The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


რომან კრიხელი

რომან კრიხელი
ოფიციალური სახელი:საიმონ რომან კრიხელი
დაბადების თარიღი:1956  (69 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

საიმონ რომან კრიხელი 1956 წელს საქართველოში დაიბადა. სამი წლის ასაკიდან ხატავდა. 1972-1974 წლებში სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო ტექნიკუმში, მაგრამ დამთავრება ვერ მოასწრო. 16 წლის იყო , როცა მშობლებთან და ძმასთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. 6 თვის შემდეგ ისრაელის დატოვება მოუხდათ, რადგან სასტუმროს გვერდით სადაც ცხოვრობდნენ ტერაქტი მოხდა.

ოჯახი ორი წელი იტალიაში ცხოვრობდა და იქ ელოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების ნებართვას. იტალიამ ახალგაზრდაზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი ადრეული ასაკიდან გატაცებული იყო იტალიური ხელოვნებით, განსაკუთრებით რენესანსის ეპოქით.

რომან კრიხელი ამერიკაში 1975 წელს ჩავიდა, სადაც ძველი რენესანსის ხელოვნების შესწავლა განაგრძო.

ამჟამად ნიუ-იორკში მოღვაწეობს. მეუღლესთან განქორწინებულია. ჰყავს ერთი ვაჟი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს.

ახალ ქვეყანასთან შეჩვევა და ენობრივი ბარიერის გადალახვა ძნელი აღმოჩნდა. პირველ ხანებში დიდ დროს უთმობდა ფერწერას, სხვა დანარჩენს დიდ ყურადღებას არ აქცევდა, მათ შორის არც ინგლისური ენის სათანადოდ ფლობას. მერე მიხვდა, რომ ხელოვნებაში თავის დასამკვირვებლად მარტო ხატვა არ კმაროდა, საჭირო იყო  ადამიანებთან ურთიერთობის დალაგება, ენის სრულყოფილად შესწავლა და საბედნიეროდ, შეძლო ცხოვრებისთვის ფეხის აწყობა.

თბილისელი მხატვარი კლასიკური და რენესანსის ხელოვნების ტრადიციებზე გაიზარდა, ამიტომ მისი  სტილი უმთავრესად კლასიკურია, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ განსხვავებულ ექსპერიმენტულ ნამუშევარს. მათ შორის აღსანიშნავია არქაული ბარელიეფების ტრანსფორმაციებით შესრულებული პროექტი, რომელიც ძალიან საინტერესო და წარმატებულიც აღმოჩნდა.

წლების წინ გამოცემა Huffpost Arts-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საიმონ რომან კრიხელი მსოფლიოს სამ უდიდეს ფიგურატიულ ხელოვანს შორის დასახელდა.

მსოფლიოს ცნობილმა ხელოვანებმა კი მის ნამუშევარს "სამყაროს ყველაზე მშვენიერ ქალს", „თანამედროვე მონა ლიზა" უწოდეს.

2011 წელს რომან კრიხელი სამხატვრო აკადემიის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა. აკადემიაში მისი ნახატების გამოფენაც მოეწყო. მხატვარს მასპინძლობდა სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე.

ამერიკაში გამგზავრებისას მხატვარმა საქართველოს ერთ-ერთი თავისი გამორჩეული ნახატი „მეტატრონი“დაუტოვა საჩუქრად. ნამუშევარი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განთავსდა ალეგორიული და სიმბოლისტური ხასიათისაა.

ხელოვანი თავის წარმატებას ძალიან დიდი შრომის შედეგს უწოდებს. ერთ-ერთი ბოლო ნახატი რომან კრიხელმა რუსეთ-უკრაინის ომს მიუძღვნა. ნამუშევარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "სადაც ქალი და ბავშვია, იქ სიცოცხლე გრძელდება"; "მარიუპოლელი მადონა, შემაძრწუნებელი რეალობა, შესრულება - ბრწყინვალე!" - წერდნენ სოცქსელში. საინტერესოა, რომ ქალი მართლაც მადონას ჰგავს, მაგრამ ბავშვი ქრისტე არ არის, უკრაინელი პატარაა... ნახატს ძალიან საინტერესო იდეა აქვს: ღვთისმშობელი თავის ყრმასთან ერთად უკრაინის დროშის ფონზეა გამოსახული, ირგვლივ კი ყველაფერი ისეა გასხივოსნებული, რომ მტრის ჩამოყრილი ბომბები იქაურობას ვერ ეკარება.

ნამუშევარი სიმბოლურ-ალეგორიულია და ასახავს უკრაინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისა და სიკეთის გამარჯვებისათვის. სურათი თანამედროვე სტილის, მხატვრისთვის სახასიათო მანერით არის შესრულებული. უკრაინელი მადონა გვევლინება უკრაინელი ხალხის მფარველად, უკრაინელი ხალხის შეუპოვრობისა და სიცოცხლის მარადიულობის სიმბოლოდ.

საერთაშორისო მასშტაბით რომან კრიხელს იცნობენ, როგორც საქართველოში დაბადებულსა და გაზრდილს. მართალია აქ დიდხანს არ უცხოვრია, მაგრამ საქართველოს პეიზაჟები მხატვრის ნამუშევრებში ხშირად ფიგურირებს. მისი საყვარელი თემაა სვანეთისა და ხევსურეთის კოშკები, გრანდიოზული ფორმები, ხედები. ბევრი ნახატი აქვს ამ მოტივებზე შექმნილი და კიდევ არაერთის დახატვას აპირებს.

წყარო:

­1. https://kvirispalitra.ge/article/92322-mariupoleli-madona/ 

2. https://m.facebook.com/groups/IRMAKO/permalink/2826158394160703/
3. https://m.facebook.com/speechmedia/

4. https://www.ambebi.ge › tag › რომან კრიხელი
ეს კი შენი გამარჯვებაა : ინტერვიუ /რომან კრიხელი ; ესაუბრა ნინო შავაძე // მენორა. თბილისი, 2015. დეკემბერი. N 12. გვ. 7–8.


გააზიარე: