The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ოთარ შალიკაშვილი

ოთარ შალიკაშვილი
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1933  (90 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1920 წლის დეკემბერში ორდონანსის ოფიცერი დიმიტრი შალიკაშვილი ქართულ დიპლომატიურ მისიასთან ერთად, საქართველო–თურქეთის საკითხებზე თურქეთის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად ანკარაში იმყოფებოდა. 1921 წ. თებერვალში, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის დროს, იგი ჯერ კიდევ თურქეთში იყო და სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.

1922 წ. ბოლოს, დიმიტრი შალიკაშვილმა, სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად, პოლონეთს შეაფარა თავი.

ქართველმა მეომრებმა არ მიიღეს პოლონეთის მოქალაქეობა, რადგან მათ სამშობლოში დაბრუნების იმედი ჰქონდათ. ისინი კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდნენ პოლონეთის არმიაში. მართალია მოქალაქეობის არქონის გამო მათ ვერ ნიშნავდნენ მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ სამხედრო წოდებებს ისევე უმატებდნენ, როგორც თვით პოლონელ ოფიცრებს.

1932 წ. დიმიტრი შალიკაშვილი დაქორწინდა პეტერბურგიდან ვარშავაში ემიგრირებული გენერლის ასულზე – გრაფინია მარია რიუდიგერ–ბელიაევაზე. მასთან შეეძინა სამი შვილი – იოსებ ოთარ შალიკაშვილი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი და ნინო ალექსანდრა გაალ შალიკაშვილი.

II მსოფლიო ომის შემდეგ დიმიტრი შალიკაშვილის ოჯახმა თავი ბავარიაში მცხოვრებ მარიას ნათესავებს შეაფარა. 1952 წელს ოჯახი  საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. დაბინავდნენ ილინოისის შტატის ქალაქ პეორიაში.

დიმიტრი შალიკაშვილის ორივე ვაჟი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურში შევიდა. უფროსი, ოთარ შალიკაშვილი პოლკოვნიკის ჩინით გავიდა თადარიგში. ხოლო უმცროსი ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი გენერალი გახდა.

ამერიკელ ქართველთა დახასიათებით, მიუხედავად ქართული სამყაროდან მოწყვეტისა, ორივე ძმა მამის ღირსეული მემკვიდრე და ქართული ცნობიერების მატარებელი იყო.

ოთარ იოსებ (ჟოზეფ) შალიკაშვილი 26 აგვისტო 1933 წლის 26 აგვისტოს დაიბადა პლონეთში,  დაბა მილანოვეკში.

სამხედრო სამსახური ამერიკის ჯარში 1952 წელს, რიგით ჯარისკაცად დაიწყო, 1954 წელს გახდა სერჟანტი, ამერიკის შეერთებული შტატების არმიას შეუერთდა და  მონაწილეობას  იღებდა  სპეციალური მომზადების რაზმის საკვალიფიკაციო კურსებში.

დამთავრებული აქვს სარდლობისა და გენერალური შტაბის კოლეჯი, ასევე აშშ-ის ჯარების საბრძოლო კოლეჯი,

1958 წელს კი დაამთავრა პეორიის უნივერსიტეტის საინჟინრო განყოფილება და ოფიცერთა სკოლა. დანიშნეს ქვეითი ჯარების ოფიცრად.

მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში და მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივ ადმინისტრაციაში.

იბრძოდა ვიეტნამში, 1967-1968 და 1971-1972 წლებში შვეულმფრენთა სადესანტო ჯარის ქვეგანყოფილებაში, მეთაურობდა 506-ე საჰაერო-სადესანტო რაზმს.

1978 წლიდან ხელმძღვანელობდა მეათე სპეციალური დანიშნულების ჯგუფს.

წარმატებით მსახურობდა ოპერატიული შტაბის, მათ შორის, არმიის დეპარტამენტის შტაბბინის სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო ქვეითი ჯარების სკოლის გაერთიანებული არმიის დეპარტამენტის დირექტორი და აშშ-ის არმიის საბრძოლო კოლეჯის სამეთაურო და სამენეჯმენტო დეპარტამენტის პედაგოგიური კოლექტივის წევრი.

1972  წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაში მუშაობდა. 

1976 წელს პოლკოვნიკის ჩინით გავიდა პენსიაზე. თუმცა, შეუნარჩუნდა აშშ-ის ჯარის ოფიცრის უფლებები და ვალდებულებები.

რამდენიმე წელი პოლკოვნიკი შალიკაშვილი უძღვებოდა ევროპაში აშშ-ის ჯარების შტაბ-ბინისთვის აქტიურ საკონსულტაციო სამსახურს. მონაწილეობდა ნატოს სამხედრო ოპერაციებში "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამით გათვალისწინებულ სწავლებებში, როგორც ამ სწავლებების უფროსი ხელმძღვანელი. იგი ამზადებდა აშშ-ის ჯარების ქვედანაყოფებს ბოსნიასა და კოსოვოში დისლოკაციისათვის, აანალიზებდა ამ ქვედანაყოფების გამოცდილებას მათი დისლოკაციის შემდეგ.

2001 წლიდან იყო ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კონსულტანტი საქართველოს საკითხებში. ასევე - ამერიკის შეერებული შტატების ქართული ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

ოთარ შალიკაშვილს დიდი როლი მიუძღვის ქართული არმიის ჩამოყალიბებაში. პენსიაზე გასვლის შემდეგ ის საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამხედრო მრჩეველად დაინიშნა და 2001-2005 წლებში უშუალოდ ხელმძღვანელობდა“ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“.

შალიკაშვილები საქართველოში პირველად უმძიმეს პერიოდში - 1992 წელს ჩამოვიდნენ. ოთარს თან ჰქონდა მამის ხელით დახაზული კახეთის რუკა. ისიც იცოდა, რომ მისი წინაპრები გურჯაანში იყვნენ დასაფლავებული.

ამერიკელმა ძმებმა შალიკაშვილების საგვარეულო სახლი მოინახულეს და 2000-იან წლებში პირადი ნივთებიც გადასცეს.

2005 წლის დეკემბერში, მათ მამაპაპისეულ სახლში გაიხსნა "ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი". მუზეუმის გახსნას ოთარ და ჯონ შალიკაშვილებიც ესწრებოდნენ.

მეუღლე - ჟანეტ სომერი (1940), ქალ-ვაჟი - დევიდ-მაიკლი (1967, 4 აგვისტო) და ემი თამარი (1969, 24 ოქტომბერი).

წყარო:
1. https://mematiane.ge/product-details.php?id=977

2. დაუშვილი, რუსუდან. ცნობილი ქართველები ამერიკაში : ამერიკის შეერთებული შტატები : ოთარ და ჯონ-მალხაზ შალიკაშივლები // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - გვ. 187-190

3. მახარაძე, ირაკლი. ჯონ (მალხაზ) და ოთარ შალიკაშვილები // ქართველები ამერიკაში / . მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.124-128.


გააზიარე: