შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
რუსუდან ჟორჟოლიანი![]()
ბიოგრაფიაიტალიურენოვანი ქართველი მწერალი რუსუდან (რუსკა) ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან დევნილია. დაიბადა 1985 წელს მესტიაში. 1989 წელს მისი ოჯახი გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში დასახლდა. აფხაზეთის ომის გამო, 1994 წელს იძულებული გახდნენ სახლ-კარი მიეტოვებინათ და წამოსულიყვნენ. ჯერ მესტიაში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი თბილისში. 10 წლის იყო რუსკა როცა საზოგადოება „საქართველო-იტალიის“ ორგანიზებით სხვა დევნილ ბავშვებთან ერთად იტალიაში, სიცილიაზე გაემგზავრა. ეს ბავშვები ზაფხულობით, სამი თვის მანძილზე ცხოვრობდნენ იტალიურ ოჯახებში, შემდეგ ცხრა თვეს კი საქართველოში ატარებდნენ. ეს პროგრამა მათ სრულწლოვანებამდე გაგრძელდა. 18 წლის ასაკს როცა მიაღწიეს ზოგი საქართველოში დარჩა და სწავლა განაგრძო, დაოჯახდა, ზოგმა კი პალერმოსთან და „იტალიელ მშობლებთან“ კავშირი არ გაწყვიტა. 2007 წლამდე რუსკაც ამ რეჟიმით ცხოვრობდა. პარალელურად ორივე ქვეყანაში გაიარა სასკოლო პროგრამა. იტალიელი მშობლების დახმარებით საქართველოში იტალიური სკოლა დაამთავრა, ზაფხულობით კი იტალიურ სკოლაში აბარებდა ექსტერნად გამოცდებს. მერე თსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩააბარა და დაასრულა თუ არა იტალიაში გაემგზავრა თავის დედობილ-მამობილთან. თავიდან იქაც საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩააბარა პალერმოს უნივერსიტეტში, შემდეგ კი პროფილი შეიცვალა და ფილოსოფიის ფაკულტეტი დააამთავრა. სადიპლომო დაიცვა ქართველ ფილოსოფოს მერებ მამარდაშვილზე და ამჟამად მის ნაშრომებს იტალიურ ენაზე თარგმნის. რუსკა ჟორჟოლიანის, როგორც მწერლის დებიუტიც, იტალიურ ენაზე შედგა. თავდაპირველად წერდა დღიურებს, წერილებს, ლექსებს, აკეთებდა ჩანახატებს, მაგრამ ფიქრობდა, რომ რაიმე სერიოზულის დაწერა ჯერ ნაადრევი იყო. 2009 წელს მისი დინო კამპანასადმი მიძღვნილი ლექსი პალერმოში გამართულ ლიტერატურულ კონკურს „მონდელო ჯოვანიზე“ (Mondello Giovani) მთავარი პრიზით დაჯილდოვდა. 2016 წლის ნოემბერში გამოიცა რუსკას პირველი წიგნი „შენი აქ ყოფნა როგორც ქალაქი“ , რომლის მოქმედება ყოფილ საბჭოთა კავშირში ხდება. იტალიურმა ლიტერატურულმა კრიტიკამ ნაწარმოები კარგად მიიღო და ცნობილმა იტალიურმა გამოცემებმა რუსკა პერსპექტიულ მწერალთა შორის მონიშნეს. 2016 წელსვე რომანი ჰერმან გეიგერის პრემიაზე (დებიუტანტებისთვის) წარადგინეს. წიგნმა “ნაწარმოების სიღრმის და მნიშვნელობისთვის” ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა (Menzione speciale) დაიმსახურა. "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის" ნაწილობრივი დაფინანსებით კი რომანი გერმანულ ენაზე ითარგმნა. „სამი ცოცხალი, სამი მკვდარი“ რუსკა ჟორჟლიანის მეორე წიგნია. რომანში მოქმედება 1930-1950-იანი წლების იტალიაში ვითარდება. ეპოქაში, როდესაც იტალიამ გამოიარა ფაშიზმი, მეორე მსოფლიო ომი და შემდეგ უკვე ეკონომიკურმა ბუმმა მოუსწრო. რუსკა ჟორჟოლიანის წიგნის გარეკანს ამშვენებს მისი დის, ქეთევანის ნამუშევარი, რომელიც პალერმოს სმხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. მათი ძმა, ლაშა კი ლონდონში ცხოვრობს, ელექტრონულ მუსიკას წერს და წარმატებული დიჯეია. რუსუდან ჟორჟოლიანის წიგნებს დადებით რეცენზიებს უძღვნიან ცნობილი იტალიური გამოცემები, ისეთები, როგორიცაა „ლა სტამპა“ , „ლა რეპუბლიკა“, „უნიტა“ და სხვა. იტალიაში იგი აღიარებული მწერალია, მაგრამ თავად მაინც სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი „სამჭედლო“ მაინც „ქართულ ყაიდაზეა აგებული“ და ყველაზე ღირებული რამ ამ გრდემლზე „ქართულ მასალაზე ქართული ხელით“ გამოიჭედება. წყარო: 1. ჟორჟოლიანი რუსკა. ნაწყვეტები ავტობიოგრაფიიდან, რომელსაც არასოდეს დავწერ / რუსკა ჟორჟოლიანი ; იტალიურიდან თარგმნა დარეჯან კიკოლიაშვილმა // იალქანი: შემეცნებით-ლიტერატურული ჟურნალი ყმაწვილთათვის / აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ; სსიპ "აფხაზეთის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი". თბილისი, 2018 წ. N 1. გვ. 20-23.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |