The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლიანა ფაილოძე-ჰარონი

ლიანა ფაილოძე-ჰარონი
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

პიანისტი ლიანა ფაილოძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 2001 წელს საფორტეპიანო სპეციალობით დაასრულა "ნიჭიერთა ათწლედი", მარინა გელაშვილის კლასი. სწორედ მან შეაყვარა მომავალი პროფესია, თუმცა მშობლებისგან იცის, რომ მისი სიყვარული მუსიკის მიმართ 4 წლიდან იწყება. ლიანას მამა ჯაზ-დრამერია. ის შვილს პატარაობიდანვე ასმენინებდა ყველა ჟანრის მუსიკას - The Beatles-ს, CHUCK BERRY-ს, ტინა ტერნერს და, რა თქმა უნდა, ქართულ მუსიკასაც.

მუსიკალური ათწლედის დამთავრების შემდეგ, ლიანა ფაილოძეს ჰქონდა შემოთავაზება აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტისგან და მიწვეულიც იყო მისაღებ გამოცდებზე, თუმცა მაიამის უნივერსიტეტმა ყველაზე მეტად იაქტიურა და პიანისტი მისაღები გამოცდების გარეშე მიიწვია სასწავლებლად.

ლიანა 2000-იანების დასაწყისში გაემგზავრა აშშ-ში და მისი შემდგომი წარმატებული მუსიკალური კარიერაც სწორედ ამ ქვეყანას უკავშირდება.

მაიამის უნივერსიტეტში მან შეისწავლა არა მხოლოდ კლასიკური მუსიკა, არამედ სხვა ჟანრებიც და იმდენად შეუყვარდა იქაურობა, რომ შემდგომ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიც მაიამიში დაამთავრა.

სადოქტორო პროგრამის უმაღლესი ქულებით დასრულებისა და დოქტორის წოდების მიღების შემდეგ, 2013 წელს მუსიკოსი საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, რაც მისი პროფესიული კარიერისთვის და მეტი განვითარებისთვის აუცილებელი გახლდათ.

ამერიკაში ლიანა ფაილოძე გათხოვდა და დედაც გახდა. ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ შვილმა იცოდეს ქართული ენა და იცნობდეს დედის სამშობლოს. ამის მისაღწევად დედა-შვილი ხშირად ჩამოდის საქართველოში.

მუსიკოსს დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება აქვს. ატარებს  კონცერტებსა და მასტერკლასებს არა მხოლოდ ნიუ-იორკში, არამედ მაიამიში, ტეხასში, ალაბამაში, ლას-ვეგასში, არკანზასში და სხვ.

პიანისტს დაუკრავს ისეთ ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, როგორებიცაა: "კარნეგი ჰოლი", "ლინკოლნ ცენტრი" და ა.შ.; ასევე, არაერთხელ ყოფილა მიწვეული ცნობილ სატელევიზიო გადაცემებში, უმუშავია პოპულარულ მუსიკოსებთან: სტივენ ტაილერთან, Sting-თან, მაესტრო ზუბინ მეტასთან და არაერთ სხვა გამორჩეულ შემსრულებელთან. შესაბამისად, ჰქონია შეხება თითქმის ყველანაირ მუსიკალურ მიმართულებასთან , ვინაიდან მისთვის სიძნელეს არ წარმოადგენს ნებისმიერი სტილის მუსიკის შესრულება.

აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებასთან ერთად ლიანა ფაილოძე-ჰარონი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა.  კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, როგორებიცაა: Texas A&M University-Chorpus Christi, TX Oklahoma University, OK Slippery Rock University, PA Berry Collage და ა.შ.

ასევე, პარალელურად, ასწავლის მანჰეტენზე მუსიკალურ სკოლაში. კონცერტების გარდა დაკავებულია ჩაწერებით. ყოველთვის წინასწარ აქვს გაწერილი რამდენიმე პროექტი, ამიტომაც საქმე არასდროს ელევა.

პიანისტი კონცერტებზე ყოველთვის ასრულებს ერთ ქართულ კომპოზიციას მაინც. ყველაზე ხშირად ეს არის მერი დავითაშვილის ნაწარმოები, რადგან ბავშვობას ახსენებს, და რა თქმა უნდა, რეპერტუარში ყოველთვის აქვს რევაზ ლაღიძისა და ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებები.

ლიანა ფაილოძე ამბობს, რომ როდესაც ალბომზე მუშაობს, მნიშვნელოვანია, რომ ის არ ჰგავდეს წინას. მაგალითად, „კოვიდის“ დროს გამოუშვა ალბომი Light-Year, სადაც შესულია კინომუსიკა. ამ ალბომით ის შეეცადა გადმოეცა მისი მაშინდელი შინაგანი მდგომარეობა.

პანდემიის დროს სტრავინსკის ბალეტის "კურთხეული გაზაფხულის" ბაზაზე შედგა კიდევ ერთი დიდი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, პერკუსიონისტის ქსენია კომლიენოვიჩის მიერ ამ ცნობილ ბალეტს გაუკეთდა არანჟირება მარიმბასა და ფორტეპიანოსათვის.

ქართველმა პიანისტმა და სერბმა არანჟირების ავტორმა სულ რამდენიმე თვეში ააწყვეს ეს 86-გვერდიანი ნაწარმოები და მალევე ჩაწერეს ალბომი. ასე დაიბადა მათი დუეტი − Vesna Duo, რომელიც წარდგენილი იყო უმთავრეს მუსიკალურ კონფერენციაზე Chamber Music America 2021.

დებიუტის შემდეგ დუეტით ბევრი ადამიანი დაინტერესდა, 2022 წელს კი ცნობილი გახდა, რომ ალბომი − Vesna Duo Presents: The Rite of Spring, Grammy®-ის პრემიაზეა წარდგენილი, კატეგორიაში "წლის საუკეთესო პატარა ანსამბლი". ეს უდიდესი მიღწევაა როგორც თავად დუეტისთვის, ისე ზოგადად ქართული მუსიკალური სფეროსთვის.

გარდა ამისა, ლიანას მიერ შესრულებულ იგორ სტრავინსკის "კურთხეულ გაზაფხულს", ცნობილი ამერიკელი კრიტიკოსის, Pulitzer-ის პრიზის მფლობელს, ტიმ ფეიჯის დადებითი შეფასება მოჰყვა პოპულარულ ამერიკულ გამოცემა The wall street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ლიანა ფაილოძისა და ქსენია კომლიენოვიჩის უმთავრესი მიზანია, რომ საკუთარი ქვეყნები გააცნონ მთელ მსოფლიოს, ამისთვის მუშაობენ ახალ ალბომზე, სადაც შესული იქნება ქართულ-სერბული კომპოზიციები.  

წყარო:

1. ფაილოძე ლიანა. გაიცანით ლიანა ფაილოძე Harron- : ქართველი პიანისტი წარმატებული კარიერა ნიუ-იორკში / ლიანა ფაილოძე ; ესაუბრა სოფიო მალანი // OK! საქართველო : ყოველთვიური ჟურნალი. თბილისი, 2022. აგვისტო. N 97. გვ. 72-73. https://okmagazine.ge/ok-gaitsanit-liana-failodze-harron/
2. ფაილოძე ლიანა. "ნიჭიერთა ათწლედიდან" Grammy(R)-ის ნომინაციამდე - ქართველი პიანისტის წარმატება აშშ-ის მუსიკალურ ინდუსტრიაში : ინტერვიუ / ლიანა ფაილოძე-ჰარონი ; ესაუბრა არჩილ გელაშვილი // Entrepreneur საქართველო. თბილისი, 2022. ოქტომბერი. N 52. გვ. 61-63.
  https://www.entrepreneur.com/ka/business-news/nichierta-attsledidan/438771

 


გააზიარე: