შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გასტონ ბუაჩიძე![]()
ბიოგრაფიამწერალი, პედაგოგი და მთარგმნელი გასტონ ბუაჩიძე სამენოვანი მწერალია. იგი დედით ფრანგი იყო და მამით ქართველი. ასე რომ ფრანგული და ქართული მისთვის თავიდანვე მშობლიური ენები გახლდათ, რასაც თავისთავად დაემატა რუსულიც. ასე გახდა იგი სამენოვანი მწერალი და სამივე ქვეყნის კულტურა გაამდიდრა ლიტერატურული მონაპოვრებით. გასტონის მამა, სერგო ბუაჩიძე, ინჟინერი იყო და ამის გამო ხშირად უწევდა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. ის 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც ელექტროხაზის გაყვანას ხელმძღვანელობდა. იქ გაიცნო ფრანგი ქალი გაბრიელა ბრუსი, რომელიც შეუყვარდა და მალე ცოლადაც მოიყვანა. იქორწინეს თუ არა, საქართველოში ჩამოვიდნენ. გასტონი1935 წლის 21 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. შემდეგ მამა უკრაინაში გამოიძახეს სამუშაოდ და ოჯახი საცხოვრებლად ლვოვში გადავიდა. გასტონმა სკოლა იქ დაასრულა. პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია, ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩააბარა, ლვოვის (უკრაინა) სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1958 წელს წარმატებით დაამთავრა. მომავალი მეუღლე, სვეტლანა საბუცკაია, 1959 წელს ლვოვში გაიცნო. ერთ წელიწადში დაქორწინდნენ და საცხოვრებლად საქართველოში წამოვიდნენ. გასტონი თბილისის უნივერსიტეტში ფრანგულ ლიტერატურას ასწავლიდა, სვეტლანა კი – რუსულ ენასა და ლიტერატურას ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. ქალ-ვაჟი შეეძინათ - ანა და ანდრია. ბავშვები ქართულ სკოლაში სწავლობდნენ, მაგრამ რადგან სახლში ყოველთვის სამ ენაზე საუბრობდნენ, ისინიც სამივე ენას ზედმიწევნით დაეუფლნენ. გასტონი 29 წლის იყო, როცა საფრანგეთში ჩავიდა და პირველად შეხვდა ფრანგ ბებიას და დედის ნათესავებს. მანამდე საზღვარგარეთ გასვლის ნებართვას არ აძლევდნენ. 1960 -1990 წწ. გასტონ ბუაჩიძე გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი. ამ ხნის განმავლობაში იგი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ნაყოფიერ მთარგმნელობით და ლიტერატურათმცოდნეობით შრომასაც ეწეოდა. ფრანგულად თარგმნიდა ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშებს და პირიქით, ფრანგული მწერლობის არაერთი ავტორი გავიცანით მისეული ქართული თარგმანებით. მისი კვლევების ძირითადი თემა ყოველთვის იყო ქართული და ფრანგული ლიტერატურის კონტაქტები. 1995 წელს სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „წვლილი ფრანგულ–ქართული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისთვის“. ამ ექსპოზიციას მიეძღვნა საგანგებო კატალოგი, რომელიც იხსნება გასტონ ბუაჩიძის ტექსტით: „ფიროსმანი, ლეგენდარული ფერების სიცოცხლე“. ცნობილმა ფრანგულმა და შვეიცარიულმა გამომცემლობებმა სხვადასხვა დროს დაბეჭდეს მის მიერ შესრულებული თარგმანები ქართულიდან ფრანგულად: „ქართული პროზა დასაწყისიდან დღემდე“ (1998), გალაკტიონ ტაბიძის „მე და ღამე“ (ლექსების კრებული, 1998), ილია ჭავჭავაძის „ლექსები და პროზა“ (2009), ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ (2012), ამავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში ფრანგულად გამოვიდა აკაკი წერეთლის „ლექსთა კრებული“. 1987 წელს მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენად იქნა აღიარებული გასტონ ბუაჩიძის ფრანგულად თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც გაფორმებული იყო რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით. გასტონის მეუღლემ, ფილოლოგმა და მხატვარმა სვეტლანა საბუცკაია-ბუაჩიძემ სამი წიგნი დაწერა საქართველოზე: „სუფრა ანუ ლხინის მბრძანებელი“, „მოგზაურობა ფიროსმანის სივრცეში“ და „რუსთაველის ცრემლები“. მათი შვილებიც საფრანგეთში ცხოვრობენ. ანა ფილოლოგია, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი. ქართველი მეუღლე და ორი ვაჟი ჰყავს. ანდრია პროფესიით ინფორმატიკის სპეციალისტია. შეკითხვაზე თუ რომელ ენაზე აზროვნებს, ბატონი გასტონი პასუხობს, - „იმ ენაზე, რომელზეც ვწერ. საერთოდ, სამ ენაზე ვაზროვნებ. ეს იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ასეა. ახლაც, თქვენ რომ გელაპარაკებით, ქართულად ვაზროვნებ. ჩემს მეუღლესთან რუსულად ვაზროვნებ და საფრანგეთში – ფრანგულად...“ 2010 წელს გასტონ ბუაჩიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. გარდაიცვალა საფრანგეთში, 2022 წლის 13 ივლისს. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/გასტონ_ბუაჩიძე
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |