Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
სოფიო გორდელაძე![]()
Biographyსაოპერო მომღერალი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ბერნის, ჟენევის, ჩიკაგოს, გენუის, ლისაბონის, სეულის, ზალცბურგის, თბილისის საოპერო თეატრების, ვექსფორდისა და ტიროლის საერთაშორისო ფესტივალების მოწვეული სოლისტი - ასე გამოიყურება დღეს ქართველი სოპრანოს სოფიო გორდელაძის რეგალიები. დაიბადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში. მუსიკით ადრეული ბავშვობიდან დაინტერესდა, რაც ოჯახმა განაპირობა. დედა პიანისტია, მომღერლებთან კონცერტმაისტერად მუშაობდა და სიმღერა მან ასწავლა. მამა ექიმი იყო, მაგრამ მელომანი, მრავალმხრივი მუსიკალური ინტერესის მქონე ადამიანი. სოფიომ მუსიკალური სკოლა და ნიჭიერთა ათწლედი ფორტეპიანოს განხრით დაამთავრა. პარალელურად სიმღერაშიც მეცადინეობდა. ამას მოჰყვა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლა, ჯერ საფორტეპიანო, შემდეგ კი - ვოკალურ ფაკულტეტზე, გულიკო კარიაულის კლასში. მაშინ გადაწყვიტა, რომ სიმღერა იქნებოდა მისი ცხოვრების წამყვანი სფერო და არა პიანისტობა, თუმცა საფორტეპიანო განათლება ძალიან ეხმარება ნაწარმოების გარჩევა-შესწავლის პროცესში. ქართველი სოპრანოს წარმატებული საერთაშორისო კარიერა 2010 წელს დაიწყო. მაშინ, ჯერ კიდევ სტუდენტი ცნობილმა უცხოელმა მეცენატმა ავსტრიელი მომღერლის, ელიზაბეტ შვარცკოფის მასტერკლასზე მიიწვია. კონსერვატორიის ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სოფიო გორდელაძემ მიიღო სტიპენდია და სწავლა გააგრძელა იტალიაში, მოდენაში, ცნობილი მომღერლის, მირელა ფრენის აკადემიაში. აკადემიაში სწავლის ორწლიან პერიოდში და შემდეგაც არაერთი მასტერკლასი გაიარა მსოფლიოში აღიარებულ მომღერლებთან, როგორებიც არიან - ლელა კუბერლი, მარია ლუიზა ჩონი, ფრანცისკო არაიზა, მარიელა დევია და სხვა. 2009-2010 წლებში ბევრ საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ნელ-ნელა თეატრებიდან შემოთავაზებებიც გაჩნდა. 10 კონკურსი აქვს მოგებული იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიაში და სხვადასხვა ქვეყნებში. 2 წელი ჟენევაში ახალგაზრდულ საოპერო დასში მუშაობდა, შემდეგ ცხოვრობდა ვენაში, შვეიცარიაში... ევროპაში მომღერლის დებიუტი 2010 წელს შედგა, ავსტრიაში, ვერდის ოპერა "ტრავიატაში", სადაც ვიოლეტას პარტია შეასრულა. მანამდე თბილისშიც უამრავი კონცერტი ჰქონდა ჩატარებული. თანამშრომლობდა სიმფონიურ, კამერულ ორკესტრებთან. 2006 წელს საოპერო თეატრის სცენაზე "კარმინა ბურანაში" ევგენი მიქელაძის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. ეს იყო მისი დებიუტი თბილისის ოპერის სცენაზე. მერე იყო მონაწილეობა თბილისის საოპერო თეატრის დადგმებში 2010-2011 წლებში. 2011 წლიდან ჟენევის საოპერო თეატრის სოლისტი გახდა, ამას მოჰყვა ჩიკაგოს, სეულის, ბერნის, გენუის კარლო ფელიჩეს, ლისაბონის საო კარლოსის საოპერო თეატრები, სადაც მას რეგულარულად იწვევენ. პანდემიის დროს, როცა მეტი თავისუფალი დრო გამოუჩნდა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი გახდა და სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობს. წყარო: https://www.ambebi.ge/article/257248-sashineli-krizisia-carmoidginet-mteli-celi-sce/ http://m.geotimes.com.ge/news.php?news_id=92560&lang=geo https://speech.ge/khelovneba/sophio-gordeladze-operis-momgherali-germania
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |