიანინო უყიდეს და მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მამამ ჭიათურის კულტურის სახლში მიიყვანა, რათა მათ თანასოფლელ კომპოზიტორს, მამია ხატელიშვილს მისთვის მოესმინა და ერჩია, თბილისში რა განხრით გაეგრძელებინა სწავლა სამუსიკო სასწავლებელში. მისი რჩევით ნუგზარმა სწავლა ვოკალის განხრით განაგრძო.

არაყიშვილის სახელობის პირველ მუსიკალურ სასწავლებელში მაღალი შეფასებით მიიღეს და ვოკალში ნოდარ ჯაფარიძის კლასში გაამწესეს... ერთი წლის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოიძახეს, სადაც ორი წლის განმავლობაში ანსამბლ „მშენებლის” სოლისტი იყო. ჯარიდან დაბრუნებულს სასწავლებელში ახალგაზრდა პედაგოგი გოჩა ბეჟუაშვილი დახვდა, რომელმაც კონსულტაციისთვის  ბატონ ნოდარ ანდღულაძესთან წარადგინა. ამ შეხვედრამ განაპირობა მათი შემდგომი თანამშრომლობა.

ნუგზარ გამგებელმა 1982 წელს დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი, 1987 წელს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. ნ. ანდღულაძის კლასი).

1982-1987 წწ. მღეროდა სხვადასხვა ანსამბლებში: ტელევიზიის ვაჟთა ოქტეტი, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი (ხელმძ. თ. ქევხიშვილი), „შვიდკაცა“, „ეგრისი“, „ჟურნალისტი“, „ჰანგი“; 1987-1990 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მომღერალი.

1990 წ-დან არის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის წამყვანი სოლისტი–ლირიკული ტენორი. გამოირჩევა ლამაზი ტემბრის ხმით და  ექსპრესიული შესრულებით.

მომღერლის დებიუტი თბილისის საოპერო თეატრში შედგა 1989 წლის 14 იანვარს, ვერდის „ბალ-მასკარადში”. ამას მოჰყვა უამრავი სხვა სპექტაკლი. ასე რომ, სანამ ესპანეთში დამკვიდრდებოდა, უზარმაზარი რეპერტუარი ჰქონდა უკვე შესწავლილი და ნამღერი.

სხვადასხვა დროს ქართულ ანსამბლებთან და თბილისის საოპერო დასთან ერთად გასტროლებით მოიარა: ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, გერმანია, ინგლისი, ავსტრია, იტალია, ესპანეთი... 

ქართველი მომღერალი ალფ­რე­დო კრა­უ­სის სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. 1990-1995 წწ. გაიარა დახელოვნების კურსები მაესტრო ალფრედო კრაუსთან, დედოფალ სოფიას აკადემიის კურსები (სანტ-ანდრეა). ნუგზარ გამგებელი უსაზღვროდ მადლიერია ესპანელი ტენორის, რომელმაც ოთხი წელი სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ ა­მე­ცა­დი­ნა და თავის უნიკალურ ტექნიკას აზიარა.

ნუგზარ-ვალერიანო გამგებელი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია: კალტანისეტის ბელინის სახელობის საერთაშორისო ვოკალისტთა კონკურსის დიპლომანტი (1980); ბარსელონას ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის I პრემიის და გრან–პრის მფლობელი (1990); მადრიდის ვ. ალონსოს სახელობის კონკურსის ლაურეატი (1993, I პრემია); პამპლონის ხულიო გაიარხეს  სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის I პრემია (1993); პამპლონის ხულიო გაიარხეს სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის II პრემია და ხოსე კარერასის სპეციალური პრემია (1994) და სხვა.

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნ სა­ო­პე­რო სცე­ნე­ბზე შესრულებული აქვს: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“); კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“); ალფრედი, რიჩარდი (ჯ. ვერდის „ტრავიატა“, „ბალ-მასკარადი“); ანტონიო და მეფისტოფელი (ს. პროკოფიევის „დუენია“ და „ცეცხლოვანი ანგელოზი“); ვერდის „რიგოლეტო“, „ნაბუქო“, „აიდა“; ბიზეს „კარმენი“; მასკანის „სოფლის ღირსება“; ალბენისის „მერლინი“; ვაგნერის „ლოენგრინი“; პუჩინის „ტოსკა“, „ბოჰემა“, ტრიპტიხი („მოსასხამი“, „მონაზონი ანჟელიკა“, „ჯანი სკიკი“); მალერის „სიმღერა დედამიწაზე“; ბეთჰოვენის ოპერა „ფიდელიო“ (საკონცერტო შესრულება); ასევე ტენორის პარტიები ვერდის „რექვიემში“, ბეთჰოვენის IX სიმფონიაში და სხვა.

1996 წ-იდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ესპანეთში, სადაც მისი დე­ბი­უ­ტი 1997 წელს, ბი­ზეს "კარ­მე­ნით" შედ­გა. ჩამოსვლის პირველსავე დღეებში მიიწვიეს მადრიდის თეატრში, სადაც 25 სპექტაკლში იმღერა. ყველა ამ სპექტაკლებმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა.

საოპერო სპექტაკლებში მონაწილეობის გარდა მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში საოპერო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა.

მადრიდში არსებობს ასოციაცია "ვალერიანოს მეგობრები", რომელიც პერსპექტიულ მომღერლებს უწევს დახ­მა­რე­ბას.

ყო­ვე­ლი კონ­ცერ­ტის და­გეგ­მვი­სას ცდი­ლობს ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის, ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შეუ­წყოს ხელი. გარ­და ამი­სა, მო­ნა­წი­ლე­ობს უამ­რავ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე

ქვეყ­ნის გა­რეთ. 

2018 წელს საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ნუგზარ გამგებლის მეუღლეა ირინა დოროშენკო-გამგებლისა. ისიც მომღერალია, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული. ჰყავთ ერთი ვაჟი, ვალერიანო მადრიდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .I.–თბ., 1997.–გვ.538.

2. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 94.

3. ნადარეიშვილი, აია. ვისთვის მღერის ვალერიანო // სადაც მუსიკა ჯადოქრობს /მაია ნადარეიშვილი.-თბ.,2006.- გვ. 88-92.

4. გამგებელი, ნუგზარ-ვალერიანო. როგორ გახდა სოფელ ჭორვილაში, შეჭირვებაში გაზრდილი - ნუგზარ-ვალერიანო გამგებელი მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი ...: ინტერვიუ /  ესაუბრა კატო ჟღენტი // თბილისელები. - თბილისი, 2012. - 3-9 დეკემბერი. - N49(623). - გვ.75.


გააზიარე: