The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ხათუნა ქვრივიშვილი-ლორიგი

ხათუნა ქვრივიშვილი-ლორიგი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მშვილდოსანი ხათუნა ქვრივიშვილი დაიბადა თბილისში, 1967 წლის 1 იანვარს.

ბავშვობიდანვე ძალიან აქტიური იყო, უყვარდა თავის გამოჩენა, პირველობა. სპორტის სხვადასხვა სახეობაზე დადიოდა. ბოლოს არჩევანი მშვილდოსნობაზე შეაჩერა. მეექვსე კლასში იყო როცა ამ სპორტით დაკავდა. 

1989 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის; 1990 წელს ბარსელონაში (ესპანეთი) მოიპოვა ბრინჯაოს მედალი პირადში და ოქროს მედალი გუნდურ შეჯიბრში; 1992 წელს ოქრო ჩამოიტანა ევროპის ჩემპიონატიდან (ვალეტა, მალტა; პირადშიც და გუნდურშიც), რის შემდეგაც მყარად დაიმკვიდრა ადგილი საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

1992 წელს გახდა დსთ-ის ქვეყნების ჩემპიონი პირად ჩათვლაში.

არის ევროპის სამგზის ჩემპიონი.

ნაკრების შემადგენლობაში მესამე ადგილზე გავიდა გუნდურ შეჯიბრში 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე.

1996 წელს ატლანტის, ხოლო 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადებში საქართველოს სახელით მონაწილეობდა. და ორივეჯერ შეჯიბრებას 1/32 ფინალიდან გამოეთიშა.

1990-იან წლებში ამერიკაში წავიდა.

2005 წლიდან ამერიკის ოლიმპიური ნაკრების წევრია. გამოდის ქვრივიშვილი-ლორიგის გვარით და სისტემატურად იკავებს პირველ ადგილს ამერიკის წარმატებულ ქალ მშვილდოსანათა რეიტინგში.

2007 წელს მიიღო ამერიკის მოქალაქეობა.

ამჟამად აშშ-ში, კერძოდ, კალიფორნიაში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი და მწვრთნელია. როგორც მწვრთნელი, ასევე მოღვაწეობდა იაპონიაშიც.

ხათუნა ლორიგის მიღწევები ამერიკის მშვილდოსანთა ნაკრების წევრის სახელით:

ექვსჯერ აქვს მოგებული ამერიკის ჩემპიონატი;

პანამერიკული თამაშების ჩემპიონი (2015, ტორონტო, კანადა; 2019, ლიმა, პერუ; გუნდური), პანამერიკული თამაშების ვიცე-ჩემპიონი (2011, გვადალახარა, მექსიკა, გუნდური; 2019, ლიმა, პერუ), პანამერიკული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (2015 ტორონტო, კანადა; გუნდური);

მსოფლიო თასის გამარჯვებული (2010, ედინბურგი, შოტლანდია; მიქსი).

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2013, ბელექი, თურქეთი; მიქსი).

ხუთჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში.

აშშ-ის სახელით მონაწილეობდა პეკინის (2008, მე-5 ადგილი) და ლონდონის (2012, მე-4 ადგილი) ოლიმპიადებში.

2008 წლის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე ამერიკის გუნდის მედროშე იყო.

ხათუნა ქვრივიშვილი-ლორიგი აქტიურადაა ჩართული ამერიკის არამხოლოდ სპორტულ, არამედ შოუ-ბიზნესის ამბებშიც. მას სარეკლამო და კინო ინდუსტრიაში იწვევენ სამუშაოდ. სწორედ მან მოამზადა მშვილდოსნობაში ფილმ  „შიმშილის თამაშებში“ (The Hunger Games, 2012) მონაწილე ვარსკვლავი ჯენიფერ ლოურენსი. ის ასევე მოხვდა ამერიკის ტოპ-ათლეტების გალერეაში. სპორტულმა გამომცემლობა ESPN-მა მისი შიშველი ფოტოსესია სხვა ცნობილ ათლეტებთან ერთად მოაწყო.

ხათუნას მეუღლეც ყოფილი მშვილდოსანია, გვარად ონაშვილი. ჰყავს ვაჟი, ლევანი.
წყარო:

1. ბერიშვილი ელგუჯა. ქართული სპორტის ოქროს წიგნი. - თბილისი, 2013

2. https://ka.wikipedia.org/wiki//ხათუნა_ლორიგი 

3. http://sport.gov.ge/?pg=sportsman&sid=455

4. https://speech.ge/sporti/khathuna-qvrivishvili-mshvildosani-ashsh/

5. https://kvirispalitra.ge/article/26322-khathuna-lorigi-amerikis-mshvildosnobis-qarthveli-varskvlavi/

6. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=14371


გააზიარე: