The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ ჩუბინიძე

დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:1962  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

მიხეილ (მიშა) ჩუბინიძე დაბადებულა 1892 წელს.1920-იან წლებში თანამოაზრეებთან ერთად წასულა  ემიგრაციაში, საფრანგეთში. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ ცნობილი მეწარმის გედევან ჩუბინიძის შთამომავალია და თვითონაც მეწარმეობას მისდევდა.

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევან ჩუბინიძეს ზესტაფონში სამიკიტნო ჰქონია. გაზეთის ამავე ნომერში დაბეჭდილი ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ შავი ქვით ვაჭრობა პირველად პავლე მოსეშვილმა და გედევან ჩუბინიძემ დაიწყეს. 1996 წელს კი გაზეთის ფურცლებიდან გვაცნობებენ, რომ ქველმოქმედი გედევან ზურაბის ძე ჩუბინიძე ყვირილაში თლილი ქვის ტაძარს აშენებს.

მანგანუმის საბადოები საქართველოში XIX ს-ის 40-იან წლებში აღმოაჩინეს. საბადოებით დაინტერესდნენ განვითარებული კაპიტალისტური სახელმწიფოების სამრეწველო ფირმები. მათი წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ვითარება შეისწავლეს, ხალხი დაიქირავეს და ააწყვეს ბიზნესი. უცხოელი მეწარმეები ადგილზე ყიდულობდნენ ჭიათურიდან ურმებით ჩამოტანილ შავ ქვას და ბათუმისა და ფოთის პორტებიდან გემებით გზავნიდნენ სხვადსხვა ქვეყნებში. ასე რომ ქართველები იღებდნენ მადანს, უცხოელები კი ამ პროდუქციის რეალიზაციას ახდენდნენ.

ქართველი მეწარმეებიდან, მხოლოდ გედევან ჩუბინიძე და ნიკოლოზ ღოღობერიძე ახდენდნენ მოპოვებული მადნის ექსპორტს.

მიშა ჩუბინიძის შესახებ პატარა მოგონება დატოვა მწერალმა აკაკი ბელიაშვილმა, რომლის უმცროსი ძმა ლადო ბელიაშვილი, ასევე, ემიგრანტი იყო. ძმები ერთმანეთს მხოლოდ 1960 წელს შეხვდნენ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმავალმა აკაკი ბელიაშვილმა პარიზში ტრანზიტით ისარგებლა და 34 წლის უნახავ ძმას ესტუმრა.

მათი შეხვედრის დრამატული ეპიზოდები მწერალმა ასახა თავის სამოგზაურო ჟანრის თხზულებაში „ამერიკაში პარიზზე გავლით“(ჟურნ. „ლიტერატურის მატიანე“, თბილისი, 2015).

აკაკი ბელიაშვილი ამ თხზულებაში გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის მიშა ჩუბინიძის შესახებ: „ქუჩაში გავედით, ტაქსი ვიქირავეთ და ხუთმეტიოდე წუთის შემდეგ მივადექით ერთ საბაკალეიო დუქანს. იგი ყოფილ შავი ქვის მრეწველს მიხეილ ჩუბინიძეს ეკუთვნის. ეს ჩუბინიძე მემკვიდრეა იმ გედევან ჩუბინიძისა, რომელმაც პავლე მოსეშვილთან ერთად ყველაზე პირველად დაიწყო შავი ქვის გატანა ჭიათურიდან გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში.

გედევანს ცოლად ჰყავდა ბაბუაჩემის დაი მართა, ბელიაშვილის ქალი. იგი უშვილო იყო და მის მდიდარ ოჯახში სკასავით ზუზუნებდნენ ნათესავები, დისწულები და ძმისწულები. პატარაობისას ხშირად თვეობით და წლობითაც კი თავისთან ვყავდი და მგონია, რომ ეს მკაცრი და პირქუში ქალი მარტო მე მიღიმოდა. მათი სახლი ახლაც დგას ზესტაფონის თეატრის გვერდით. მიხეილს, გედევანის ძმის შვილიშვილს ბავშვობიდანვე ვიცნობ. იგი ჩემზე გაცილებით უფროსია, სამოცდაათ წელსაა მიღწეული. ახლა აქ, მაღაზიის მეპატრონე გამხდარა, წინსაფარი აუფარებია და ფრანგ დიასახლისებს საქონელს უწონის. დამინახა თუ არა, მაშინვე მიცნო“.

ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზუმში, ლადო ბელიაშვილის არქივში დაცულია მიხეილ ჩუბინიძის წერილი აკაკი ბელიაშვილისადმი, რომელშიც ის ადრესატს ძმის გარდაცვალება-დაკრძალვის ფაქტებს აღუწერს.

მიხეილ ჩუბინიძეს 1953 წელს პარიზში ქართულ ენაზე გამოუქვეყნებია თავისი ლექსების კრებული.

მიშა ჩუბინიძე 1962 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

1.ჩუბინიძე, . (მიხეილ). განცდები უცხოეთში: {ლექსები}. პარიზი, 1953.

2.ლიპარტელიანი, ნინო. მანგანუმის წარმოება XIX-XX . დასაწყისი საქართველოში // ქართველი და უცხოელი მეწარმეები და მათი საქმიანობა საქართველოში : (XIX .-XX -ის I ოცწლეული) / . ლიპარტელიანი; . ჯოლბორდი. - თბ., 2009. - გვ.115-127

3.ლადო ბელიაშვილის არქივში დაცული ორი წერილი/მაია ცერცვაძის პუბლიკაცია //ქართული ემიგრაცია.-2015.- #3 - გვ. 148-154


გააზიარე: