შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
არჩილ II![]()
ბიოგრაფიაარჩილ ბაგრატიონი - არჩილ მეფე დაიბადა 1647 წელს. იგი ქართლი მეფის, ვახტანგ V შაჰნავაზის უფროსი შვილი იყო. არჩილის დედა როდამი ყაფლან ბარათაშვილის ასული და შაჰნავაზის პირველის ცოლი იყო. არჩილ II ცოლად ჰყავდა თეიმურაზ I-ის შვილიშვილი - ქეთევანი. არჩილს, როგორც უფროს ვაჟიშვილს, მეფედ ამზადებდნენ და ამიტომ ბუნებრივია, მშობლებმა მას კარგი განათლება მისცეს როგორც საერო, ისე სასულიერო. იგი ადრევე შეუდგა სახელმწიფოებრივ საქმეებს. 1661 წელს შაჰნავაზმა დასავლეთ საქართველოში ილაშქრა და სპარსეთის შაჰის თანხმობით ჯერ კიდევ მცირეწლოვანი 14 წლის არჩილი იმერეთში გაამეფა. ამით შაჰნავაზმა ქართლისა და იმერეთის გასაერთიანებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მაგრამ ოსმალეთი, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა დასავლეთ საქართველოზე, არ შეურიგდა არჩილის გამეფებას იმერეთში. ოსმალეთის ზეგავლენით არჩილი იძულებული გახდა იმერეთი მიეტოვებინა და სპარსეთში წასულიყო. შაჰ-აბას მეორემ მას მაჰმადიანობა მიაღებინა, შაჰნაზარხანის სახელით საქართველოში დააბრუნა და კახეთის სამეფო ტახტი მისცა. არჩილი კახეთში 12 წელს მეფობდა, მაგრამ გული იმერეთისკენ მიუწევდა. კახეთში არჩილის წინააღმდეგ მოქმედებდა კახეთის ბაგრატიონთა შთამომავალი - ერეკლე I ნაზარალიხანი. ერეკლე სპარსეთის მხარდაჭერით სარგებლობდა და არჩილი 1675 წელს იძულებული გახდა მიეტოვებინა კახეთის სამეფო. იგი ახალციხის ფაშასთან გამოცხადდა და დახმარება სთხოვა. ოსმალების დახმარებით იმერეთის ტახტი დაიბრუნა, მაგრამ იქ ერთ წელიც ვერ გაძლო და იძულებული გახდა ტახტი დაეთმო. არჩილი ჯერ დვალეთში გადავიდა, შემდეგ ოსმალეთში და როცა დარწმუნდა, რომ სპარსეთისა და ოსმალეთის მხარდაჭერა საიმედო არ იყო, რუსეთს მიმართა. 1682 წელს არჩილი ასტრახანის გზით მოსკოვში წავიდა. 1682-85 წლებში ასტრახანში ცხოვრობდა, რადგან მოსკოვში ჩასვლის ნება ვერ მიიღო. ასტრახანში მთელი მისი ქონება ცეცხლმა გაანადგურა. დაეწვა ხელნაწერებიც. ბოლობოლო, მოსკოვში ჩასვლის ნება დართეს და კარგადაც მიიღეს, თუმცა რეალური დახმარება არ გაუწიეს. არჩილი მოსკოვში 1688 წლამდე დარჩა. თავისი შვილი- ალექსანდრე სამხედრო სასწავლებელში შეიყვანა, ხოლო თვითონ იმედგაცრუებული უკან გაბრუნდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ არჩილმა სამჯერ მოახერხა (დაახლოებით თითო წლით) იმერეთის ტახტზე ასვლა, მაგრამ საბოლოოდ იგი იმერეთიდან გააძევეს. არჩილი იძულებული გახდა ისევ რუსეთში წასულიყო, პეტრე პირველმა იგი კარგად მიიღო, მამულები მისცა და მოსკოვის მახლობლად დაასახლა სოფელ ვსეხსვიატსკოეში. ამის შემდეგ არჩილმა პოლიტიკურ ცხოვრებაზე ხელი აიღო და კულტურული საქმიანობა გააჩაღა. არჩილი რუსეთის მთავრობის დიდი დახმარებით სარგებლობდა. ამას ხელს უწყობდა მისი შვილის - ალექსანდრეს დაახლოება პეტრე პირველთან. ალექსანდრე და პეტრე პირველი ერთად სწავლობდნენ, საზღვარგარეთაც ერთად იმოგზაურეს. პეტრე პირველმა იგი საარტილერიო საქმის უფროსად - გენერალ-ფელდცეხმაისტერად დანიშნა. ალექსანდრე მონაწილეობდა შვედების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1700 წელს ტყვედ ჩავარდა. 1710 წელს ბევრი მცდელობის შემდეგ ალექსანდრე ტყვეობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ არჩილი შვილის ნახვას ვერ მოესწრო - ალექსანდრე გზაში გარდაიცვალა. სამშობლოს მოშორებული, პოლიტიკურ ცხოვრებაში იმედგაცრუებული არჩილი მაინც თავისი სამშობლოს კულტურული აღორძინებისათვის ზრუნავდა. 1703 წელს მოსკოვში გამართა ქართული სტამბა. 1705 წელს ქართულ სტამბაში არჩილმა დაბეჭდა „დავითნი“ და გამოსაცემად მოამზადა „ბიბლია“, მაგრამ მისი გამოცემა ვეღარ მოასწრო. არჩილი მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. გარდაიცვალა 1713 წლის 16 აპრილს. დაკრძალეს მოსკოვში, დონის მონასტერში, მისი საფლავი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის. არჩილმა მდიდარი ლიტერატული მემკვიდრეობა დაგვიტოვა, მისი შრომები ორ ტომად არის გამოცემული. არჩილის მთავარი ნაწარმოებებია „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ და „საქართველოს ზნეობანი“. წყარო: არჩილი (1647-1713) // ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები. - თბ., 2010. - გვ.44-46. სამეფოსა და პოეზიის მაძიებელი მეფე-პოეტი არჩილ II // ძველი და ახალი საქართველოს მიჯნაზე : ლიტ. პორტრეტები XVIII-XIX სს. საქ. საზ. და კულტ. ცხოვრების ალბომიდან / მ. ღაღანიძე. - თბ., 2010. - გვ.17-23. ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) : 1674-1711 // 100 ქართველი უ.ცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.23-24. - ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |