The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივანე ყურულიშვილი

ივანე ყურულიშვილი
სხვა სახელი:იან
ვანო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:1961  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

იან (ვანო) ყურულიშვილი, ქართული ემიგრაციის ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის სერგო ყურულიშვილის უმცროსი ძმა და მისი სულიერი მემკვიდრე იყო. დაიბადა საჩხერის რაიონში ვანო ყურულიშვილისა და ეკატერინე ნაზარიშვილის ოჯახში.

სერგო ყურულიშვილი 1918–24 წლებში  საქართველოს კონსული იყო პოლონეთში. 

1921 წელს ვანო ყურულიშვილი მასთან ჩავიდა და ვარშავაში დამკვიდრდა. დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა პოლონეთის რკინიგზის სამმართველოში.

1922 წლის პირველ ნახევარში ვარშავაში ჩამოყალიბდა პოლონეთის საქართველოს კომიტეტი, რომლის პირველი თავმჯდომარე სერგო ყურულიშვილი იყო. ვანო თავიდანვე მონაწილეობდა ქართული კომიტეტის საქმიანობაში.

1925 წელს ვანო ყურულიშვილის ინიციატივით დაარსადა ჟურნალი „ვსხუდ ი პოლსკი“.

1944 წლის ვარშავის აჯანყების დროს იან (ვანო) ყურულიშვილი თავდადებით იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მოჰყვა კომუნისტური სპეცსამსახურების რეპრესიებში.

1945 წელს, პოლონეთში საბჭოთა ძალების შესვლის შემდეგ, დააპატიმრეს. ჯერ რემბერტოვოს ბანაკში ჰყავდათ გამომწყვდეული, საიდანაც ბრესტის ციხეში გადაიყვანეს. ახლობლების დიდი მცდელობის შედეგად მოხერხდა მისი პოლონეთის უშიშროებისთვის გადაცემა. სტალინის სიკვდილის შემდეგ მან კვლავ გააგრძელა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება.

ვანო და მისი პოლონელი მეუღლე, ლუცინა, მაქსიმალურად ცდილობდნენ ოჯახში ქართული ტრადიციების დაცვას. მათ სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ქართველები და სამშობლოს საჭირბოროტო საქმეებზე საუბრობდნენ. საქართველოს სიყვარულით აღზარდეს მათ ორი შვილი – თამარი და სერგო.

ლუცინა ყურულიშვილი გარდაცვალებამდე (1994, 1 სექტემბერი) საქართველო–პოლონეთის საზოგადოების ერთ–ერთი აქტიური წევრი იყო.

I და II მსოფლიო ომებს შორის პერიოდში არსებული ქართულ-პოლონური კლუბის ტრადიციებზე დაყრდნობით, პოლონეთ-საქართველოს საზოგადოების წევრების ჯგუფმა, 1995 წელს ვარშავაში ჩამოაყალიბა "საქართველოს კლუბი 1920". მისი თავმჯდომარე გახდა ვანოს ვაჟი, ბიძის სეხნია სერგო ყურულიშვილი.

კლუბის ძირითადი მიზანია კონფერენციების, სემინარების, საქართველოში პოლონეთის, ხოლო პოლონეთში საქართველოს შესახებ ცოდნის პროპაგანდის ორგანიზაცია. კლუბი ვარშავაშია, მაგრამ მისი  საქმიანობა მოიცავს სრულიად პოლონეთს.

წყარო:

1. გრიშიკაშვილი ამბროსი. ქართველები პოლონეთში. – თბ., 2008. – გვ. 56– 8

2. ყოლბაია დავით. რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ : ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 = Kolbaia David. Pod skrzydłαmi Rzeczypospolitej : Emigrαcjα gruzińskα w Polsce 1921-1939 : [ფოტოალბომი]. - ვარშავა, 2019.- გვ.228.


გააზიარე: