The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამარ ჭიჭიბოშვილი

თამარ ჭიჭიბოშვილი
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:ეკონომისტი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

რომის სომელიეთა ასოციაციის წევრი თამარ ჭიჭიბოშვილი იტალიაში ცხოვრობს. წარმოშობით კახეთიდან გახლავთ. დაიბადა და გაიზარდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში.

დაამთავრა ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული, შემდეგ კი ეკონომიკური ფაკულტეტები და ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დასაქმდა.

იტალიაში 2012 წელს ჩავიდა თავის დასთან. ფიქრობდა, რომ დროებით, მაგრამ ისე მოხდა, რომ დიდხანს დარჩა. გადაწყვიტა თავის დამკვიდრება ეცადა და ესწავლა. უნდოდა ისეთი რამ გაეკეთებინა, რითიც იქაურებს  გააცნობდა თავის სამშობლოს და ქართულ ღვინოსაც.

მეღვინეობით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. მისთვის უცხო არ იყო ვაზის მოვლა, ღვინის დაყენების პროცესი. ქართული ღვინით ამაყობდა და იტალიაში ყველგან ამბობდა, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. სწყინდა, რომ არავინ უჯერებდა. ბოლოს გადაწყვიტა, აკადემიაში ესწავლა. იფიქრა, იქ მაინც ეცოდინებოდათ ღვინის წარმომავლობის შესახებ. ასე აღმოაჩინა რომის სომელიეთა ასოციაციის აკადემია და დარეგისტრირდა.

„Associazione romana sommelier“-ის აკადემიაში თამარ ჭიჭიბოშვილი სომელიეს პროფესიას სამი წელი ეუფლებოდა (2019-2021). კურსზე ერთადერთი ქართველი იყო.  

ამ წლების განმავლობაში გრძნობდა, რომ პროფესიულად ყოველდღიურად იზრდებოდა. ვაზისა და თავისი საქმის სიყვარულის გამო მას „ქვევრის გოგო“ შეარქვეს. 

აკადემიის დასრულების შემდეგ ასოციაციაში სთხოვეს მათთან დარჩენილიყო და დღესდღეობით თამარ ჭიჭიბოშვილი პირველი ქართველი დიპლომირებული და მოქმედი სომელიეა იტალიაში. პარალელურად, პატარა მარნების, ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას ეწევა, როგორც ერთ-ერთი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი.

ის არის არაერთი დეგუსტაციის ორგანიზატორი, მათ შორის, რამდენიმე საერთაშორისო დეგუსტაციის თანაორგანიზატორია, ასევე წარმოადგენს ქართული ღვინის იმპორტიორ კომპანიას იტალიის ყველა რეგიონში.

თამარ ჭიჭიბოშვილი ასოციაციაში ერთადერთი უცხოელია. მას ქართული ღვინის ელჩს ეძახიან. მისი წყალობით არაერთი იტალიელი დაინტერესდა ქართული ღვინით და საქართველოშიც იმოგზაურა.

წყარო:

1. http://gza.kvirispalitra.ge/kveqana/9942-chemamde-am-akademiashi-kartvels-arasdros-uscavlia/

2. https://exclusivetv.ge/news/italy/pirveli-qartveli-diplomirebuli-da-moqmedi-somelie-italiashi

http://vinoge.com/degustacia/Rome-Wine-Expo-2022


გააზიარე: