The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


შოთა თარხნიშვილი

შოთა თარხნიშვილი
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1915
გარდაცვ. თარიღი:1990  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

შოთა თარხნიშვილი 1915 წლის 18 მარტს დაიბადა ალექსანდრე თარხნიშვილისა და ნუშო ხელაშვილის ოჯახში. ჯერ თბილისის მე-15 სკოლის შვიდწლედი დაამთავრა, 1935 წელს კი ათწლედი. სწავლის გაგრძელება სამედიცინოზე უნდოდა, მაგრამ ბედმა  საქართველოს კავშირგაბმულობის ინსტიტუტის დაუსწრებელ ფაკულტეტზე მიიყვანა. სწავლის პარალელურად მუშაობდა ორკესტრის ადმინისტრატორად.

ჯარში გაწვევის შემდეგ, 1935 წელს, თბილისის საარტილერიო სასწავლებელში ჩაირიცხა. სწავლის პერიოდში გაიცნო მომავალი მეუღლე ნუნუ ჯავახიშვილი. დაქორწინდნენ 1941 წლის ივნისში, როცა შოთამ არტილერისტის დიპლომი აიღო ლეიტენანტი შოთა თარხნიშვილი უკრაინაში, ნოვგოროდ-ვოლინსკში გაანაწილეს და დაქორწინებიდან სამი დღის შემდეგ (15 ივნისს) გაემგზავრა კიდეც. ცოლს დაუბარა, დავბინავდები და შენც მალე ჩამოხვალო, ორ კვირაში კი ომი დაიწყო.

1941 წლის 23 სექტემბერს ტყვედ ჩავარდა უკრაინაში, კიევის ოლქში. ამის შემდეგ მისი ბიოგრაფია მოიცავს - გერმანელთა ტყვეობას, ქართული ლეგიონის შექმნას, შარლ დე გოლის არმიას, საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონს, ფრანგულ ემიგრაციასა და ამერიკის კონტინენტზე ცხოვრებას.

ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ დაუახლოვდა "კავკასიის კომიტეტს", ალექსანდრე პეტრიაშვილს, ჟორა ცქიტიშვილსა და  გივი გაბლიანს. იყო ყოფილი ტყვებისაგან ჩამოყალიბებული ბრანდერბურგის ქართული პოლკის წევრი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცხოვრობდა საფრანგეთში.

1950 წელს შეუერთდა არგენტინის ქართულ ემიგრაციას. მუშაობდა ბუენოს აირესის მეტალურგიულ ქარხანაში.

საქართველოში დაბრუნდა 1965 წელს.

მისი პიროვნების დასახასიათებლად გთავაზობთ ფრაგმენტს ემიგრანტ პეტრე ხვედელიძის მოგონებიდან: „ მე და შოთა ტყვედყოფილები ვიყავით, საფრანგეთში ბება-ირინე დადიანი (დიმიტრი ამილახვრის მეუღლე) გვმფარველობდა ორივეს, სანამ ცოცხალი იყო. შოთა, იშვიათი გარეგნობის ქართველი, პარიზელ ლამაზ გოგონებს შეძლებული ოჯახებიდან ძალიან მოსწონდათ. ყოველთვის მიკვირდა, დაოჯახებაზე არ ფიქრობდა. არადა, მეუღლესაც არ ახსენებდა. ახლა ვხვდები, დიდმა სიყვარულმა უცხო ქვეყანაში არ გააჩერა, მაინც დაბრუნდა... ბედნიერი ყოფილა, მშობლიურ მიწას მიებარა“.

შოთა თარხნიშვილი გარდაიცვალა 1990 წელს, თბილისში. დაკრძალულია მუხათგვერდის სასაფლაოზე.

წყარო: 

1. ჯერვალიძე სოფიკო. გერმანელთა ტყვეობიდან - დე გოლის არმიამდე // ჟურნ. „ისტორიანი“. 2015. - #11/59. - გვ. 42-48.

2. http://www.nplg.gov.ge › bios. შოთა თარხნიშვილი


გააზიარე: