The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი ერაძე

გიორგი ერაძე
სხვა სახელი:ბრ-გა  (ფსევდონიმი)
ბრადიაგა  (ფსევდონიმი)
ბრადინი  (ფსევდონიმი)
გიორგი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:დეკემბერი, 1882
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 1971  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

სოციალ-დემოკრატი გიორგი პავლეს ძე ერაძე დაიბადა 1882 წლის დეკემბერში ტფილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ დირბში, გლეხის ოჯახში.

დაწყებითი განათლება მიიღო ტფილისის სამოქალაქო სასწავლებელში. მისი დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ტფილისის სახელოსნო სასწავლებელში, სადაც დურგლობას სწავლობდა.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პირველ ხანებში მუშაობდა სხვადასხვა სადურგლო სახელოსნოში, მცირე ხნით კი - დუშეთის მაზრის სამოქალაქო სასწავლებლის სახელოსნოში დურგლობის მასწავლებლად.

მასწავლებლობისთვის თავის დანებების შემდეგ მუშაობდა ამიერკავკასიის ქალაქების ფაბრიკა-ქარხნებში, განსაკუთრებით ხშირად - ბათუმსა და თბილისში. აქტიურად მონაწილეობდა ორივე ქალაქის მუშათა მოძრაობაში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმისა და ტფილისის კომიტეტების წევრი.

იყო რსდმპ ლონდონის (1907) ყრილობის დელეგატი ტფილისის ორგანიზაციიდან.

შემდგომ წლებში მუშაობდა ტფილისის ტრამვაის სახელოსნოში მღებავად და იყო ტრამვაის მუშათა პროფკავშირის თავმჯდომარე.

თანამშრომლობდა პარტიის ცენტრალურ გამოცემებში და აქტიურად მუშაობდა პროფკავშირებში.

ცნობილი იყო პარტიული ფსევდონიმებით "ბრადიაგა", "ბრადინი", და "გიორგი". პრესაში იყენებდა ფსევდონიმებს "ბრ-გა" და "ბრადიაგა.

მრავალჯერ იყო დაპატიმრებული (მინიმუმ ორჯერ -1909 და 1910 წლებში) და გადასახლებული რუსეთში.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავჯდომარის ამხანაგი.

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს.

პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს რეგიონებში.

1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.

1918-1919 წლებში შრომის მინისტრის ამხანაგის (მოადგილის) პოსტს იკავებდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა შრომითი დავების მოგვარების საქმეში.

1919 წლის ბოლოს დაინიშნა შრომისა და მომარაგების მინისტრად, დაეკისრა მძიმე მოვალეობა - ქვეყნის ფარგლებში სასურსათო კრიზისის დაძლევისათვის მუშაობა.

1920-იანი წლების მეორე ნახევრიდან შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთის ორგანიზაციაში არსებულ ოპოზიციურ ჯგუფში.

1921 წლის მარტში მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

იყო დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი მთავრობის არქივის შემნახველი კომისიის და ლევილის ქართული მამულის მართველი საზოგადოების წევრი.

ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და თავს ფიზიკური შრომით ირჩენდა ლევილის ქართველთა მამულში.

1950-იან წლებში ჩაბმული იყო „საქართველოს ეროვნული საბჭოს“ გარშემო ქართულ პოლიტიკურ ჯგუფთა გაერთიანების მცდელობებში.

1949-1970 წწ. იყო ლევილის ქართული მამულის საზოგადოების მმართველი. აქტიური წვლილი შეიტანა ლევილის მამულის განვითარებაში და მთავრობის არქივის შენახვის საქმეში. 

გიორგი ერაძე გარდაიცვალა 1971 წლის იანვარში, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო:

1. ხვადაგიანი ირაკლი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. - თბილისი, 2016, გვ. 225. 

2. http://archive.ge/ka/biography/139/photos

3. https://ka.wikipedia.org/wiki//გიორგი_ერაძე


გააზიარე: