The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ჯემალ ბჟალავა

ჯემალ ბჟალავა
სხვა სახელი:ჯოტი
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:მოქანდაკე

ბიოგრაფია

ჯემალ (ჯოტი) ბჟალავა დაიბადა 1944 წელს 15 დეკემბერს სამეგრელოში, მარტვილში. 6 წლის იყო, როდესაც კლდეებში  ქვისგან ცხოველების და მითოლოგიური ფიგურების დამზადება დაიწყო. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი.

1970 წლიდან მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში: რესპუბლიკური და საკავშირო გამოფენა (1990-1997); დაზგური ქანდაკების გამოფენა, სურათების ეროვნული გალერეა, პორტრეტის გამოფენა, თბილისი (1996); ქართველ მოქანდაკეთა ჯგუფური გამოფენა უზესში, საფრანგეთი (1992); პერსონალური გამოფენები: ბიარიცი (საფრანგეთი, 1993-1996), ბაზელი, შვეიცარია (1996); „ცოცხალი ქვები“, პარიზის საკრებულო, საფრანგეთი (2016); “ქვების სიჩუმე“  აუბენას ვილა, საფრანგეთი (2019).

ხელოვანის შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით საქართველოს ისტორიისა და კულტურის მოტივებს. მისი შთაგონების წყარო კავკასიის ხალხთა ლეგენდები და მისტკიური არაკებია. მუშაობისას საყვარელი მასალაა - გრანიტი, მარმარილო და სილექსი. „ქვის საწყისი მდგომარეობა ჩემს ნამუშევრებში ხშირად შენარჩუნებულია, რადგან ეს  ხაზს უსვამს მის ბუნებრიობას, სიმკვრივეს და მოცულობას; მე მას პირდაპირ ხელებით ვამუშავებ“, - ამბობს მოქანდაკე.

ჯოტი ბჟალავა 1991 წელს ჩავიდა ხელოვნების სიმპოზიუმზე საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში და მას შემდეგ, უკვე 30 წელზე მეტია საფრანგეთში ცხოვრობს და  მოღვაწეობს. 

მოქანდაკის მიერ ქვიდან გამოთლილი ადამიანები და ცხოველები, საქართველოს გარდა, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქშია განთავსებული. გამორჩეული  ნამუშევრებია: წმინდა ოჯახი, ქვა (1970), მცხეთა; პეტრე იბერი, რიყის ქვა (1975); მემატიანე, დიაბაზი (1980); ნინოს პორტრეტი (1983), მარმარილო, თბილისი; ძელიცხოველი (1989), მარმარილო, მცხეთა, ოთხმეტრიანი ხარი, რომელიც საფრანგეთში,  ქალაქ ნიმის ცენტრალურ  მოედანზე 2018 წელს განათავსეს; ასევე,  წმ. გიორგის მონუმენტი (1988) სიონის ტაძრის ეზოში და  ნამუშევრების სერია დარიალის ხეობაში (ყაზბეგი), გრანიტი (1973-1980); კომპოზიცია (1991) ლოილანი (საფრანგეთი), მარმარილო, ანტიკური მოტივები, ქანდაკებების ციკლი ბერძნული მითოლოგიის გმირები(1995-1996) და სხვ.

ქართველ მოქანდაკეს ფრანგი ხელოვანები “სკულპტურის  მოცარტს” უწოდებენ.

ჯოტი  ბჟალავა ოჯახთან ერთად სამხრეთ საფრანგეთში, ოდის დეპარტამენტში ცხოვრობს.

წყარო:

ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 57

https://speech.ge/khelovneba/jemal-joti-bzhalava-moqandake-saphrangethi/

https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/a-b/bjalava-djemal.html


გააზიარე: