The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ოთარ წერეთელი

ოთარ წერეთელი
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1945  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

ფილოსოფოსი და პუბლიცისტი ოთარ წერეთელი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიხაკო წერეთლის (1878-1965) ერთადერთი ვაჟი იყო. იგი თან გაჰყვა მამას ემიგრაციაში. დედამისი, მარიამ რევაზის ასული ვახვახიშვილი (1875-1964) კი საქართველოში დარჩა და მას შემდეგ ქმარ-შვილი აღარ უნახავს.

დოქტორი ოთარ წერეთელი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე იყო. იგი 1933 წელს გაწევრიანდა „ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაციაში“, 1935 წლიდან კი გახდა „ეროვნული ერთიანობის დარაზმულობა „თეთრი გიორგის“ წარმომადგენელი.

ობერლეიტენანტი ოთარ წერეთელი 1945 წელს დასავლეთის ფრონტზე ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა (ტანკში დაიწვა). მამას მისი გარდაცვალების ცნობა არ მიუღია და მისი ცოცხლად ნახვის იმედი დიდხანს ჰქონდა.

1988 წელს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა მიხაკო წერეთლის პირადი მიმოწერა - „ბარათები მეუღლისადმი“.

1960 წლის 25 მაისს მიუნხენიდან გაგზავნილ წერილში იგი დიდი მწუხარებით ამცნობს მარიამ ვახვახიშვილს მათი შვილის ომში დაღუპვის ამბავს: „1944 წელს ოთარი გაიწვიეს ჯარში, ცოტა ხნის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო და ჯვარი დაეწერა. მაგრამ მისი ნაწილები მოხვდნენ ბრძოლებში და პირველ მარტს, 1945 წელს, ეს ნაწილები სრულიად დაიღუპა. ჩვენი ერთადერთი იმედიც იქ. ჯვარდაუწერელმა მისმა ცოლმა შვა ქალი, რომელსაც შენი სახელი დავარქვით, მაგრამ ის დედის გვარზე ჩაწერეს და მეც წამერთვა ყოველი უფლება ჩემს შვილისშვილზედ, ასე, მარო წერეთელი ჯერ იყო ვინდი (დედის გვარით) და მერე გახდა რეგენფუს-ად (მამინაცვლის გვარით). ქართული მან არ იცის, მე კვირაში ერთხელ ვხედავ, ისე კი იცის, ვინ არის და სადაური...“.

ამ ტრაგიკული ფაქტის შესახებ მიხაკო წერეთელი სწერს თავის ძმისწულს ბაბო წერეთელსაც: „მიხედე ხოლმე ხანდახან ჩემს საცოდავ დედაბერს - ბიცოლაშენს მაროს. აღარავინ დარჩენია სხვა იმ უბედურს ამ ქვეყანაზედ. მგონი, კაცის მკვლელობა ჩავიდინე, რომ შევატყობინე მისი უბედურება. რა უნდა მექნა? მეგონა მასაც უნდა დაეტირებინა მისი შვილი, როდემდე უნდა მეთქვა ტყუილი? შენი უბედური ბიძია მიხაკო“.

წერილები დაცულია მიხაკოს ძმისშვილის, აკადემიკოს გიორგი წერეთლის საოჯახო არქივში.

მიხაკო წერეთლის ცნობით ოთარ წერეთელი დაიღუპა ბრძოლაში ცეხენდორფსა და ნოიშტეტტინის შუა, პომერანიაში, რომელიც ახლა პოლონეთს ეკუთვნის. მისი საფლავი არ არსებობს.

წყარო:

1.საძიებელი და კომენტარები // ქართული ემიგრაცია / გრ. რობაქიძის სახელობის უნ-ტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნ.-კვლევითი ინსტიტუტი, გიორგი მაჩაბლის ფონდი.-თბილისი, 2015.-N3 (6).-გვ.142

2. https://gfsis.org.ge/files/my-world/6/tsereteli.pdf

3. წერეთელი, მიხაკო. ბარათები მეუღლისადმი // მნათობი. - თბილისი, 1988. - N5. - გვ.151-158
4. ვახვახიშვილი-წერეთელი მარიამ. ილუსტრირებული საოჯახო ქრონიკები... / მარიამ ვახვახიშვილი-წერეთელი ; პუბლიკაციის ავტ. კოტე მირიანაშვილი  // კულტურა plus = Culture პლუს : საგანმანათლებლოსაზოგადოებრივი ჟურნალი / საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. თბილისი, 2017. N 1(7). გვ. 26–39. 


გააზიარე: