The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დევიდ კომა

დევიდ კომა
Legal name:დავით კომახიძე
Date of birth:4 September, 1985  (39 years)
Category:Designer

Biography

მოდის დიზაინერი დავით კომახიძე, ცნობილი როგორც დევიდ კომა (DΛVID KOMΛ), მოღვაწეობს  დიდ ბრიტანეთში, ლონდონში. დაიბადა 1985 წლის 4 სექტემბერს, თბილისში. გაიზარდა რუსეთში. 9 წლის იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად სანკტ-პეტერბურგში გადავიდა. ჰყავს უმცროსი და-ძმა.

დავითი ბავშვობიდან კარგად ხატავდა, დაკვირვებული თვალი ჰქონდა და შეუმჩნეველი არ რჩებოდა ახლობლების ჩაცმულობისა და ვარცხნილობის უმნიშვნელო დეტალიც კი. მართალია, მამამისს, ყოფილ ფეხბურთელ კოკა კომახიძეს მისი ფეხბურთელობა ეოცნებებოდა, მაგრამ დათოს არც ფეხბურთი აინტერესებდა და არც ჩოგბურთი, თუმცა მამის ხათრით ორივე მოსინჯა.

სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო დედის, ლალი ძინიკაშვილის მხარდაჭერით, რომელიც პროფესიით გეოლოგია.

მშობლებმა 10 წლის ასაკში შეიყვანეს პეტერბურგის სამხატვრო სკოლაში, სადაც ფერწერასა და გრაფიკასთან ერთად ტანსაცმლის დიზაინსაც სწავლობდა. სკოლა ორ წელიწადში წითელ დიპლომზე დაამთავრა.

13 წლისამ ახალგაზრდა დიზაინერების საერთაშორისო კონკურს "ადმირალტეისკაია იგლაში" მიიღო მონაწილეობა და როგორც ყველაზე ახალგაზრდა კონკურსანტს, სპეციალური პრიზიც გადასცეს.

პირველი სერიოზული კოლექცია 15 წლის ასაკში წარმოადგინა პეტერბურგის მოდის კვირეულზე. ჩვენების შემდეგ მას ვუნდერკინდი უწოდეს.

სკოლა დროზე ადრე ექსტერნად დაამთავრა და სწავლა განაგრძო პეტერბურგის მუხინას (ახლანდელი შტიგლიცის) სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 

„შემეძლო ტექსტილის აკადემიაში ჩამებარებინა, რომელიც მოდასთან ბევრად უფრო მჭიდრო კავშირშია და მოხვედრა გაცილებით ადვილიც არის, მაგრამ არ მოვინდომე…  ალბათ იმიტომ, რომ მე მოდას აღვიქვამ, როგორც ხელოვნებას, იმას, რასაც მხატვარი ნახატის, სკულპტორი კი ქანდაკების საშუალებით გადმოსცემს, მე კაბებში ვდებ. ამიტომ სახვით ხელოვნებაში კლასიკური განათლების მიღებას, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“, - ამბობს დავით კომახიძე.

ორი წლის შემდეგ მოსკოვში გაიხსნა კომპანია „ინსაიტ ლინგვა“ - ის ეხმარება სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება უცხოეთში სურთ. იმ წელს პირველი გამოცდები ტარდებოდა და პროფესორ-მასწავლებლები ჩასულები იყვნენ. ასე რომ, შესაძლებელი იყო ახალგაზრდებს გამოცდები მოსკოვში ჩაებარებინათ და სხვა ქვეყანაში ესწავლათ.

საგამოცდო კომისიამ დავითის ნამუშევრები მოიწონა და ის ჩარიცხა მისთვის სასურველ ლონდონის წმინდა მარტინის სკოლაში.

2003 წელს დავით კომახიძემ დახურა თავისი სტუდია პეტერბურგში და ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. ოთხ წელიწადში დაამთავრა ლონდონის პრესტიჟული სამხატვრო კოლეჯი Central Saint Martini და დიზაინში ბაკალავრის ხარისხი მიიღო.

2009 წლის აპრილში კი მოიპოვა მაგისტრის წოდება ლუიზა ვილსონის ხელმძღვანელობით.

უნივერსიტეტის დასრულება აღნიშნა დიპლომის კოლექციის ჩვენებით ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში, სადაც რამდენიმე გრანტი მოიგო, მათ შორის იყო ლონდონის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის Harrods-ის დაწესებული პრიზი. მასზე დაიწერა პრესაში, რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა მოირგო მისი კაბა. ეს უკვე აღიარება იყო.

მალევე დავითმა ლონდონში დააფუძნა თავისი ბრენდი David Koma და მას შემდეგ სისტემატურად მონაწილეობს მოდის კვირეულებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც.

წლების განმავლობაში ბრენდს DΛVID KOMΛ უამრავი პრიზი აქვს მიღებული, რომელთაგან აღსანიშნავია: Vauxhall Fashion Scout 2009 წელს, NEWGEN-ის სპონსორობა 2010 წელს და Fashion Forward 2013 წელს. 

2018 და 2019 წლებში დავიდ კომა შეირჩა ბრიტანეთის მოდის საბჭოს მოდის ფონდის წევრად.

2013 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე დავითს ეკავა ბაზარზე კარგად დამკვიდრებული ფრანგული მოდის სახლის - Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობა. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, მან ბრენდი 21-ე საუკუნეში ახალი ხედვით შეიყვანა.

დიზაინერმაThierry Mugler-ში ჩაანაცვლა Nicola Formichetti, ეს კი მოდის სამყაროში მისთვის ყველაზე ბუნებრივი გადასვლა იყო, რადგან კომას ესთეტიკური სილამაზე აფართოებდა „მუგლერის“ მოდერმიზმსა და ფუტურისტულ დიზაინს, რის გამოც ის ქალის სილუეტსა და სხეულის ლამაზ ფორმებს უკეთ წარმოაჩენდა.

ერთდროულად ორ ბრენდზე მუშაობა ადვილი არ იყო, მაგრამ დავითმა სწორად გადაანაწილა დრო და ენერგია ლონდონსა და პარიზს შორის და თავი არ შეირცხვინა.

დავით კომახიძე, პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწია. მისი დიზაინით შექმნილი სამოსი ისეთ ვარსკვლავებს აცვიათ როგორებიც არიან - ჯენიფერ ლოპესი, სინდი კროუფორდი, პენელოპე კრუზი, ბიონსე, ლედი გაგა, მაილი საირუსი, ოლივია უაილდი, ნაომი კემბელი, გალ გადოტი, რიანა, ნატალია ვოდიანოვა, კერი ვაშინგტონი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ივანკა ტრამპი და სხვა.

მისი კოლექციები დიდი მოთხოვნით იყიდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 55 მაღაზიაში.

კომახიძე არის სარეკლამო ფილმების დიზაინერიც. ერთ-ერთი მათგანი აჩვენეს თბილისში მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე - Mercedes-Benz-ის ახალი მოდელის – 4-კარიანი CLA-ს კუპეს 2017 წლის სარეკლამო ფილმი (სახელწოდებით – Burning Desire (”მწველი სურვილი”). ჩვენებას დავიდ კომაც დაესწრო.

დიზაინერის 2017/18 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ქართული ჩოხით იყო ინსპირირებული, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

დავით კომახიძე ცხოვრობს ლონდონში. ჰყავს მეუღლე, ალექსანდრა (საშა) ლოგინოვა და პატარა ქალიშვილი.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/დავითკომახიძე 

2. https://indigo.com.ge/articles/david-koma/

3. https://okmagazine.ge/ok-devid-koma-perfeqcionizmi-minimalisturi-detalebith/

4. https://www.beaumonde.ge/article/10069-devid-koma-pirveli-carmatebuli-kartveli-motamashe-modis-saertashoriso-bazarze/

5. დევიდ კომა: პროფესიონალი: ინტერვიუ / ჩაიწერა ირმა ჩუბინიძემ //ეპიზოდი /მთავარი რედაქტორი: სოფო მოსიძე. - თბილისი, 2011. - ნოემმბერი. - გვ.10-24


Share: