The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივანე აბიათარი

ივანე აბიათარი
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ივანე აბიათარმა 2003 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ფაკულტეტი (გადააბარა 2010 წელს), რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ევროპის პანკრეასის ცენტრის (გერმანია) სადოქტორო საფეხურზე. ქირურგობა თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა.

2004-2007 წლებში მუშაობდა ევროპის პანკრეასის კვლევით ცენტრში ჰაიდელბერგში. 2007 წელს გადავიდა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში (დოქტორანტურა და კლინიკური რეზიდენტურა).

2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „პანკრეასის კიბოს პერინერვული ინვაზიის თავისებურებანი“, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში.

2011 წელს მოიპოვა ზოგადი ქირურგის კვალიფიკაცია.

2007-2013 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობას მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკაში „რეხტს დერ იზარი“ პოსტდოკისა და მოწვეული ექიმის პოზიციაზე.

2013 წლიდან ივანე აბიათარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.

2015 წლიდან - მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, მოლეკულური და ტრანსლაციური მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი.

2018 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 2020 წლიდან დაინიშნა ილიაუნის „მედიცინის სკოლის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ძირითადი კვლევითი საკითხებია: ონკოლოგია, ექსპერიმენტული ქირურგია, ტრანსლაციური და მოლეკულური მედიცინა.

ივანე აბიათარის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში ფუნქციონირებს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და მედიცინის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა.

ივანე აბიათარი სამედიცინო განათლების სპეციალისტის სერტიფიკატის მფლობელია (AMEE).

2006-2010 წლებში მას მიღებული აქვს „ბორინგერ ინგელჰაიმის“, DAAD-ისა და „ფრიც ტისენის“ კვლევითი სტიპენდიები.

2016 წელს გახდა საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი.

2017-2019 წლებში იყო GIZ/CIM პროგრამის ბენეფიციარი.

2022 წელს მოიპოვა ფულბრაიტის სტიპენდია მკვლევართათვის (ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, ბოსტონი, აშშ).

მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი ნაშრომი რეფერირებად ჟურნალებში.

მას მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები აქვს კიბოს ნერვული გზით გავრცელების ფენომენის შესწავლაში.

ვანო აბიათარის მეუღლეს, ნინო ჩხიკვაძეს განათლება ეკონომიკა-პოლიტიკის მიმართულებით აქვს მიღებული, მაგისტრატურა კი სახელნწიფო მართვის კუთხით დაამთავრა. ჰყავთ ვაჟი - ლუკა.

წყარო: 

1. https://faculty.iliauni.edu.ge/engi/ivane-abiathari/

2. აბიათარი, ივანე. ექიმობა ჩემთვის გამოწვევა იყო : ინტერვიუ / ივანე აბიათარი ; ესაუბრა დევი დევიძე // ოჯახის მკურნალი : სამედიცინო ჟურნალი. - თბილისი, 2011. - 24 მარტი-6 აპრილი. - N6(249). - გვ.52-53.


გააზიარე: