The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დიმო ცხონდია

დიმო ცხონდია
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1903
გარდაცვ. თარიღი:1982  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

საფრანგეთის არმიის პოლკოვნიკი, ქართველი ემიგრანტი დიმიტრი (დიმო) ცხონდია დაიბადა 1903 წელს 15 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, შეძლებულ ოჯახში. დედამისი ჯიშკარიანის ქალი იყო.

დიმომ დაამთავრა ზუგდიდის პირველი საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. იგი არ იზიარებდა კომუნისტების იდეებს, რის გამოც მოხვდა რეპრესირებულთა შორის. ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს, რაც შემდეგ სოლოვეცკის საბჭოთა გულაგში გადასახლებით შეეცვალა.

დიმო ცხონდიას ნაამბობი ბოლშევიკური რეპრესიების შესახებ აღწერილი აქვს მის მეგობარს გია დანელიას წიგნში „სადღეღამისო სადღეგრძელოები“: „გადაარჩინა იმან, რომ ექიმი იყო და სამუშაოდ სამხედრო ნაწილში აიყვანეს. ნემსებს უკეთებდა ბანაკის უფროსს და მის ცოლს. ისინი ნარკომანები იყვნენ. ერთხელაც მორფინის მარაგი დამთავრდა და ის ორ თანმხლებ პირთან ერთად არხანგელსკში გაუშვეს ჩამოსატანად, საიდანაც გაიქცა, თბილისამდე ჩავიდა, რათა იქიდან თურქეთში გადასულიყო. თუმცა წასვლის წინ ოჯახის ნახვა გადაწყვიტა. ამ დროს ოჯახი სოფელში ცხოვრობდა. სახლში რომ მივიდა, დააპატიმრეს...“

დიმოს ერთ-ერთი შვილიშვილი მარინა ცხონდია გვიამბობს, რომ აზნაურმა შირიმი ცხონდიამ, რომელსაც უფროსი ვაჟი უკვე დახვრეტილი ჰყავდა, დიდძალი ფული გადაიხადა შვილის თურქეთში გასაპარებლად.

თურქეთიდან  დიმო ცხონდია სირიაში გადავიდა, სადაც კარგა ხანს ცხოვრობდა. აქ დაოჯახებულა კიდეც. ცოლად უკრაინელი ქალი მოუყვანია.

სირიის შემდეგ გადასახლდა საფრანგეთში, სადაც სწავლა გააგრძელა სამედიცინო მიმართულებით. მსახურობდა ექიმად საფრანგეთის უცხოურ ლეგ­იონში (რისთვისაც დე გოლის მადლობა დაიმსახურა),  შემდეგ კი ამერიკაში დასახლდა, ცხოვრობდა სან-ფრანცისკოსთან მდებარე პატარა ქალაქ სანტა როზაში. იყო სან-ფრანცისკოს ხანდაზმულთა სახლის დირექტორი.

დიმო ცხონდიას საქართველოში დარჩა მეუღლე და მცირეწლოვანი ქალ-ვაჟი. ემიგრაციაში ყოფნისას მას ოჯახის შესახებ ცნობები არ ჰქონდა. არ იცოდა, რომ კომუნისტებმა ყაზახეთში გადაასახლეს დედამისი, მადიკო ჯიშკარიანი, რომელიც იქ გარდაიცვალა. მასთან ერთად გადასახლებულები იყვნენ დიმოს  ცოლი გოგუცა ყურაშვილი და ვაჟი, იური. გოგონა მაშინ საქართველოში არ იმყოფებოდა და ამიტომ გადარჩა.

სტალინის სიკვდილის შემდეგ დიმოს ცოლ-შვილი დაბრუნდა. მათ შესახებ მან  მხოლოდ 1960-იან წლებში შეიტყო. როგორც გია დანელია წერს, ემიგრაციაში მისი გავლენიანი მეგობრების დახმარებით დიმომ შეძლო ვაჟის ამერიკაში მიწვევა. მამა-შვილი 40 წლის შემდეგ შეხვდა ერთმანეთს.

საქართველოში დიმო ცხონდია პირველად ჩამოვიდა 1975 წელს შვილთან, ვლადიმერთან ერთად, რომელიც ემიგრაციაში ეყოლა. ვლადიმერ (ვოვა) ცხონდია (1939-1991) იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი გამოგონილია პრეპარატი "ნოოტროპინი".

ამის შემდეგ დიმო საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვიდა. გია დანელია მას ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდა. დიმოს მისთვის უკითხავს: „მინდა ამერიკაში კოტეჯი გავყიდო და საქართველოში გადმოვიდე, დარჩენილი ცხოვრება სამშობლოში გავატარო. ყველა ერთად ვიცხოვრებთ, საღამოობით ლოტოს ვითამაშებთ, დილით მდინარეზე ვიბანავებთ, ისე, როგორც ბავშვობაში, მაგრამ სულ ვფიქრობ, ისევ რომ მოუნდეთ ჩემი დაჭერა? თუ დევნის მანია მაქვს? რას ფიქრობ?...“

დიმო ცხონდიამ რეპრესიების შიშით სამშობლოში დაბრუნების ოცნება ვერ აიხდინა. გარდაიცვალა 1982 წელს. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე შვილთან ვოვა ცხონდიასთან ერთად.

საფლავის ქვაზე დიმო და ვოვა ცხონდიები სკონდიებად არიან მოხსენიებული. როგორც ჩანს უცხოეთში ამ გვარს ატარებდნენ (Skondia, Dimo, Skondia, Vladimir).

წყარო:

1. https://www.khobelebi.ge/დიმო-ცხონდია-სამშობლოს მონატრებული ექიმი 

2. https://www.livepress.ge/ka/sabtcotha-represiebi/article/30542-sabtcotha-banakidan-gaqceulis-samshobloshi-dabrunebis-aukhdeneli-natvra-video-.html

3. https://kvirispalitra.ge/article/68417-qchemze-26-tslith-ufrosma-kacma-moulodnelad-kheli-mthkhova-vuthkhari-saqarthveloshi-asethi-qortsinebaq/


გააზიარე: