The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ანდრო ვეკუა

ანდრო ვეკუა
დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ანდრია (ანდრო) ვეკუა ეროვნული-გამათავისუფლებელი მოძრაობის გმირის ვოვა ვეკუას (1949-1989) შვილია, რომელიც 1989 წლის 15 ივლისს, აფხაზ სეპარატისტებთან მომხდარი პირველი შეტაკებისას დაიღუპა.

ანდრია დაიბადა 1977 წლის 27 ოქტომბერს, ქ. სოხუმში. 15 წლის იყო, როცა მისი ოჯახი თბილისში გადასახლდა, რადგან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად აფხაზეთის რეგიონი რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩაიგდეს ხელში.

ანდრო ვეკუამ სახვითი ხელოვნების მიმართულებით განათლება შვეიცარიაში მიიღო, ქალაქ დორნახში დაამთავრა ასენზას უმაღლესი სამხატვრო სკოლა. შემოქმედებითი საქმიანობა ბერლინსა და ციურიხში გააგრძელა.

ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა ბავშვობის მოგონებები მის გონებას არასოდეს მოშორებია, მეტიც, არტისტის შემოქმედება სწორედ მათით არის ნასაზრდოები. 

ანდრო ვეკუა დაჯილდოებულია შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურის ინსტიტუტის — ფონდ Kiefer Hablitzel-ის პრემიით. ასევე ნომინირებული იყო ბერლინის თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეის პრემიაზე.

არტისტის ერთ-ერთი ნამუშევარი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი „არასდროს დაიძინო მარწყვით პირში“ და თანმდევი სკულპტურა, 2011 წლის მიწურულს ბერლინში, ჰამბურგერ ბაჰნჰოფის მუზეუმში, სამ სხვა მხატვრის ნაწარმოებთან ერთად იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდა ხელოვანები ეროვნული გალერეის პრესტიჟული პრიზის ნომინანტები იყვნენ.

ანდრო ვეკუა ვიზუალური ხელოვნების განსხვავებულ მედიუმებში მუშაობს - სკულპტურა, მხატვრობა, ვიდეო, ინსტალაცია, ტექსტი... ძირითადად კოლაჟებს აკეთებს, როგორც ფურცელზე, ისე, საგალერეო სივრცეში.

მისი პერსონალური გამოფენები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ბელგია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები და საბერძნეთი.

მონაწილეობდა ჯგუფურ ექსპოზიციებში, სადაც წარმოდგენილი იყო მისი ინსტალაციები (ვენეცია, ბერლინი და პრაღის ბიენალეები, ნიუ-იორკის სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმი (აშშ), კვანჯუ (სამხრეთ კორეა), თანამედროვე ხელოვნების ცენტრი(იტალია), ფოტოგრაფიის მუზეუმი (ამსტერდამი) და სხვა).

გამოფენებზე მას ნიუ-იორკის გლადსტონის გალერეა წარმოადგენს.

ქართველი ხელოვანის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს ისეთ ცნობილ გალერეებში, როგორიცაა : ნიუ იორკისა და სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, პომპიდუს ცენტრი(პარიზი),  შვეიცარიის ხელოვნების მუზეუმი და მრავლადაა, ასევე, კერძო კოლექციებში.

ანდრიას მეუღლეა თანამედროვე არტისტი, ფოტოგრაფი ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი.

 წყარო:

1. https://speech.ge/khelovneba/andro-vekua-khelovani-shveitsaria/ 

2. ძიაპშიპა ანნა. ღელვა შადრევანში //ინდიგო. თბილისი, 2018. აპრილი. N 29. გვ. 10–11.

3. გიორგობიანი, ქეთი. არაერთდროულობის ერთდროულობა / ქეთი გიორგობიანი // ტაბულა. - თბილისი, 2011. - 7-13 მარტი. - N46. - გვ.68-69.

4. ჯაში, სალომე. ვარდისფერ ტალღაზე მონადირე / სალომე ჯაში // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2012. - მარტი. - N77. - გვ.33-39

 


გააზიარე: