The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნოე ცინცაძე

ნოე ცინცაძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1886
გარდაცვ. თარიღი:23 სექტემბერი, 1978  (92 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძე დაიბადა 1886 წლის 10 აპრილს ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ლანჩხუთში, სასულიერო პირის ოჯახში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა გააგრძელა სასულიერო სემინარიაში, სადაც სხვა სემინარიელებთან ერთად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903 წელს გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. სემინარიის დასრულების შემდეგ ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგის ხარისხით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი.

1905-1907 წლებში მოსკოვში გაასამართლეს ადმინისტრაციული წესით, პოლიტიკური საბაბით.

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს.

1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. პარალელურად, 1918 წლის სექტემბრამდე იყო მათემატიკის პედაგოგი თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში. იმავე წლის 10 სექტემბრიდან დაინიშნა ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორად.

1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.

1919 წლის 5 აპრილს დაინიშნა განათლების მინისტრის მოადგილედ. დამფუძნებელ კრებაში იყო საფინანსო-საბიუჯეტო, ხელოვნებისა და განათლების კომისიების წევრი. აქტიურად მუშაობდა სასკოლო სისტემაში ეროვნული განათლების რეფორმის გატარებაზე. მას უკავშირდება რუსული სკოლების ქართულით ჩანაცვლება, მათი მომარაგება ქართულენოვანი სახელმძღვანელოებით, რამდენიმე ათეული ახალგაზრდის გაგზავნა ევროპაში სასწავლებლად და სხვა ინიციატივები.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“) 1921 წლის 14 აგვისტოს ნოე ცინცაძე კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით დააპატიმრა კიკეთში. მიესაჯა 6 თვით პატიმრობა იზოლაციის წესით. მოთავსებული იყო მეტეხის N 2 „გამასწორებელ სახლში“.

1922 წლის 2 ივნისს განუსაზღვრელი ვადით გაუხანგრძლივეს იზოლაცია.

1922 წლის ოქტომბერში საქართველოს ჩეკას პრეზიდიუმმა პოლიტპატიმართა დიდ ჯგუფს დაუდგინა მოსკოვში, რსფსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განკარგულებაში გადაგზავნა საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად. ამას მეტეხის N 2 „გამასწორებელ სახლში“ მყოფი პოლიტპატიმრების მღელვარება და პროტესტი მოჰყვა, რამდენადაც საქართველოს სსრ დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკა იყო და მისი მოქალაქეების სხვა ქვეყნის ციხეში გადასახლება საბჭოთა კანონებისვე აბსოლუტურ დარღვევად ჩანდა.

პოლიტპატიმრების აქტიური პროტესტის და ციხეში ბარიკადების აგების შემდეგ (ერთ-ერთი ლიდერი ნოე ცინცაძეც იყო) ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ „კომპრომისად“ მათი საზღვარგარეთ გასახლება დაადგინა და 1922 წლის 9 ოქტომბერს პოლიტპატიმართა 62-კაციანი ჯგუფი მოსკოვის გავლით პოლონეთში გააძევა, საიდანაც ისინი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლის, ლადო ახმეტელის დახმარებით გერმანიასა და საფრანგეთში გადანაწილდნენ.

ნოე ცინცაძე თავდაპირველად გერმანიაში მოხვდა, 1920-იანი წლების მეორე ნახევრიდან კი საფრანგეთში ცხოვრობდა. 1922 წელს, მისი ხელმძღვანელობით, პარიზში, „საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა ასოციაცია“ შეიქმნა. მაგრამ შემდეგ, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ის ეროვნული მთავრობის წევრების პოლიტიკური მუშაობისგან განცალკევებით იდგა.

ემიგრაციაში ცხოვრების პირველ ხანებში ნოე ცინცაძეს პარიზში მაწვნის ბიზნესი წამოუწყია. იგი მაწონს ამზადებდა და დღეში დაახლოებით 2000 ქილას ყიდდა.

მისი პოლიტიკურად ხელახალა გააქტიურება 1950-იან წლებში დაიწყო, ე.წ. „პარიზის ბლოკის” დაარსების შემდეგ.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და „ცივი ომის“ დაწყების შემდეგ, 1952 წლის 16 ოქტომბერს „ბოლშევიზმისაგან განმათავისუფლებელი ამერიკული კომიტეტის“ (ყოფილი რუსეთის ხალხების გათავისუფლების ამერიკული კომიტეტი) ორგანიზებით მიუნხენში შეიქმნა ანტიბოლშევიკური ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკური ძალები საერთო პლატფორმით უნდა გაეერთიანებინა და დაეკავშირებინა ამერიკულ კომიტეტთან.

საკოორდინაციო ცენტრის ქართული სექციის მუდმივი წარმომადგენელი გახდა ნოე ცინცაძე, რომელმაც აქტიურად იმუშავა საკოორდინაციო ცენტრში უკრაინული და კავკასიური ორგანიზაციების მისამხრობად.

1953 წლიდან ნოე ცინცაძე აქტიურად იყო ჩართული რადიო „ევროპის გათავისუფლების“ (შემდგომში - „რადიო თავისუფლება“) ქართული რედაქციის მუშაობაში.

1953 წლის 10 ივლისს ტეგერნსეეში დასრულდა ანტიბოლშევიკური საკოორდინაციო ცენტრის ფორმირება: ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ რუსული ორგანიზაციების ნაწილმა კერენსკისა და მელგუნოვის ხელმძღვანელობით უარი თქვა საკოორდინაციო ცენტრში გაერთიანებაზე. მთავარი საკამათო პუნქტი იყო საკითხი, როგორ უნდა გადაწყვეტილიყო საბჭოთა კავშირში შემავალ ერთა ბედი ბოლშევიზმის დაცემის შემდეგ. განხეთქილების შედეგად კერენსკის ჯგუფმა დააარსა პარალელური ორგანიზაცია - КЦАБ - ანტიბოლშევიკური ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრი, ხოლო დარჩენილმა - უპირატესად სხვა ერების წარმომადგენელთა ორგანიზაციებმა - МАКЦ - ეროვნებათაშორისი ანტიბოლშევიკური საკოორდინაციო ცენტრი, სადაც საქართველოს ეროვნული საბჭოს მუდმივი წარმომადგენელი კვლავინდებურად ნოე ცინცაძე იყო.

1960 წლის 10 იანვარს საზღვარგარეთ მოქმედი ქართული პოლიტიკური ორგანიზაციების უმრავლესობა შეთანხმდა და ჩამოაყალიბა გაერთიანებული ეროვნული საბჭო. ამ საბჭომ დაამტკიცა ნოე ცინცაძის მიერ შემუშავებული დეკლარაცია. დატოვა ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად და მუდმივ წარმომადგენლად ეროვნებათაშორის ანტიბოლშევიკურ საკოორდინაციო ცენტრში.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ორგანიზაციაში წარმოქმნილი კონფლიქტის შემდეგ, 1962 წლის 25 მაისს პარიზში ეროვნული საბჭოს რიგგარეშე ყრილობამ ნოე ცინცაძეს გაუუქმა მანდატი, რადგანაც იგი მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად გავიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროდან, ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტიდან და დამოუკიდებელი საქმიანობა დაიწყო. ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნოე ცინცაძის ნაცვლად ეროვნებათაშორისი ანტიბოლშევიკურ საკოორდინაციო ცენტრში რაჟდენ არსენიძე მიევლინებინა, თუმცა ცენტრმა ნდობა მაინც ნოე ცინცაძეს გამოუცხადა.

ნოე ცინცაძემ ემიგრაციაში თან წაიღო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ისტორიის ამსახველი სახელმწიფო-პოლიტიკური არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ემიგრაციაში განაგებდა ეროვნული მთავრობის წევრებისგან შემდგარი კომისია.

1974 წლის 16 ივლისს არქივის უსასყიდლოდ მოხვედრა ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰოუტონის ბიბლიოთეკაში (30 წლის ვადით შესანახად), სამი პიროვნების ურთიერთშეთანხმებით მოხდა. ესენი იყვნენ: ნოე ცინცაძე, რომელიც კვლავ დაუბრუნდა ეროვნულ საბჭოს, დუგლას ბრაიანი - ჰარვარდის ბიბლიოთეკარი და რიჩარდ პაიპსი - ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც თავის მოგონებებში, დაზიანებული ქართული არქივის პარიზიდან ჰარვარდში გადატანის ერთ-ერთ მთავარ ინიციატორად „ქართული ემიგრაციის წამყვან ფიგურას პარიზში“ - ნოე ცინცაძეს მიიჩნევს.

ნოე ცინცაძე გარდაიცვალა 1978 წლის 23 სექტემბერს. დაკრძალეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო:

1. სარალიძე . საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონითბ., 2018. - გვ. 512. 

2. ხვადაგიანი ი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.  - თბილისი, 2016. - გვ. 449-451,

3. https://ka.wikipedia.org/wiki/ნოე_ცინცაძე

4. http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/ცინცაძე_ნოე

5. http://archive.ge/ka/biography/231

 


გააზიარე: