The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნატალია გაბუნია

ნატალია გაბუნია
სხვა სახელი:ნატო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ნატო გაბუნია დაიბადა თბილისში, მუსიკოსების ოჯახში. ის კომპოზიტორ ნოდარ გაბუნიას ქალიშვილია.

ადრეული ასაკიდან მისი პედაგოგი გახლდათ ოჯახის მეგობარი, მევიოლინე კონსტანტინე ვარდელი, რომელმაც დაარწმუნა ნატოს პიანისტი მშობლები, რომ გოგონა ვიოლინოზე შეეყვანათ.

პირველი ნაბიჯები მუსიკალური განათლების გზაზე ნატალიამ შვიდი წლის ასაკში გადადგა. 12 წლის იყო, როცა უკვე წარმატებით ასრულებდა მენდელსონის, ლალოს, მოცარტისა და ბრამსის სავიოლინო კონცერტებს საქართველოს ყველა მთავარ ორკესტრთან ერთად.

მუსიკალურ ათწლედში და შემდეგ კონსერვატორიაში სწავლის დროს მასტერკლასებს გადიოდა მაია გლეზაროვასთან, რომელიც მოსკოვის კონსერვატორიის განთქმული პროფესორი გახლდათ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სწავლა ევროპაში განაგრძო. ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი ჰოლანდიაში, რომელიც მისთვის და მისი ოჯახისთვის მეორე სახლი გახდა.

საზღვარგარეთ პირველად ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის დახმარებით მოხვდა, რომელმაც ის 19 წლის ასაკში საკუთარი სახსრებით წაიყვანა  გერმანიაში და გახდა მისი პედაგოგი.

ერთი წლის შემდეგ ნატომ ჩააბარა ჰამბურგის კონსერვატორიაში, სადაც ექვსი წელი ისწავლა მარკ ლუბოცკისთან.

ჰამბურგში ცხოვრების დროს რამდენჯერმე იმყოფებოდა ამსტერდამში და იმდენად შეუყვარდა ეს ქალაქი, რომ მიზნად დაისახა იქ დაფუძნება.

ასპირანტურა გაიარა ნიდერლანდების  ქ. უტრეხტის კონსერვატორიაში ფილიპ ხიშხორნთან, რომელიც ბრწყინვალე მევიოლინე და პედაგოგი იყო.

1998 წლიდან მუდმივად ცხოვრობს ნიდერლანდებში. ჰყავს ჰოლანდიელი მეუღლე და ორი შვილი, ქალ-ვაჟი.

მუსიკოსი 3 წლის განმავლობაში იყო ლიეჟის კონსერვატორიის პროფესორი.

ჯერ კიდევ ასპირანტურაში სწავლობდა ნატალია, როცა ჰოლანდიის რადიო ფილარმონიის ორკესტრში მიიღეს. აქტიური საკონცერტო გამოსვლებისას სცენაზე გამოდიოდა ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან: ნელსონ გოერნერი, ვადიმ რეპინი, ნინო გვეტაძე, მორის ბურგი და მისი მეუღლე – ვუტერ ვოსენი.

თხუთმეტწლიანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ ნატომ აქცენტი გადაიტანა სოლო კარიერაზე და პედაგოგიურ მოღვაწეობაზე. ნატო გაბუნიამ წლების განმავლობაში შეიმუშავა ვიოლინოზე დაკვრის სწავლების საკუთარი მეთოდი, რომელიც ეფუძნება რუსული სკოლისა და ევროპული ტრადიციების კომბინაციას. ლეგენდარულ პედაგოგ ზახარ ბრონთან და ბევრ ევროპელ კოლეგასთან ახლო კონტაქტი დაეხმარა მას პედაგოგიურ გზაზე. ამჟამად სრული დატვირთვით ასწავლის ახალგაზრდა და პერსპექტიულ მევიოლინეებს. ნატო არც საკონცერტო მოღვაწეობას ღალატობს. სოლო გამოსვლები ჰქონდა ორკესტრებთან ერთად ავსტრიაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, საქართველოსა და პოლონეთში, აგრეთვე, ჩაწერილი აქვს მრავალი აუდიო დისკი, აქტიურად უკრავდა სატელევიზიო და რადიო ეთერებში.

წყარო:

1. https://speech.ge › natalia-gabunia-mevioline-holandia
2. https://netherlands.mfa.gov.ge/ნატალია გაბუნია

3. გაბუნია, ნატო. ალეგროს რიტმში ველოსიპედით. "ცხოვრებაში მთავარია სიცოცხლის სიყვარული" : [ინტერვიუ ჰოლანდიის რადიოორკესტრის წევრთან, მევიოლინე ნ. გაბუნიასთან] / ჩაიწერა ლანა ნიჟარაძემ // ამარტა. - თბილისი, 2002. - ზამთარი. - N6. - გვ.120-122.

4. http://kartuli.kvira.ge/2023/01/08/მევიოლინე-ნატო-გაბუნია-კ/


გააზიარე: