The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მარიკა გულორდავა

მარიკა გულორდავა
დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1985  (38 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

მომღერალი (სოპრანო) მარიკა ლერის ასული გულორდავა დაიბადა 1985 წლის 29 აგვისტოს, ქ. სოხუმში. ოჯახში ხუთი ქალიშვილი იზრდებოდა. მარიკა დებს შორის ყველაზე უმცროსია. სულ რაღაც 7 წლის იყო როცა აფხაზეთის ომი დაიწყო და მშობლიური კუთხის დატოვება მოუხდათ.

დასახლდნენ თბილისში. რადგან მარიკა მთელი დღეები მღეროდა მშობლებმა მუსიკალურ სასწავლებელში შეიყვანეს. 14-15 წლის ასაკში უკვე იცოდა, რომ პროფესიონალი მომღერალი გახდებოდა. სწავლობდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში (პედ.: ქ. ელიავა), 2004 წლიდან – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე (პედ.: ლ. გოგლიჩიძე).

კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლებში, შეასრულა ტატიანასა და იოლანტას პარტიები (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "იოლანტა").

19 წლისამ თურქეთში გამართულ კონკურსში მიიღო  მონაწილეობა, შემდეგი მნიშვნელოვანი გამოსვლა მოსკოვში ჰქონდა, ამას მოჰყვა ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში გამართული კონკურსები.

2007 წელს მარიკა გულორდავა რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა: ვოკალისტთა თბილისის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა IV რესპუბლიკური კონკურსი (I პრემია); მოსკოვის (პ. ჩაიკოვსკის სახელობის XIII საერთაშორისო კონკურსი (III პრემია) და სარაგოსას, მონსერატ კაბალიეს სახელობის საერთაშორისო კონკურსი (I პრემია).  

2008 წელს ქ. კალიარის (სიცილია) ოპერის თეატრის სცენაზე შეასრულა ჭაბუკის პარტია ნ. რიმსკი–კორსაკოვის ოპერაში "თქმულება ქალაქ კიტეჟზე".

2007-2012 წლებში მომღერალმა წარმატებით მოიარა ევროპის ქვეყნები. ბევრგან აქვს ნამღერი: მადრიდში, ბარსელონაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში და ა.შ. ბოლოს გადაწყვიტა ლა-სკალას აკადემიაში ჩაბარება.

2009-2011 წლიებში სწავლობდა  მილანის "ლა სკალას" ვოკალური ხელოვნების აკადემიაში. 

აკადემიაში  სწავლის პერიოდში შეასრულა ვიოლეტა (ჯ. ვერდი, "ტრავიატა"); 2011 წელს  ლა სკალას თეატრში იმღერა ბერენიჩეს პარტია როსინის ოპერაში "შემთხვევა გხდის ქურდად";

მარიკა გულორდავას სახელი ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როცა სრულიად ახალგაზრდა საოპერო მომღერალმა საქართველოში ჩამოსულ მონსერატ კაბალიესთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, მსოფლიოში ცნობილ ესპანელ სოპრანოსთან კიდევ მოუწია თანამშრომლობამ. დღეს მარიკა რომში ცხოვრობს და უცხოური კრიტიკოსებისგან მასზე მხოლოდ დადებითი შეფასებები ისმის...

ქართველი მომღერალი დაოჯახებულია. მისი მეუღლე იტალიელია, პროფესიით - კინომცოდნე და ხელოვნების აკადემიაში პედაგოგად მუშაობს.

წყარო: 

1. საქართველო: ენციკლოპედია: .2. – თბ., 2012. – გვ.196;

2. https://ka.wikipedia.org/wiki/მარიკა_გულორდავა

3. http://gza.kvirispalitra.ge/life/2466-apxazetshi-damcvari-saxl-kari-da-romshi-ac


გააზიარე: