The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ირაკლი ცაგურია

ირაკლი ცაგურია
სხვა სახელი:Colonel D. de Souramy  (ფსევდონიმი)
D. de Souramy  (ფსევდონიმი)
Д. Б. Итрия Сурамели  (ფსევდონიმი)
Д. Сурамели  (ფსევდონიმი)
იტრია სურამელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:11 ნოემბერი, 1969  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ირაკლი ბესარიონის ძე ცაგურიამ, სავარაუდოდ, 1915 წელს პრაპორშჩიკის წოდებით დაამთავრა პეტროგრადში მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და სამხედრო სამსახური კავკასიის ფრონტზე განაგრძო, კავკასიის მე-2 სამთო-საარტილერიო ბატარეაში. 

კავკასიის არმიის გენერალ-კვარტირმაისტერი მასლოვსკი ორჯერ მოიხსენიებს ირაკლი ცაგურიას თავის წიგნში – „მსოფლიო ომი კავკასიის ფრონტზე 1914-1917 წწ.“, რომელიც 1933 წელს პარიზში გამოიცა. პირველად, როდესაც 1915 წელს სომხების საბრძოლო რაზმების მეთაურებთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და იგონებს შეხვედრის მონაწილეებს – „ბრიუსელში, ბელგიაში ცხოვრობდა პოდპოლკოვნიკი ირაკლი ბესარიონის ძე ცაგურია, მაშინ კავკასიის მე-2 სამთო-საცხენოსნო საარტილერიო ბატარეის ახალგაზრდა პრაპორშჩიკი, იმ ხანებში გამოშვებული სამხედრო საარტილერიო სასწავლებლიდან“. მეორედ, როდესაც აღწერს იმავე წლის 8 მაისს გამართულ აღლუმს - „ჩვენ შორის არიან ახალი მეგობრები, არა კაზაკები, არამედ სამთო არტილერისტები. პრაპორშჩიკი ირაკლი ცაგურია, მაღალი, წერწეტი, ყოველთვის მოწესრიგებული, ნამდვილი ქართველი თავადი - მართვე, ჩვენი ბრიგადის ხარუნჟების ჯგუფის ცენტრში დგას“.

1916 წელს ირაკლი ცაგურია სპარსეთის ფრონტზე იმყოფებოდა. იბრძოდა გენერალ ბარათოვის საექსპედიციო კორპუსში. ბრძოლაში გამოვლენილი სიმამაცისთვის დაჯილდოვდა გიორგის იარაღით  (Георгевское оружие).

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. იყო სამთო-საარტილერიო ბატარეის უფროსი. 

1917 წლის ზაფხულში შტაბს-კაპიტანი ცაგურია მივლინებით პეტროგრადში გაიგზავნა. აქ მან მონაწილეობა მიიღო ბოლშევიკების ამბოხების ჩახშობაში.

ირაკლი ცაგურიას მოქმედებას პეტროგრადში დაწვრილებით აღწერს ბორის ნიკიტინი თავის წიგნში „საბედისწერო წლები,“ რომელიც გამოცემულია პარიზში 1937 წელს. ავტორი მოგვითხრობს, რომ ივლისის შუა რიცხვებში პეტერბურში მძიმე ვითარება იყო. ამას დაემატა ის, რომ ჩაიშალა ე.წ. "კერენსკის შეტევა". პეტროგრადის გარნიზონის ფრონტზე გაგზავნის ბრძანებამ ჯარისკაცების უკმაყოფილება გამოიწვია. 17 ივლისს დემონსტარციაზე 500 ათასამდე კაცი გამოვიდა. დიდი ნაწილი შეიარაღებული იყო, ყველაფერი მზად იყო სახემლწიფო გადატრიალებისთვის. დროებითი მთავრობის ნაწილი გადადგა, მეორე ნაწილის ბედი გაურკვეველი იყო. პეტროგრადის სამხედრო ოლქის სარდალმა გენერალ-მაიორმა პეტრე პოლოვცოვმა ბრძანა თავრიდის სასახლესთან მყოფი ბრბოს წინააღმდეგ კაზაკთა ასეულისა და ორი ზარბაზნის გაგზავნა. შტაბს-კაპიტანმა ირაკლი ცაგურიამ თავად გამოთქვა სურვილი კაზაკთა ასეულს გაჰყოლოდა და როცა კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, მან, ფაქტობრივად მარტომ, შეძლო ბრძოლის ბედი შემოებრუნებინა. გადამწყვეტ მომენტში გამოჩენილი გმირობისთვის იგი დაჯილდოვდა გიორგის ჯვრით. 

1918 წლიდან ირაკლი ცაგურია ქართული სახელმწიფოს სამსახურშია. როგორც მისი ერთი წერილიდან ირკვევა, მონაწილეობას იღებდა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში და ბათუმთან მომხდარი შეტაკებისას დაიჭრა კიდეც.

1918 წლის დეკემბერში ის აქტიურად მონაწილეობს სომხეთთან ომში, როგორც სამთო-ცხენოსანი საარტილერიო ბატარეის უფროსი. აქ მან კიდევ ერთხელ გამოავლინა შენაერთის კარგი ხელმძღვანელობის უნარი და საოცარი პირადი ვაჟკაცობა.

1921 წლის თებერვალში იბრძოდა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. თბილისთან მიმდინარე ბრძოლის დროს, 24 თებერვალს მე-11 არმიის სარდლობამ ქართული შენაერთების მარცხენა ფრთის შემოვლა განიზრახა. ამ მიზნით  საბჭოთა მე-18 საკავალერიო  დივიზიამ სოფლების, ლილოსა და ნორიოს გავლით, ავჭალაზე იერიში სცადა. პოლკოვნიკმა ცაგურიამ საკუთარი ინიციატივით კონტრშეტევა განახორციელა და წითლების ეს მანევრი ჩაშალა.

ქართული კავალერიის ეს კონტრშეტევა მან თავად აღწერა აკაკი კვიტაიშვილისადმი გაგზავნილ პირად წერილში. 

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ირაკლი ცაგურია სამშობლოში დარჩა. საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა მის დაპატიმრებას. ჩეკამ ამ მიზნით პოლკოვნიკ გიორგი ხიმშიაშვილის ძმის, ალექსანდრეს გამოყენებაც კი სცადა, თუმცა ვერ მოახერხა პოლკოვნიკ ცაგურიას ხელში ჩაგდება.

ირაკლი ცაგურია 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. თავდაპირველი გეგმის თანახმად მას ვაზიანი უნდა აეღო, ხელში ჩაეგდო ზარბაზნები და აქედან შეეტია თბილისისთვის. მან 1926 წელს ბელგიურ ჟურნალში, „La Revue Belge“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბრობს 1924 წლის აჯანყებაზე და დაწვრილებით ყვება თავის მონაწილეობაზე. 

სამწუხაროდ პოლკოვნიკმა ირაკლი ცაგურიამ ვაზიანის დაკავება ვერ შეძლო. აჯანყების დამარცხების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან. აქვეყნებდა წერილებს საკუთარი სახელით და ფსევდონიმებითაც (იტრია სურამელი, Colonel D. de Souramy, D. de Souramy, Д. Б. Итрия Сурамели, Д. Сурамели).

გარდაიცვალა 1969 წლის 11 ნოემბერს.

წყარო:

https://mematiane.ge/product-details.php?id=5029&lang=ru 

ბახტაძე მიხეილ. პოლკოვნიკი ირაკლი ცაგურია // ქართული ემიგრაცია. – 2015. - #3(6). - გვ. 7-20


გააზიარე: