The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ელისაბედ მარგველაშვილი

ელისაბედ მარგველაშვილი
სხვა სახელი:ლიზიკო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1920
გარდაცვ. თარიღი:11 ოქტომბერი, 2003  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

ელისაბედ (ელიზაბეტ, ლიზიკო) მარგველაშვილი დაიბადა 1920 წლის 27 აგვისტოს, ქუთაისში, ფილოსოფოს ტიტე მარგველაშვილისა და მარიამ ხეჩინაშვილის ოჯახში.

ტიტე მარგველაშვილი (1890-1946) მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. 1917 წელს თბილისში გამართულ პარტიის პირველსავე კონფერენციაზე აირჩიეს მთავარი კომიტეტის წევრად. გამოირჩეოდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობით. ემიგრაციაში 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე ცოტა ხნით ადრე წავიდა. გაემგზავრა გერმანიაში. მისი მეუღლე და ქალიშვილი ბერლინში მოგვიანებით, 1922 წელს, ტიტეს ძმამ ვასიკო მარგველაშვილმა ჩაიყვანა. აქვე, 1927 წელს შეეძინათ შვილი - გივი მარგველაშვილი.

ელიზაბეტ მარგველაშვილი ბერლინში გაიზარდა, აქ დაამთავრა სკოლა. 1933 წელს დედამ, მარიამ ხეჩინაშვილმა ტრაგიკულად (თვითმკვლევლობით) დაასრულა სიცოცხლე. ლიზიკოს დააწვა უმცროს ძმაზე ზრუნვის ტვირთი. თუმცა იმის გამო, რომ საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, მან მალე (სავარაუდოდ სრულწლოვანებისთანავე) დატოვა სახლი და ცალკე ცხოვრობდა.

არ მოიპოვება ინფორმაცია ელისაბედ მარგველაშვილის უმაღლესი განათლებისა და სამუშაო ადგილების შესახებ. ზოგადად, მისი ბიოგრაფიის შესახებ ცოტაა ცნობილი და გარკვეული ფაქტების რეკონსტრუქცია ოჯახში შემორჩენილი რამდენიმე წერილიდან თუ არის შესაძლებელი.

1944 წლამდე იგი ბერლინში ცხოვრობდა. სავარაუდოდ, გარკვეული ხანი მუშაობდა ერთ-ერთ სამინისტროში მბეჭდავად.

1944 წელს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქართველების ჯგუფი (ძირითადად ქართულ ლეგიონში მებრძოლი პირების ოჯახის წევრები) გაიგზავნა იტალიაში უსაფრთხოების მიზნით. ამ ჯგუფის იტალიაში გაცილება, როგორც ჩანს, ელიზაბეტ მარგველაშვილს დაეკისრა.

ტიტე მარგველაშვილი საქმეების გამო ბერლინში დარჩა, და ლიზიკოს არც უმცროსი შვილი გაატანა თან. ჯგუფი პალუცაში ჩავიდა. იმ პერიოდს დაემთხვა ქართველი ემიგრანტების შეკრება ზალცბურგში, სადაც მათ სამომავლო გეგმებზე უნდა ემსჯელათ. იქ იყვნენ ტიტე და გივი მარგველაშვილებიც. ლიზიკო ცდილობდა ხმა მიეწვდინა მათთვის, რათა ოჯახი ზალცბურგიდან იტალიაში წასულიყო და ამით თავი დაეღწია ბერლინს მოახლებული წითელი არმიისათვის. თუმცა მისი მცდელობა ამაო გამოდგა. მამა-შვილი ისევ ბერლინში დაბრუნდა.

იტალიაში ლიზიკო გუვერნანტად მუშაობდა ოჯახში; ასევე ბაშვებს ფლეიტაზე დაკვრას ასწავლიდა; მუშაობდა სტატისტად მხატვრულ ფილმებში, მაგ. ფილმში Caliostro. მისი შეფასებით, ეს საქმიანობა დამღლელი, მაგრამ თან სახალისო იყო; რეჟისორი, ოლე რატოვი მას ამერიკაში გამგზავრებას სთავაზობდა, რაზეც უარი განაცხადა; ამასობაში იტალიურიც კარგად ისწავლა და თარჯიმნად მუშაობდა გამგზავრების სურვილის მქონე ქართველებისა და რუსებისათვის.

შემდეგ გადაწყვიტა არგენტინაში გამგზავრება, რადგან იქ მისი სკოლის მეგობარი ცხოვრობდა: „არგენტინაში გადავწყვიტე წასვლა. გადარეული ვარ არა? მაგრამ, რა მქონდა დასაკარგი? ბერლინს ჩემს სახლად ვეღარ განვიხილავდი, იმიტომ რომ მსოფლიო ჭკუიდან შეცდა. არგენტინაში კი ახალი, სრულიად ეგზოტიკური შესაძლებლობები მეხსნებოდა, თანაც საჩუქრად! გემზეც ვმუშაობდი .... ყველაფერი კარგად აეწყო. არგენტინაში სამსახურიც ვიპოვე ენების ცოდნის წყალობით. თავდაპირველად ფაბრიკებში, შემდეგ სხვადასხვა უცხოენოვან წიგნის მაღაზიაში და ბოლოს მე თვითონ გავხსენი პატარა წიგნის მაღაზია. ეს საქმე ძალიან მიყვარდა და მახარებდა. მაღაზია მაშინ დავხურე, როცა ჩემს ქმარს ბარილოხში მოუწია გადასვლა და მეც თან გავყევი“.

არგენტინელ მეუღლესთან (სახელი უცნობია) 30 წელი იცხოვრა. შვილები არ ყავდათ. უკვე პენსიონერი ბუენოს-აირესში დაბრუნდა, რადგან მისი მეგობრები იქ ცხოვრობდნენ.

1990-იანი წლების ბოლოს ლიზიკო მარგველაშვილი ორჯერ იყო ჩასული ბერლინში, სადაც მოინახულა მისი ძმა, ცნობილი ფილოსოფოსი და მწერალი გივი მარგველაშვილი.

გარდაიცვალა 83 წლის ასაკში, ბუენოს-აირესში, 2003 წლის 11 ოქტომბერს.

წყარო:

1. http://archive.ge/ka/biography/4


გააზიარე: