The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ჯორჯ მელი

ჯორჯ მელი
ოფიციალური სახელი:გიორგი მელიქიშვილი
დაბადების თარიღი:1970  (54 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დრამერი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი და მომღერალი გიორგი მელიქიშვილი (ცნობილი ფსევდონიმით ჯორჯ მელი) დაიბადა თბილისში. დედა, ოლგა მელიქიშვილი პიანისტი იყო. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა პედაგოგად. მამა პროფესიით ეკონომისტი გახლდათ, მაგრამ ისიც მელომანი იყო. ასე რომ, მათ სახლში სულ ჟღერდა კლასიკური მუსიკა.

გიორგი 5 წლის ასაკში შეიყვანეს მუსიკალურ სკოლაში, მაგრამ დიდხანს არ უვლია. შემდეგ სპორტმა გაიტაცა, წყალბურთელთა გუნდშიც მოხვდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემის გამო სპორტსაც ჩამოშორდა და სწორედ ამ დროს შემთხვევით მოისმინა როკ ანსამბლების - pink floyd, the beatles, deep purple, led zeppelin-ის ჩანაწერები. ამან მის ცხოვრებაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. ჯერ ინტენსიურად უსმენდა სხვადასხვა ჯგუფებს, მერე თავადაც მოუნდა დაკვრა. პირველი ინსტრუმენტი გიტარა იყო, მაგრამ თითი დაიზიანა და როცა მიხვდა, რომ გიტარისტის კარიერას ვერ გაიკეთებდა, მაშინ გაახსენდა ბავშვობის გატაცება. სახლში არსებული ჯამ-ჭურჭლით გააკეთა დასარტყამი ინსტრუმენტი და როკ-ენ-როლით მოწამლული დიდხანს უკრავდა თავის ნახელავ დრამზე.
სკოლის დამთავრების შემდეგ, საბჭოთა ჯარის თავიდან აცილების მიზნით ჩააბარა სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე. თუმცა გრძნობდა, რომ მისი მოწოდება მუსიკა იყო. ბევრს უკრავდა, დამოუკიდებლად არჩევდა სხვადასხვა პარტიებს, მაგრამ ისევ სამოყვარულო დონეზე რჩებოდა.

1980-იანი წლების ბოლოს გიორგი მელიქიშვილმა გაბედა, ფაკულტეტის დეკანთან მივიდა და შესთავაზა - მეგობრებთან ერთად შეექმნა ანსამბლი და ინსტიტუტის სახელით მიეღო მონაწილეობა სტუდენტურ ოლიმპიადაზე. იდეა მოეწონათ და ჯგუფს რეპეტიციებისთვის ყველა პირობა შეუქმნეს. წარმატებამაც არ დააყოვნა. ყოველდღიურმა მეცადინეობამ გიორგი მუსიკალურად გაზარდა. როცა პროფესიულად მოძლიერდა ჯგუფ „ლიმუზინში“ დაიწყო დაკვრა. აქ როკის გარდა ბლუზსაც უკრავდნენ. გასტროლებიც ჰქონდათ რუსეთსა და უკრაინაში. „ლიმუზინს“ მოჰყვა ჯგუფი „მისტერია“. ახალბედა მუსიკოსისთვის ეს იყო გარდამავალი ეტაპი როკიდან ჯაზისკენ.

1990-იან წლებში საქართველოში მუსიკისთვის აღარავის ეცალა. 1994 წელს გაჩნდა შესაძლებლობა გიორგის გუნდის წევრებს დაეკრათ ამსტერდამის ერთ-ერთ ბარში. მეპატრონემ მხოლოდ ტურისტული ვიზების აღება და გზის დაფინანსება მოითხოვა, დანარჩენი კი - დაბინავება და კვირაში 5 სამუშაო დღით უზრუნველყოფა, თავის თავზე აიღო. ასე დაიწყო გიორგი მელიქიშვილის ემიგრაცია.

ცხოვრების ამ ეტაპზე გიორგი მიხვდა, რომ საჭირო იყო მიეღო მუსიკალური განათლება. ამერიკელი მეგობრების რჩევით გადაწყვიტა ჩაებარებინა ბერკლის სამუსიკო აკადემიაში, შეაგროვა თუკი რაიმე ჩანაწერი ჰქონდა და გააგზავნა სასწავლებელში. პასუხმა არ დააყოვნა. იგი არა მარტო მიიღეს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, 75%-იანი სტიპენდიაც დაუნიშნეს.

ამერიკაში გიორგი მელიქიშვილი 1996 წლის მაისში ჩავიდა. იმ დროს (1996-2000) ის  ერთადერთი ქართველი იყო ვინც ამ სასწავლებელში სწავლობდა და აგრეთვე, ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც ბერკლი დაამთავრა დრამის მიმართულებით - Drums/Performance major (დასარტყამი ინსტრუმენტი /საშემსრულებლო(საკონცერტო) განხრა).

Magna Cum Laude, Berklee College Of Music -ის წარჩინებული სტიპენდიანტი, 2000 წელს, კოლეჯის დამთავრების შემდეგ ბოსტონიდან ნიუ – იორკში გადავიდა, სადაც ის ნიუ – იორკის, ინტერნაციონალური ჯაზისა და კრეატიული მუსიკალური სცენის განუყოფელი ნაწილი გახდა.

ჯორჯ მელი ძალზე მოთხოვნადი დრამერია ბევრი მნიშვნელოვანი არტისტის პროექტში და აგრეთვე ლიდერი კომპოზიტორი და არანჟირებების ავტორი მრავალი საკუთარი საავტორო პროექტისა.

მუსიკოსი თანამშრომლობდა მსოფლიო დონის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: Esperanza Spalding, Mino Cinelu, Leo Genovese, Lionel Loueke, Avishai Cohen, Badal Roy, Dom Salvador, Mark Helias, Gabriel Grossi, Raul Midon, Wayne Escoffery და სხვ.; აღსანიშნავია მისი გამოსვლები ისეთ ლეგენდარულ საკონცერტო დარბაზებსა თუ კლუბებში, როგორებიცაა: Carnegie Hall, Blue Note, Jazz Standard, Smoke, Irridium , World Cafe Live, The Deer Head Inn და ა.შ., აშშ-სა თუ მის ფარგლებს გარეთ.

ამ ყველაფრის საფუძველზე ამერიკის მუსიკოსთა კავშირმა და მთავრობამ გიორგი მელიქიშვილს გამონაკლისის წესით აშშ-ს მოქალაქეობა მიანიჭა „ექსტრაორდინალური შესაძლებლობების მქონე პირი ხელოვნების დარგში“ სტატუსის კატეგორიაში. 

ნიუ-იორკის ერთ-ერთმა მუსიკალურმა გამოცემამ  "New York City Jazz Record"-მა ჯორჯ მელს „ნიუ-იორკის ჯაზისა და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი“ უწოდა.

2014 წელს, თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალზე გიორგი მელიქიშვილი  თავისი ჯგუფით George Mel Quartet-ით წარდგა ქართველი მსმენელის წინაშე. აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს მისი პირველი კონცერტი იყო საქართველოში.

კონცერტის შემდეგ გიორგი გარკვეული ხნით სამშობლოში დარჩა, რათა უცხოეთში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ქართველი მუსიკოსებისა და მსმენელებისათვის გაეზიარებინა. მან ბევრ ქართველ მუსიკოსთან ითანამშრომლომა - თამაზ ყურაშვილთან, დათო ჯაფარიძესთან, რეზო კიკნაძესთან, ზურა რამიშვილთან, ზაზა მარჯანიშვილთან, მაია ბარათაშვილთან, პაპუნა შარიქაძესთან… ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის მოწვევით ილიაუნის თეატრის ფოიეში მასტერკლასიც ჩაატარა თემაზე:  „იმპროვიზაციის ძირითადი კონცეფციები და ტექნიკები“.

წყარო:

1. http://kartuli.kvira.ge/2019/11/09/გიორგი-მელიქიშვილი-თბილ/

2. http://kvira.ge/292111


გააზიარე: